1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “რუსეთ-უკრაინის ომში ამერიკა იმარჯვებს” – Focus
“რუსეთ-უკრაინის ომში ამერიკა იმარჯვებს” – Focus

“რუსეთ-უკრაინის ომში ამერიკა იმარჯვებს” – Focus

357
0

გერმანულმა ჟურნალმა „ფოკუსმა“ (Focus) გამოაქვეყნა სტატია „რუსეთ-უკრაინის ომში ამერიკა იმარჯვებს“ (ავტორი – გაბორ შტეინგარტი), რომელშიც გაანალიზებულია აშშ-ის როლი რუსეთ-უკრაინის ომში, გერმანიის მდგომარეობა და სიტუაციის ევროპული პერსპექტივა.

 

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

 

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას მხარს ისე მტკიცედ უჭერს, რომ მას მსოფლიოს ვერცერთი სახელმწიფო ვერ შეედრება. რასაკვირველია, ეს დახმარება უანგარო არ არის. ჯო ბაიდენი მუქთად არავის არაფერს აძლევს. აშშ-ის პრეზიდენტი, როცა იგი უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევს, ფსონს დებს პრინციპით „იარაღის მიწოდება კრედიტში“.

 

ამერიკისაგან განსხვავებით, გერმანია მსოფლიოს ბედს არ წყვეტს, გერმანელებს მხოლოდ შეუძლიათ იმის იმედი ჰქონდეთ, რომ მათი სახლის ზღურბლთან ახლოს მიმდინარე ომი მალე დასრულდება.

 

ყოველი წარუმატებლობა – ეს საორგანიზაციო წარუმატებლობასაც მოიცავს. გერმანიის თავდაცვის ახალი მინისტრმა ბორის პისტორიუსმა სასწრაფოდ უნდა გამოასწოროს თავისი წინამორბედის მიერ დაშვებული შეცდომა და აღადგინოს ტრადიციულად არსებული სტრუქტურა – დაგეგმვის შტაბი, რომელიც თავდაცვის უწყების ანალიტიკურ ცენტრს, მის ტვინს წარმოადგენდა. 2012 წელს, როცა ეს სტრუქტურა გაურკვეველი მიზეზების გამო გაუქმდა, მისი გაუქმება ტვინის ამპუტაციის ტოლფასი იყო.

 

დაგეგმვის შტაბი, როცა ის აღდგება, დაუყოვნებლივ უნდა შეუდგეს ნატოს წევრი სახელმწიფოების მიერ უკრაინის კონფლიქტში შეტანილი წვლილის ანალიზს, რათა დასკვნები სამომავლოდ გერმანიამ გაითვალისწინოს. პირველ რიგში, ეს ეხება ამერიკის შეერთებულ შტატების მოქმედების ანალიზს. იმიტომ, რომ ის, რასაც ამერიკა აკეთებს უკრაინის მიმართ, გერმანიაზე მტკივნეულად ისახება.

ბენეფიციარი № 1: აშშ-ის სამხედრო მრეწველობა

 

ომის დაწყებიდან ამერიკამ უკრაინას დაახლოებით 50 მილიარდი დოლარის სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება გაუწია, ანუ იმაზე მეტი, ვიდრე სხვა ქვეყნებმა, ერთად აღებულმა. მაგრამ იმავწუთს გვახსენდება აშშ-ის ერთ-ერთი ყოფილი პრეზიდენტის კელვინ კულიჯის გამონათქვამი, რომელსაც თავისი აქტუალობა დღესაც არ დაუკარგავს: ბოლოს და ბოლოს, ამერიკელი ხალხის მთავარ საქმიანობას ბიზნესი წარმოადგენს“.

 

2022 წლის მაისში აშშ-ის სენატმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, ამერიკის მთავრობას შესაძლებლობა აქვს უკრაინას იარაღი სწრაფად და ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე, „განვადებით“ მიაწოდოს, უფასოდ კი არა, არამედ მისი ღირებულების გადახდით. ესე იგი, ეს ნიშნავს, რომ უკრაინამ, კანონის მიღების შემდეგ მიწოდებული იარაღში ფასი უნდა გადაიხადოს, დაახლოებით 23 მილიარდი დოლარი. აშშ-ის სამხედრო მრეწველობა ბიუჯეტიდან ფულს სწრაფად მიიღებს, ამერიკა კი ამ ფულს უკრაინიდან ამოიღებს.

 

რატომ? იმიტომ, რომ კანონში წერია – უკრაინისათვის აშშ-ის მიერ ყოველი სახის მიწოდებული იარაღი ან ისევ ამერიკას უნდა დაუბრუნდეს, ანდა ფასი უნდა გადახდილი და მისი ღირებულება ანაზღაურებული.

 

მოკლედ რომ ვთქვათ, უკრაინას ამერიკა კრედიტში აიარაღებს – ისე როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს ხდებოდა, „ლენდ-ლიზის“ კანონით.

 

დიახ, პრინციპი „შეიარაღება კრედიტში“ მეორე მსოფლიო ომის დროს იქნა გამოგონებული, როცა უინსტონ ჩერჩილი მიხვდა, რომ დიდი ბრიტანეთი აშშ-ის დახმარების გარეშე გერმანიისაგან თავს ვერ დაიცავდა. ჰოდა, ვაშინგტონმა ახლა მაშინდელი იარაღით ვაჭრობა გაიხსენა, ვექსელებით რომ წარმოებდა.

 

შემთხვევითია თუ არა, არავინ იცის, მაგრამ ფაქტია: აშშ მატერიალურად არის დაინტერესებული, რომ უკრაინის მთავრობა გადახდისუნარიანი იყოს, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, კიევს მიწოდებული იარაღის ფასის გადასახდელად ფული უნდა ჰქონდეს. როგორც 2022 წლის სექტემბრის ბოლოს გაზეთი „ფაინენშელ თაიმსი“ (Financial Times) წერდა, ამერიკა ევროკავშირის ქვეყნებისაგან დაბეჯითებით ითხოვდა, რომ უკრაინისთვის დაპირებული ფული მიეცათ. ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, ფიქრობდა თუ არა საკუთარ მოგებაზე ამერიკა, როცა სხვებს უკრაინისათვის ფულის მიცემას აძალებდა, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ იარაღით ვაჭრობაში  ვალების ჩამოწერას ამერიკა არცერთი ქვეყნის მიმართ არ ახდენს. გავიხსენოთ, რომ დიდი ბრიტანეთი „ლენდ-ლიზით“ მიწოდებული იარაღისთვის ფულს 2006 წლამდე იხდიდა – მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 61 წლის განმავლობაში, ანუ ნელ-ნელა, „განვადებით“, მაგრამ უცილობლად.

 

ცხადია, მსგავსი პროგრამები და კანონები, უპირველეს ყოვლისა, მომგებიანია ამერიკული იარაღის კონცერნებისთვის – მით უმეტეს, რომ უკრაინისათვის მიწოდებული ტექნიკის სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფა ისევ ამერიკულ კომპანიებს აქვთ დავალებული.

 

ამერიკელებისთვისაა სასარგებლო ნატოსა და ევროკავშირის წევრი-ქვეყნების სამხედრო ბიუჯეტების ზრდაც. მაგალითად, როცა ოლაფ შოლცმა თავდაცვისათვის 100 მილიარდი ევრო გამოყო, ეს ნიშნავს, რომ გერმანიამ ამ ფულით ამერიკული იარაღიც უნდა შეიძინოს. ჟურნალ  “ფორინ პოლისის“ (Foreign Policy) ანალიზის მიხედვით ირკვევა, რომ ამერიკული შეიარაღების მიწოდების ტემპები ნატოელი მოკავშირეებისათვის 2021 წელთან შედარებით, 2022 წელს თითქმის გაორმაგდა – 15,5 მილიარდი დოლარიდან 28 მილიარდამდე. ასე გადაიქცევა ხოლმე ომი ბიზნესად.

 

ბენეფიციარი № 2: აშშ-ის ენერგეტიკული კონცერნები

 

რუსეთი დღეს ეკონომიკური სანქციებით – სავაჭრო შეზღუდვებით, სავალუტო აქტივების გაყინვით, „სვიფტიდან“ და ბარათებით გადახდის საერთაშორისო სისტემიდან ამორთვით, ნავთობის ემბარგოთი – იზოლირებულია. უკრაინის ომის გამო რუსეთ-გერმანიის ვაჭრობა თითქმის მთლიანად შეწყდა. სამაგიეროდ, ჩვენს დასახმარებლად ამერიკული ენერგეტკული კონეცერნები მოიჩქარიან, რომლებიც განუსაზღვრელი სიხარულის საფუძველი აქვთ და აი, რატომაც:

 

გერმანიაში ამერიკული თხევადი გაზის იმპორტი 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, 260%-ით გაიზარდა. ამერიკულმა „ტანკერულმა თხევადმა გაზმა“ რუსული მილსადენური გაზი („ჩრდილოეთის ნაკადები“) ჩაანაცვლა. შარშან ევროპასა და ამერიკას შორის 500 გაზით დატვირთული ტანკერი მოძრაობდა, რაც რეკორდული რაოდენობაა.

 

ბენეფიციარი № 3: აშშ-ის მთავრობა

 

რა თქმა უნდა, ეკონომიკის გარდა, ასეთ სიტუაციებში დიდ როლს ასრულებს პოლიტიკაც. აშშ-ის ადმინისტრაცია დაინტერესებულია იმითაც, რომ დიდი ხნის განმავლობაში დაასუსტოს თავისი სისტემური მეტოქე რუსეთი და, შესაბამისად, მოსკოვი ძლიერი სახელმწიფოების თამაშებიდან გააძევოს. დღეს ამერიკელებს ჰგონიათ, რომ ამის გაკეთება იოლად შეუძლიათ – ისე, რომ საკუთარ ქვეყანას და ჯარისკაცებს საფრთხეში არ ჩააგდებენ. ამიტომაც ვაშინგტონი არ არის დაინტერესებული იმით, რომ უკრაინამ სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს. სხვათა შორის, მშვიდობის დამყარებაზე ამერიკული ხედვა 18 იანვარს დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსულმა ჰენრი კისინჯერმა გამოხატა.

 

ჯო ბაიდენს მოსკოვში რეჟიმის შეცვლა სურს. მან ამის შესახებ მკაფიოდ განაცხადა, როცა ვარშავაში იყო. მისმა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კი ნათლად მიანიშნა, რაც უნდა ვაშინგტონს – რუსეთის რომ ბრძოლის უნარი არ ჰქონდეს.

 

ევროპა დაძაბულობისა და ომის კერად არის გადაქცეული და საშუალოვადიან პერსპექტივაში, ეს ამერიკისათვის ძალზე ხელსაყრელ სიტუაციას წარმოადგენს. სწორედ ევროპიდან მიედინება ფული ამერიკაში, სადაც ევროპელი ინვესტორები საიმედო ნავსაყუდელს პოვებენ.

 

გერმანიის ინტერესები

 

ევროპის ქვეყნები და მათ შორის გერმანია, ღიად თუ ფარულად, სტრატეგიული თვალსაზრისით, დაინტერესებულნი არიან კონფლიქტის სწრაფ დასრულებაში (თუნდაც გაყინვაში). მათ არ სურთ, რომ ფრონტის ხაზი დასავლეთევროპულ დედაქალაქებს მიუახლოვდეს. რაც უფრო მეტად გაფართოვდება ომი ევროპაში, მით უფრო უიმედო ხდება ეკონომიკური განვითარების პერსპექტივა…

 

დასკვნა:

 

ევროკავშირისათვის სავაჭრო პარტნიორმა რუსეთმა ადგილი ამერიკას დაუთმო. გარდა ამისა, შექმნილი სიტუაციის წყალობით, ამერიკელები საკუთარ მდგომარეობას იუმჯობესებენ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ სამომავლო მოლაპარაკებებშიც, მაგალითად, ჩინეთთან მიმართებით.

 

გერმანიის თავდაცვის სამინისტროში რომ დაგეგმვის შტაბი ყოფილიყო, ის თავის მორიგ მოხსენებაში „აქტუალური სიტუაციის შესახებ“ აუცილებლად მიუთითებდა პარადოქსულ ფაქტზე: რუსეთი უკრაინას ეომება, ომს კი ამერიკა იგებს.

 

წყარო