1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ბედი – ჭკუის სასწავლი ისტორია ვოლოდიმირ ზელენსკისათვის” – The New York Sun
“საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ბედი – ჭკუის სასწავლი ისტორია ვოლოდიმირ ზელენსკისათვის” – The New York Sun

“საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ბედი – ჭკუის სასწავლი ისტორია ვოლოდიმირ ზელენსკისათვის” – The New York Sun

1.12K
0

აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ სან“-ში (The New York Sun) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ბედი – ჭკუის სასწავლი ისტორია ვლადიმერ ზელენსკისათვის“ (ავტორი – ილა ლეიქი), რომელშიც მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის ფონზე, განხილულია როგორც მისი პოლიტიკური კარიერის – პრეზიდენტობის შედეგები და პატიმრობის პერიოდი, ასევე ვლადიმერ ზელენსკის სავარაუდო ბედი.

„თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზში საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის აპელაცია იხილება, რომელსაც ამჟამად თავისუფლების ექვსწლიანი აღკვეთა აქვს მისჯილი. სახელმწიფოს ყოფილი მეთაური, რომელიც გამოფიტულად გამოიყურება და ეტყობა, ფიზიკურ ტკივილებიც აწუხებს, სასამართლოს საზღვარგარეთ მკურნალობის ნებართვას სთხოვს“, – ასეთი შესავლით იწყება სტატია, რომლის ავტორი თბილისში იმყოფება და ექს-პრეზიდენტის ავადმყოფობის თაობაზე პარლამენტის დეპუტატს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ხატია დეკანოიძეს ესაუბრება.

„მიხეილ სააკაშვილის საკმაოდ დამამცირებელი ბედი იმას გვახსენებს, თუ რა შეიძლებოდა დამართვნოდა უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმერ ზელენსკის, მას რომ რუსეთთან ომი წაეგო, ანდა ამერიკას რომ უკრაინის მიმართ ინტერესი არ ჰქონოდა.

15 წლის წინათ მიხეილ სააკაშვილს დასავლეთის დემოკრატია ისევე ტაშს უკრავდა, როგორც დღეს ვლადიმერ ზელენსკის უკრავს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 2003 წელს „ვარდების რევოლუციას“ ხელმძღვანელობდა, როცა ათასობით მოქალაქე, ვარდებით ხელში, პარლამენტში შტურმით შეიჭრა და განმეორებითი არჩევნების ჩატარება მოითხოვა.

იმ დროს მოქალაქეებმა წინააღმდეგობა გაუწიეს ქვეყნის იმდროინდელ ლიდერს ედუარდ შევარდნაძეს – საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს – არჩევნების საპარლამენტო შედეგების გაყალბების გამო და აშშ-ის დიპლომატიურ ზეწოლასთან ერთად, იგი აიძულეს ახალი არჩევნები დაენიშნა და პრეზიდენტის პოსტიდან გადამდგარიყო. 2004 წელს მიხეილ სააკაშვილი გახდა საქართველოს პირველი არასაბჭოური ლიდერი მას შემდეგ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა აღიდგინა – 1991 წლიდან, საბჭოთა „ბოროტების იმპერიის“ დაშლის პერიოდიდან. იგი სწრაფად შეუდგა რეფორმების ლიბერალური გატარებას, კარი გაუღო ქვეყნის ეკონომიკაში უცხოურ ინვესტიციებს, დაუშვა თავისუფალი და ოპოზიციური მასმედია. 2005 წლის მაისში საქართველოს აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუშ-უმცროსი ეწვია, რომელმაც მაღალ დონეზე შეაფასა „ვარდების რევოლუცია“ – როგორც „მთელი მსოფლიოს ხალხების შთაგონების წყარო, რომლებსაც თავისუფალ საზოგადოებაში ცხოვრება სურთ“.

ჯორჯ ბუშ-უმცროსის პრეზიდენტობის დროს ამერიკამ ქართველი სამხედროების მომზადება დაიწყო და საქართველოში შესაბამისი ბაზა შექმნა. თავის მხრივ, საქართველომ ნებაყოფლობით გაგზავნა თავისი არმიის ქვედანაყოფები ერაყში და ავღანეთში მიმდინარე სამხედრო-სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის. იოსებ სტალინის სამშობლო ამერიკის მოკავშირე გახდა.

მაგრამ ყველა არ იყო კმაყოფილი. მოსკოვში კრემლმა მიხეილ სააკაშვილის მთავრობის წინააღმდეგ საიდუმლო ომი დაიწყო, საბოტაჟით და ტერორისტული ქმედებით, რის შედეგადაც აშშ-ის საელჩოს თბილისში გარკვეული საფრთხეც კი დაემუქრა.

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში დაძაბულობამ ჯორჯ ბუშ-უმცროსის პრეზიდენტობის ბოლო წელს მიაღწია – 2008 წელს, როცა რუსეთმა საქართველო, მისივე სეპარატისტული რეგიონების – აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გამო გაჩაღებულ ომში ჩაითრია. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც აღნიშნულ რეგიონებში პრორუსულად განწყობილი მარიონეტი პიროვნებების მიერ პროვოცირებული მზარდი შეტაკებების წინაშე დადგა, მათ პირველმა შეუტია, რითაც რუსეთის მხრიდან სრულმასშტაბიანი აგრესია გამოიწვია. მას შემდეგ რუსეთის ჯარს აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ ოკუპირებული აქვს.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიხეილ სააკაშვილი 2008 წელს თავის პირად მტრად შერაცხა და მას სიკვდილით დაემუქრა. იმ დროს კრემლმა მიზნის შესრულება ვერ მოახერხა, მაგრამ საბოლოოდ ეს გააკეთა ქართველმა მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც თავისი ქონება რუსეთში დააგროვა. მან შექმნა ახალი პოლიტიკური პარტია, რომელმაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის პარტია დაამარცხა.

ახალმა მთავრობამ, რომლის პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გახდა, დაიწყო ყოფილი მთავრობის წევრების წინააღმდეგ მიმართული უსაფუძვლო სამართლებრივი დევნა.

ედუარდ შევარდნაძისაგან განსხვავებით, მიხეილ სააკაშვილმა, არჩევნებში თავისი პარტიის დამარცხებიდან ცოტა ხნის შემდეგ ნებაყოფლობით დატოვა პოსტი, წავიდა უკრაინაში, სადაც მან მოქალაქეობა მიიღო და გარკვეული დროის განმავლობაში ოდესის ოლქის გუბერნატორად მუშაობდა. იმავდროულად მიხეილ სააკაშვილი საქართველოში საზოგადოების მაპოლარიზებელ ფიგურად იქცა. ბევრმა ყოფილმა მოკავშირემ, „ვარდების რევოლუციის“ დროინდელმა, მასთან და მის პარტიასთან კავშირები გაწყვიტა.

საქართველოს უშიშროების საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელი გიგა ბოკერია ჩემთან საუბარში ამბობს: „ჩვენი გზები მას შემდეგ გაიყარა, როცა ფუნდამენტურ პოლიტიკურ საკითხებზე ვეღარ ვთანხმდებოდით… მაგრამ ჩემთვის, ამ ქვეყნის მოქალაქისათვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის პოლიტპატიმრად ყოფნა კატასტროფაა, მით უმეტეს, როცა მას პატიმრობაში სიკვდილი ემუქრება“.

ასეთი პოზიცია მარტო გიგა ბოკერიას არ აქვს. უფრო ადრე უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოს მთავრობას მოუწოდა მიხეილ სააკაშვილს ნება დართოს საზღვარგარეთ გამგზავრებაზე მკურნალობის მიზნით. ანალოგიური მოწოდებით გამოვიდა ევროპის პარლამენტიც, რომელმაც რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებაა მოითხოვა.

თუმცა აშშ-ის მთავრობა ასე შორს არ წასულა: ჯერ ელჩმა და შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადეს, რომ საქართველოს მთავრობამ მიხეილ სააკაშვილს სამედიცინო და ფსიქოლოგიური მკურნალობის შესაძლებლობა უნდა მისცეს ისე, როგორც ეს დამოუკიდებელი მედექსპერტების დასკვნაშია ნათქვამი.

ხატია დეკანოიძე იმედგაცრუებულია ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის რეაქციით: „მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირადად უნდა თქვას რაღაც“, – აღნიშნა მან ჩემთან საუბარში“.

 

წყარო