“მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო თანამდებობა, პოლიტიკაც”- მამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძემ რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა.
ამის შესახებ მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა.
„მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო თანამდებობა, პოლიტიკაც. ბევრი საუბარი რომ არ გავაგრძელო, ჩემთვის ეს ათი წელი, რომელიც პოლიტიკაში ვიყავი, იყო შრომის, სამშობლოს ერთგულების და მეგობრებთან ერთად, დიდი საქვეყნო საქმის კეთების ათი წელი. ერთი ბედნიერებაა „ქართული ოცნების” გუნდთან ერთად ამ სამსახურში ყოფნა. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების” თითოეულ ჯარისკაცს, თითოეულ წევრს, თითოეულ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილით დაწყებული, დამთავრებული რიგით ჯარისკაცამდე, როგორც ჩვენ ამ დიდ ოჯახში ვეძახით ხოლმე. თითოეულ მათგანს, ყველას უკლებლივ თავისი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს დამოუკიდებლობის იმ დონეზე მიყვანის საქმეში, რა დონეზეც ჩვენ დღეს ამაყად შეგვიძლია, ვთქვათ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ არაერთხელ ნათქვამ სიტყვებს – არასდროს საქართველოში არ იყო ისეთი სიტუაცია, რომ გადაწყვეტილებები მიიღებოდა აქ, ქართველების, ქართველი ხალხის, ჩვენი სამშობლოს შესახებ და დღეს ეს სიტუაცია ნამდვილად გვაქვს. ამიტომ მე მადლიერი ვარ ყველა ამ გადაწვეტილების, რითაც ამ საერთო, დიდი საქვეყნო მიზნისკენ მივდიოდით”, – აღნიშნა მდინარაძემ.