გაერო-ს წევრი 50-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის საქართველო და ევროკავშირი უკრაინის მხარდამჭერ ერთობლივ განცხადებას შეუერთდნენ
გაერო-ს წევრი 50-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის საქართველო და ევროკავშირი უკრაინის მხარდამჭერ ერთობლივ განცხადებას შეუერთდნენ, რომელშიც რუსეთს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. დოკუმენტი 23 სექტემბერს, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის დაწყებამდე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
განცხადების ხელმომწერებმა უკრაინის მიმართ სოლიდარობა გამოხატეს და ღრმა შეშფოთება გამოთქვეს რუსეთის მიერ უკრაინის მასშტაბით მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მოქმედებების ესკალაციის გამო.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 2025 წლის მარტიდან უკრაინა სრულ, დაუყოვნებლივ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა.
„მოვუწოდებთ რუსეთს, ბოლოს და ბოლოს გააკეთოს იგივე, ეს აუცილებელი ნაბიჯია კონსტრუქციული დიპლომატიისა და მშვიდობისკენ მიმავალი მოლაპარაკებების გზაზე”, – ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, ხელმომწერებმა რუსეთს მოუწოდეს, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს უკრაინაში ყველა თვითნებურად დაკავებული, იძულებით გადაადგილებული ან დეპორტირებული უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქის, განსაკუთრებით ბავშვების, დაბრუნება. ასევე, ყველა სამხედრო ტყვის დაბრუნება.
„უკრაინა მშვიდობისკენ ისწრაფვის. ჩვენ მშვიდობისკენ ვისწრაფვით. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს აგრესია, დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას და კონსტრუქციულად ჩაერთოს ყოვლისმომცველი, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევ მოლაპარაკებებში, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად”, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ.
განცხადებას მხარი 50-მა ქვეყანამ და ევროკავშირმა დაუჭირა. ხელმომწერ ქვეყნებს შორის არ არის ამერიკის შეერთებული შტატები.
განცხადების მხარდამჭერი ქვეყნები არიან: უკრაინა, ალბანეთი, ანდორა, ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, კანადა, კოსტა-რიკა, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, ჰონდურასი, უნგრეთი, ისლანდია, ირლანდია, ისრაელი, იტალია, იაპონია, ლატვია, ლიხტენშტაინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, მონაკო, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, სამხრეთ კორეა, მოლდოვა, რუმინეთი, სან-მარინო, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია და გაერთიანებული სამეფო.