1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ტრამპი და FAFO-ს დოქტრინის კრახი”-Financial Times
“ტრამპი და FAFO-ს დოქტრინის კრახი”-Financial Times

“ტრამპი და FAFO-ს დოქტრინის კრახი”-Financial Times

0

ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) 11 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: “ტრამპი და FAFO-ს დოქტრინის კრახი” (ავტორი – გიდეონ რიჩმანი, პოლიტიკური მიმომხილველი), რომელშიც განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ დაშვებული შეცდომები. „აშშ-ის პრეზიდენტის მიერ მიღებული მცდარი გადაწყვეტილებების შედეგები, როგორც იქნა, უკვე გამოჩნდა“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

დონალდ ტრამპს ძალიან უყვარს ოთხასოიანი აბრევიატურები. მათგან ყველაზე გახმაურებულია MAGA – მისი ლოზუნგიდან „დავუბრუნოთ ამერიკას ძველი დიდება“. გარდა ამისა, პრეზიდენტს და მის გუნდს ასევე მოსწონთ აბრევიატურა FAFO. ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს დატყვევების შემდეგ თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა დონალდ ტრამპის ფოტოსურათი მკაცრსახიანი ფოტოსურათი წარწერით FAFO. მისი ისტორია ასეთია: გასული წლის სექტემბერში თავდაცვის მინისტრმა პიტ ხეგსეთმა აშშ-ის უმაღლესი სამხედრო სარდლობა შეკრიბა და განაცხადა: „თუ ჩვენი მტრები, თავიანთი სულელური ქცევით ბრძოლაში გამოგვიწვევენ, ისინი განადგურებულნი იქნებიან თავდაცვის სამინისტროს ძალით, სიზუსტით და დაუნდობლობით… ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩვენგან „ფაფო“-ს მიიღებთ [FAFO – უცენზურო გამონათქვამის აბრევიატურა – Fuck around and find out – „[…] მოდით და ყოფას გიტირებთ“]. და თუ ინგლისური არ იცით, ჩვენი სამხედროები გადაგითარგმნიან“.

პიტ ხეგსეთის გამოსვლიდან ორიოდე თვის შემდეგ მსოფლიო ამ დოქტრინის იდეალური განხორციელების მოწმე გახდა. დაიღალა რა ირანთან უშედეგო დიპლომატიით, დონალდ ტრამპმა მოთმინება დაკარგა, რაც 22 თებერვალს ირანზე აშშ-ისრაელის ერთობლივ თავდასხმაში გამოვლინდა. ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერი, მისი მრჩეველ-თანაშემწეები, ოჯახის წევრები ზუსტი დაბომბვის შედეგად დაიხოცნენ და დასახიჩრდნენ.

მაგრამ გავიდა რამდენიმე კვირა ლოზუნგი „ფაფო“ უკვე ექოდ დაუბრუნდა თვითონ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას: პრეზიდენტის მრავალგზისი განცხადებების მიუხედავად, რომ ამერიკა ირანს „სწრაფად გაანადგურებდა“, „ქვის ხანაში დააბრუნებდა“ და ასე შემდეგ, რეალობა ისეთია, რომ ომი ისე არ განვითარდა, როგორც ვაშინგტონი ელოდებოდა და იქადნებოდა. ირანი ძველებურად აკონტროლებს ჰორმუზის სრუტეს და განზრახული აქვს გემებს იქ გაცურვის გამო ბაჟი გადაახდევინოს. თეირანი სულ უფრო ხშირად აყენებს გაბედულ და მკაცრ მოთხოვნებს, ომით მიღებული ზარალის ანაზღაურებისა და აშშ-ის ჯარების გაყვანის ჩათვლით ახლომახლო ტერიტორიებიდან (ანუ სპარსეთის ყურის სახელმწიფოებიდან). „რევოლუციის გუშაგები“ დარწმუნებულნი არიან, რომ საბოლოოდ აშშ უკან დაიხევს და დათმობებზე დათანხმდება, ოღონდაც კი როგორმე ტრამპის მიერ გაჩაღებული ომიდან როგორმე გამოვიდეს.

ესოდენ არასასიამოვნო მოვლენების მწკრივი პირდაპირი შედეგია იმ დილეტანტობისა და ქედმაღლობისა, რომლებმაც დონალდ ტრამპს ომის დაწყების გადაწყვეტილების მიღებისაკენ უბიძგეს. აშშ-ის პრეზიდენტმა დაუჯერა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, რომელიც არწმუნებდა, რომ ირანში რეჟიმის შეცვლა მისაღწევიაო. არადა, პრეზიდენტს საკუთარი შტაბი უმტკიცებდა, რომ ირანს ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა შეუძლია, რაც ძალიან ცუდ შედეგებს გამოიწვევდა. დონალდ ტრამპმა ხელი აიქნია და ბენიამინ ნეთანიაჰუს ენდო. აშშ-ის ლიდერმა საჭიროდ არ ჩათვალა სპარსეთის ყურელ და ევროპელ მოკავშირეებსაც მოთათბირებოდა.
და მივიდა იქ, სადაც დღეს დგას. მართლაც ნამდვილად განმეორდა, ოღონდ პირიქით: „[…] მოდით და ყოფას გიტირებთ“.

ერთადერთი სიურპრიზი ის არის, რომ საკმაოდ დიდი დრო დაჭირდა დონალდ ტრამპის მიერ გასროლილ ბუმერანგს, რომ პატრონს უკან დაბრუნებოდა. პრეზიდენტი უხეშად პასუხობდა იმ კრიტიკოსებს, რომლებიც აფრთხილებდნენ, რომ ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც შურისძიებით, ქედმაღლობით და კაპრიზებით არის გამოწვეული – ქვეყანას კატასტროფისაკენ წაიყვანს. მისი გარემოცვა ამ ყველაფერს „ტრამპოფობიით“ ხსნიდა – „პრეზიდენტი სძულთ და ასე იმიტომ ლაპარაკობენო“. ჰოდა, სამაგიეროც მიეზღო.

როგორც არ უნდა გადაწყდეს მიმდინარე კრიზისი, მას აუცილებლად ექნება გრძელვადიანი ნეგატიური შედეგები აშშ-ის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოებისათვის. წინამორბედი ადმინისტრაციები გულმოდგინედ უფრთხილდებოდნენ აშშ-ის „ავტორიტეტს – მათ სჯეროდათ, რომ როცა პრეზიდენტი სიტყვას ამბობს, მისი ნათქვამის მიმართ მსოფლიოს სერიოზული დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს. დონალდ ტრამპი კი აშშ-სადმი ნდობას ყოველდღიურად ძირს უთხრის: იგი გაფუჭებული ფირფიტასავით ერთი და იგივეს იმეორებს: ჯერ „დაგანგრევთ“, „მოგსპობთ“, „ქვის საუკუნეში დაგაბრუნებთ“, შემდეგ კი აცხადებს, რომ „მშვიდობა ახლოსაა“, თეირანი გვევედრება“, „გარიგება მალე დაიდება“.

აშშ-ის ავტორიტეტი ზიანდება არამარტო პრეზიდენტის ცვალებადი რიტორიკისგან. არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ პენტაგონს საკვანძო იარაღის რეზერვები ძალიან შეუმცირდა – ფრთოსანი რაკეტებისა და „პეტრიოტის“ რაკეტა-„დამჭერების“ (ანტირაკეტების) ჩათვლით. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ტრამპის ადმინისტრაცია გადაწყვეტს ტრამპის მუქარები პრაქტიკულად განახორციელოს („ქვის ხანაში დაგაბრუნებთ!“) ირანის წინააღმდეგ ინტენსიური საომარი ოპერაციების დაწყება იოლი არ იქნება. მყიფე ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის პირობებში, როცა ირანული რაკეტები და დრონები მოხერხებულად სარგებლობენ „საჰაერო ხვრელებით“, ამერიკას თავისი რეგიონული არაბი მოკავშირეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა არ ძალუძს. სპარსეთის ყურის ქვეყნები უკვე სერიოზულად ფიქრობენ, თუ როგორ განამტკიცონ თავიანთი უსაფრთხოება სამომავლოდ. ამ დღეებში საუდის არაბეთმა თურქეთმა და პაკისტანმა მექაში მოლაპარაკების დროს ახალი თავდაცვითი პაქტი დადეს.
დონალდ ტრამპის აბსურდული განცხადებები და გადაწყვეტილებები ცუდ გავლენას ახდენს არამარტო აშშ-ის უსაფრთხოებაზე, არამედ ეკონომიკაზეც. ზოგიერთი აზიელი ფინანსისტი აცხადებს, რომ რაც დრო გადის, აშშ-ის სულ უფრო ემსგავსება განვითარებადი ქვეყნის ეკონომიკას, რასაც განაპირობებს შემდეგი ნიშნები: კურსის უეცარი და დაუფიქრებელი ცვლილებები, უცხოელი ინვესტორების დაჩაგვრის რისკები და პრეზიდენტის ოჯახის წევრებისა და მეგობრების აქტიური მონაწილეობა ბიზნესში.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია თავიდან იცილებს კრიტიკას იმით, რომ თეთრ სახლში მისი დაბრუნების დროიდან წელიწადნახევარი გავიდა და უცხოელი ინვესტორები აშშ-ის ეკონომიკაში კაპიტალს ისევ აბანდებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმე კარგად მიდისო. დიახ, აშშ-ის ფინანსური ბაზრების სიღრმე უპრეცედენტოა, ამერიკული ეკონომიკა ბევრად სწრაფად იზრდება, ვიდრე ევროზონისა…

მაგრამ თვალი არავინ არ უნდა დახუჭოს საგანგაშო სიგნალებზე: მართალია, დოლარი კვლავ რჩება ძირითად მსოფლიო სარეზერვო ვალუტად, მაგრამ აშშ-ის ბიუჯეტის დეფიციტი უკვე მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 6%-ს უტოლდება და არ მცირდება. ფედერალური შიდა ვალის ყოველწლიური მომსახურების მოცულობა უკვე პენტაგონის ბიუჯეტს აღემატება და სწრაფად მატულობს.

სამწუხაროდ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ჯერაც არ აქვს შემუშავებული სერიოზული გეგმა სიტუაციის გამოსწორებისათვის.

რაღაც მომენტში ამერიკა „დაისჯება“ და თეთრი სახლი ეკონომიკაში [დაშვებული შეცდომების ფასს] უეჭველად გადაიხდის. ვალი და დეფიციტი – ეს ის სფეროებია, სადაც FAFO-ს ლოზუნგი ამერიკას უკან უბრუნდება.

წყარო: