1. Home
  2. TOP სიახლე
  3. საქართველოში, შესაძლოა, ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის სისტემა ამოქმედდეს
საქართველოში, შესაძლოა, ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის სისტემა ამოქმედდეს

საქართველოში, შესაძლოა, ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის სისტემა ამოქმედდეს

0

 

საქართველოში, შესაძლოა, ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის სისტემა ამოქმედდეს. ამის შესახებ მთავრობა პარლამენტისთვის წარდგენილ გეგმაში საუბრობს, სადაც იმ კანონპროექტების ნუსხაა მოცემული, რომლის მომზადებასაც აპირებს.

აღმასრულებელი ხელისუფლება ცვლილებების მომზადების ორ მიზეზს ასახელებს – გაზრდილ ავტოსაგზაო შემთხვებებსა და ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს.

მთავრობა აღნიშნავს, რომ საქართველოში დინამიკურად მზარდი ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის ფონზე, შესამჩნევად იზრდება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები და ყოველწლიურად, გზებზე, ასობით ადამიანის გარდაცვალებისა და ათასობით ადამიანის სერიოზული დაშავების ფაქტი ფიქსირდება. მათი ცნობით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების მონაწილეები სოციალურად და ეკონომიკურად ყველაზე აქტიური მოქალაქეები არიან, მათგან ბევრი ახალგაზრდაა, ბევრი დაუცველი ბავშვი, მოხუცები.

„ხშირად; საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები სამუდამო ტრავმებით/დაზიანებებით, აქტიური მუშაობის შეწყვეტითა და მაღალი ხარჯებით სრულდება არა მარტო მსხვერპლისთვის, არამედ მათი ოჯახებისთვის, ზიანის მიმყენებელი პირისთვის, რომლისთვისაც მძიმე ტვირთია ასეთი ხარჯების გაწევა. ასევე, ფართო საზოგადოებისთვის, დამსაქმებლისა და ჯანდაცვის სისტემისთვის. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებით გამოწვეულ მაღალ ხარჯებთან გამკლავების პრობლემა სისტემურ გადაწყვეტას მოითხოვს, რაც ათწლეულების კვლევისა და მრავალი ქვეყნის გამოცდილების გათვალისწინებით, შესაძლებელია, ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის სისტემის დანერგვის გზით განხორციელდეს. ამ სისტემის ფარგლებში, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზარალებული პირი სათანადო კომპენსაციას კანონით განსაზღვრულ ფარგლებში იღებს მაშინაც კი, როდესაც საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამოწვეულია დაუზღვეველი ან დაუდგენელი ავტოსატრანსპორტო საშუალებით. სოციალური დაცვის ამ ქმედითი მექანიზმის შესაქმნელად თითოეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი ვალდებულია, სავალდებულო დაზღვევის პოლისი შეიძინოს და სადაზღვევო პრემია გადაიხადოს. დაზღვევის სავალდებულო ფორმით განხორციელება მიმართულია პენეტრაციის მაღალი ხარისხის მიღწევის და სადაზღვევო პრემიის ოდენობის ოპტიმალური მინიმიზაციისკენ, რაც მხოლოდ სრულად ათვისებული ბაზრის პირობებშია შესაძლებელი.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა წარმოადგენს ეკონომიკისა და სადაზღვევო სფეროს განვითარების ერთ-ერთ კომპონენტს და ხელს უწყობს საზოგადოებაში სოციალურ- ეკონომიკურ სტაბილურობას, უზრუნველყოფს ზიანის ანაზღაურების გარანტიების შექმნას. ცივილიზებულად აგვარებს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევით წარმოქმნილ დავებს და პრობლემებს. სავალდებულო დაზღვევის ამ სახეობის დანერგვა ხელს შეუწყობს სახელმწიფოში სადაზღვევო კულტურის, ამ მიმართულებით მოქალაქეთა ცნობიერების და სექტორისადმი ნდობის ამაღლებას, რომლის გარეშეც შეუძლებელია დაზღვევის, როგორც მოულოდნელ ფინანსურ დანახარჯებთან გამკლავების ალტერნატიულ ფუნქციონირება”, – ნათქვამია დოკუმენტში.