“უკრაინულმა დრონებმა რუსეთი აიძულეს საწვავის იმპორტი დაეწყო: მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის მომპოვებელი ქვეყანა ბენზინის იმპორტიორად გადაიქცა”-The Guardian
ბრიტანულ გაზეთ „გარდიანში“ (The Guardian) გამოქვეყნებულია სტატიაში სათაურით “უკრაინულმა დრონებმა რუსეთი აიძულეს საწვავის იმპორტი დაეწყო: მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის მომპოვებელი ქვეყანა ბენზინის იმპორტიორად გადაიქცა” (ავტორი – პიტერ ბომონტი, ანალიტიკოსი, საერთაშორისო მიმომხილველი).
პუბლიკაციაში გაანალიზებულია რუსეთში შექმნილი კრიზისული სიტუაცია, რომელიც საავტომობილო ბენზინის მწვავე დეფიციტით არის გამოწვეული.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
მხოლოდ ერთი ზაფხულის განმავლობაში რუსეთი, რომელიც ოდესღაც მსოფლიოში მეორე ადგილზე იყო ნედლი ნავთობის მოპოვებით, დღეს იძულებულია ბენზინის (და დიზელის) წყაროები ეძებოს, რომ როგორმე „ამოქოლოს“ უკრაინული დრონების დაბომბვებით გაჩენილი ხვრელები საწვავით უზრუნველყოფის საქმეში: შეიძლება ერთმნიშვნელოვნად ითქვას, რომ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი მრეწველობა უმწვავეს კრიზისშია.
ბოლო კვირეების განმავლობაში კრემლი გამალებით ცდილობს ენერგეტიკული კრიზისის მოგვარებას, რომელსაც უკვე ვერაფრით ვეღარ ნიღბავს – ყველგან, თვით მოსკოვშიც კი, ბენზინგასამართ სადგურებთან ავტომობილების უსასრულო რიგებია. ქვეყნის ევროპულ (და აზიურშიც) ნაწილში განლაგებული ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნებიდან თითქმის ყველა პარალიზებულია.
მიმდინარე კვირაში რუსეთმა პირველად იყიდა თურქეთისაგან ბენზინის დიდი პარტია, 200 ათასი ბარელის მოცულობით. ტანკერი მერსინის ნავსადგურიდან ბალტიისპირა პორტში – პრიმორსკში უნდა ჩავიდეს. ინდოეთიდან კი, ვადინარის ქარხნიდან, რუსეთისაკენ უკვე მეხუთე ტანკერი მიცურავს: კრემლმა მთლიანობაში ერთი მილიონი ბარელი ბენზინი შეისყიდა.
ახლახან რუსეთმა შეთანხმება გააფორმა ყაზახეთთან – კომპანია „კონდენსატთან“, რომლის ქარხნები ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მდებარეობენ. დოკუმენტის პირობის თანახმად, რუსეთი კომპანიას თავის ნავთობს მიაწვდის, რომლის 70% ბენზინის სახით დაუბრუნდება. რადგან ქარხანა რუსეთთან მილსადენით არ არის დაკავშირებული, ნავთობის მიწოდება და ბენზინის დაბრუნება რკინიგზით მოხდება.
ამ ზაფხულს რუსეთმა მნიშვნელოვნად გააფართოვა ბენზინის იმპორტი ბელარუსიდან – თავისი მოკავშირიდან უკრაინის წინააღმდეგ ომში. მიმდინარე წლის ივნის-ივლისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბელარუსიდან ბენზინის იმპორტი 141-ჯერ გაიზარდა.
თავდაპირველად კრემლის ჩინოვნიკები იმედოვნებდნენ, რომ რუსეთი როგორმე საკუთარი რესურსებით გადალახავდა საწვავის კრიზისს, იყო ამის ნიშნები, მაგრამ აგვისტოში სიტუაცია ისევ გამწვავდა – მთლიანად გაჩერდა ორსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა – ერთ-ერთი უდიდესი ქვეყანაში. ამჟამად რუსეთის სულ მცირე ექვს რეგიონში საწვავის გაცემა მკაცრად ლიმიტირებულია.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ნოვაკი აცხადებს, რომ ბოლო ხანებში სიტუაცია სტაბილიზდება, ფედერალური შტაბი ნაყოფიერად მუშაობსო, მდგომარეობას გაუმჯობესება მაინცდამაინც არ ეტყობა.
უკრაინის მიზანი ნათელია: მიიტანოს რუსეთის მოსახლეობამდე ის აზრი, რომ უკრაინის მოსახლეობის მსგავსად, ისინი იძულებულნი იქნებიან მწარე რეალობა გააცნობიერონ – ომის ფასს ისინიც გადახდიან.
საერთაშორისო სანქციური რეჟიმის პირობებში, რომელმაც უკვე მიაყენა დიდი ზიანი რუსეთის ეკონომიკას, ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნების გაჩერება არამარტო ძირს უთხრის ვლადიმერ პუტინის შემოსავლებს ომის გასაგრძელებლად, არამედ იწვევს საწვავის შიდა კრიზისსაც, რომელიც იმდენად მძიმეა, რომ მთავრობის მიერ რადიკალური ზომების მიღება (უცხოური ბენზინის იმპორტი პირველად!) სიტუაციას ვერ შველის.
აგვისტოში უკრაინამ 18 თავდასხმა განახორციელა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, რაც რეკორდულია თავისი რაოდენობით. დარგობრივ ანალიტიკოსთა მონაცემებით, ჯერ კიდევ მანამ, როცა უკრაინამ თავისი კამპანია გააფართოვა რუსული ქარხნების წინააღმდეგ, ბენზინის წარმოება 28%-ით იყო შემცირებული.
ივნისში ავსტრალიელმა გადამდგარმა გენერალმა მიკ რაიანმა განაცხადა, რომ უკრაინა არ გაჩერდება და თავის ძალისხმევას გააგრძელებს იმ მიზნით, რომ რუსეთის ნავთობმოპოვება და ნავთობგადამუშავება მნიშვნელოვნად შემცირდეს. „ვლადიმერ პუტინი არასოდეს საჯაროდ უკან არ დაუხევია თავისი მაქსიმალისტური ამბიციებისაგან, რომ უკრაინა დაიმორჩილოს. კიევის დარტყმები მიმართულია არა იქითკენ, რომ მან თავისი რიტორიკა შეცვალოს, არამედ იმისკენ, რომ მისი გათვლები ჩაიშალოს“, – აღნიშნა მან.
„ამჟამინდელი სტრატეგია, საბოლოო ჯამში, არის შეჯიბრი სხვადასხვა კონკურირებად გათვლებს შორის. უკრაინა ფსონს დებს იმაზე, რომ რუსეთის ეკონომიკა მუდმივი ზეწოლის ქვეშ იყოს. დადგება დრო, როცა კრემლი ბრძოლის ველზე თავის ჯარებს ვეღარ მოამარაგებს. შეიძლება ეს სწრაფად არ მოხდეს, მაგრამ ვლადიმერ პუტინი გააცნობიერებს, რომ დრო მის სასარგებლოდ არ მუშაობს“, – განაცხადა მიკ რაიანმა.