19 აგვისტოს უფლის ფერისცვალების დღესასწაულია – რატომ აკურთხებენ ფერისცვალების დღესასწაულზე ტაძრებში ხილს?
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს.
ფერისცვალების დღესასწაული 12 უდიდეს დღესასწაულთა რიცხვში შედის. რელიგიური ლიტერატურის თანახმად, მისი განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ თაბორის მთაზე იესო ქრისტემ თავისი სამი მოწაფის – პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა.
სახარების მიხედვით, ამ დროს მაცხოვართან ზეციური დიდებით მოსილი მოსე და ილია წინასწარმეტყველი იმ ვნებისა და ტანჯვის შესახებ საუბრობდნენ, რაც მას იერუსალიმში ელოდა. მოციქულებს შემდეგ თავს ელვარე ღრუბელი დაადგა, საიდანაც ღვთის ხმა ამბობდა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ” (მათე XVII, 5). ხილვით შეშინებული მოწაფეები პირქვე დაემხნენ, როდესაც აიხედეს მათ წინაშე მხოლოდ იესო იდგა. მან გააფრთხილა მომავალი მოციქულები, რომ ეს ამბავი არავისთვის ეთქვათ, ვიდრე იგი მკვდრეთით არ აღდგებოდა.
ფერიცვალების დღესასწაულზე ტაძრებში ხილი იკურთხება.
ხილის შეწირვის ტრადიცია სათავეს ძველი აღთქმიდან იღებს, როცა კაენმა და აბელმა უფალს ხილი შესწირეს. უფალმა ადამიანებს სამოქმედოდ და საშრომლად მიწა მისცა, ამიტომ პირველი ადამიანები, რასაც ამ მიწიდან შრომის შედეგად ნაყოფის სახით იღებდნენ, მის გარკვეულ ნაწილს სამადლობელის მიზნით უფალს სწირავდნენ.სამწუხაროდ, უამრავ ტრადიციას აზრი დაეკარგა, რადგან ბევრმა არ იცის მისი მნიშვნელობა. მაგრამ ეს კეთილი ტრადიცია ჩვენში დღემდე შემორჩა. მართალია, შეიძლება ჩვენი შრომით არ მოგვყავდეს ესა თუ ის ხილი, მაგრამ მისი შეძენა ხომ იგივე ჩვენი შრომის, შემოსავლის საფუძველზე ხდება.მოსავლის გარკვეული ნაწილი ეკლესიაში უძველესი დროიდან იწირებოდა. ეს იქნებოდა ხორბალი, რომელსაც სეფისკვერის გამოსაცხობად იყენებდნენ, ყურძენი, საბარძიმე ღვინის დასაყენებლად, ზეთი, კანდელისათვის თუ ცვილი, რომლისგანაც სანთელს ამზადებდნენ. ეს იყო სამადლობელი ღვთისა და შესაწირი ეკლესიისადი.ფერისცვალების დღესასწაულზე მრევლს ტაძარში მოაქვს ხილი, რომელიც იკურთხება და მას სწირავენ ეკელსიას, ან ისევ სახლში მიაქვთ.ხშირია კითხვა, შეიძლება თუ არა ახალი ხილის ჭამა ფერისცვალების დღესასწაულამდე. ეს აუცილებელიც არის. თუ ვინმეს სურს არავითარი ხილი არ მიიღოს ფერისცვალებამდე, ეს თავის დატანჯვა იქნება. თუ ასეთი სურვილი მაინც გვექნება, კურთხევა მოძღვრისგან უნდა ავიღოთ. საზოგადოდ იმის თქმა, რომ ხილის კურთხევამდე, არც ერთი ხილის ნაყოფის მიღება არ შეიძლება, ეს დიდი უგუნურებაა. უარს ვამბობთ იმაზე, რაც ღმერთმა მოგვცა. დღეს ხილის კურთხევისას წარმოვთქვით ლოცვა, რომ უფალმა შეიწიროს ეს ნაყოფი, მიიღოს ძღვენი და მოგვეცეს მადლი.ჩვენ ვმადლობთ უფალს იმისათვის, რაც მოგვეცა, რაც გვაქვს და რაც მოგვეცემა.”ფერისცვალების დღესასწაული თევზით ხსნილია