“როგორ მოახერხა რუსეთმა სირიაში სამხედრო ყოფნის შენარჩუნება და რატომ არ წყვეტს დამასკო მოსკოვთან ურთიერთობას?”-Neue Zürcher Zeitung
„რუსეთი მრავალი წლის განმავლობაში იყო სირიის აწ უკვე დამხობილი მმართველის ბაშარ ალ-ასადის მთავარი მოკავშირე. მაგრამ, ამის მიუხედავად, ქვეყნის ახალმა მთავრობამ მოსკოვთან თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა. შესაძლოა ეს ბევრისთვის მოულოდნელი იყოს, მაგრამ ამგვარ ფაქტს თავისი მიზეზები და საფუძველი აქვს“, – ნათქვამია შვეიცარიის გერმანულენოვან გაზეთ „ნოიე ციუჰერ ცაიტუნგში“ (Neue Zürcher Zeitung) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით: „როგორ მოახერხა რუსეთმა სირიაში სამხედრო ყოფნის შენარჩუნება და რატომ არ წყვეტს დამასკო მოსკოვთან ურთიერთობას?“ (ავტორი – რევერტ ჰოფერი, პოლიტიკური მიმომხილველი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
რუსეთმა და სირიამ მოილაპარაკეს, რომ ამჟამად ლატაკიის პროვინციაში (აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში) მდებარე რუსეთის სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ბაზები (ხმეიმიმში და ტარტუსში) სამთვიან ვადაში ერთობლივ სამხედრო-სასწავლო ცენტრებად გარდაიქმნებიან, მაგრამ სირიის კონტროლით.
დიახ, შეთანხმება მართლაც მოულოდნელად მოჩანს იმ ფონზე, რომ რუსეთი დღემდე პოლიტიკურ თავშეფარს აძლევს სირიელებისათვის საძულველ დიქტატორს ბაშარ ალ-ასადს და მის ოჯახს. მაგრამ ქვეყნის პრეზიდენტს აჰმედ აშ-შარაას, თანამემაულეთა უკმაყოფილების მიუხედავად, ჯეროვანი მიზეზები აქვს ვლადიმერ პუტინთან დაახლოებისთვის.
რა გავლენებს ინარჩუნებს კრემლი
სირიული წყაროების მონაცემებით, რუსული სამხედრო ობიექტების ანუ აწ უკვე ერთობლივი სამხედრო-სასწავლო ცენტრების, ანუ ხმეიმიმ-ტარტუსის სამხედრო ბაზების სამოქალაქო ინფრასტრუქტურა სირიის სახელმწიფოს კონტროლქვეშ იქნება. ბაშარ ასადის მმართველობის დროს მოსკოვსა და დამასკოს შორის დადებული ხელშეკრულებით, ხმეიმიმის ავიაბაზა რუსეთს უვადო სარგებლობით ჰქონდა გადაცემული, ტარტუსის საზღვაო ბაზა კი 49 წლის ვადით.
მოსკოვური წყაროების თანახმად, რუსეთის სამხედრო-კოსმოსურ ძალებს ძველებურად შეუძლიათ ხმეიმიმის აეროდრომით სარგებლობა, რომელიც აფრიკაში რუსეთის მიერ განხორციელებულიმ ოპერაციებისათვის ლოჯისტიკურ კვანძად ითვლება. წყაროები ასევე მიუთითებენ იმასაც, რომ სამხედრო მოსამსახურეების მომზადების სფეროში კრემლი კვლავ ინარჩუნებს გავლენას სირიის არმიაზე. „მოსკოვმა მზადყოფნა განაცხადა უარი თქვას გარკვეულ პრივილეგიებზე, რაც მისთვის მომგებიანია: უარის ფასად კრემლს სირიაში დაშვება აქვს“.
ფაქტია, რომ რუსეთის მხარდაჭერის გარეშე სირიის ყოფილი პრეზიდენტი ხელისუფლებას, თითქმის 15-წლიანი სამოქალაქო ომის პირობებში, ვერ შეინარჩუნებდა.
მოსკოვსა და დამასკოს შორის კვლავ რჩება ხელისშემშლელი პრობლემა – ბაშარ ასადისათვის პოლიტიკური თავშესაფრის მიცემა და უარი მის ექსტრადირებაზე. ეს საკითხი, ალბათ, სამომავლოდაც პრობლემატური დარჩება. შემთხვევითია არაა, რომ სამშაბათს, 11 აგვისტოს, ანუ შეთანხმების გაფორმებიდან სულ რაღაც რამდენიმე დღის შემდეგ, დამასკოს სასამართლომ ბაშარს ასადს დაუსწრებლად სიკვდილი მიუსაჯა და მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. შეიძლება ითქვას, რომ სირიის მოთხოვნა ექსტრადირებაზე უფრო კატეგორიული და პრინციპული გახდება.
ბაშარ ასადის ექსტრადირება აჰმად აშ-შარაამ მოსკოვში, თავისი პირველი ვიზიტის დროს, 2025 წლის ოქტომბერშიც მოითხოვა, მაგრამ იქვე განაცხადა, რომ რომ რუსეთთან ახალი ურთიერთობების აწყობას აპირებს. მალე ცხადი გახდა, რომ ქვეყნის ახალი მმართველი უპირველესად პოლიტიკური პრაგმატიზმით ხელმძღვანელობს – მან კარგად იცის, თუ რამდენად არის სირია რუსეთზე დამოკიდებული.
ჰესებიდან და ნავთობიდან დაწყებული…
ცივი ომის დროიდან მოყოლებული, სირიას, ჰაფეზ ასადის (ბაშარ ასადის მამის) მმართველობის დროიდან, საბჭოთა კავშირთან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა. ქვეყნის სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ობიექტები სწორედ მოსკოვის დახმარებით აშენდა და, შესაბამისად, მათი ექსპლოატაცია რუსეთთან არის დაკავშირებული. ამიტომაც დამასკოსათვის უკიდურესად ძნელია რუსეთთან კავშირების გაწყვეტა. მაგალითად, მდინარე ევფრატზე სამი უდიდესი კაშხალი რუსი ინჟინრების მონაწილეობით აიგო. კაშხლები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ სირიის ცხოვრებაში. ამჟამად მათ სასწრაფოდ ჭირდებათ ტექნიკური მომსახურება. ჰესების მიერ ელექტრონერგიის გამომუსავება სწრაფად მცირდება, სირიას კი ელექტროენერგია სულ უფრო მეტი რაოდენობით ჭირდება. ელექტროგადამცემი ხაზებიც რუსეთის დახმარებით აიგო და მათ რემონტი ესაჭიროებათ. სირია მწვავედ განიცდის სათადარიგო ნაწილების დეფიციტს, აუცილებელია ეკონომიკური ოპბიექტების მოდერნიზება, რაც რუსი სპეციალისტების გარეშე შეუძლებელია.
გარდა ამისა, სირია დამოკიდებულია რუსული იაფი ნავთობის იმპორტზე. ბაშარ ასადის დამხობის შემდეგ სირიას ირანმა ნავთობით მომარაგება შეუწყვიტა. ამჟამად დამასკო ყოველდღიურად (!) რუსულ ნავთობს 60 ათასი ბარელის მოცულობით იყენებს, რაც მისი მოხმარების 50%-ზე მეტია.
… და შეიარაღებით დამთავრებული
სირია უახლოეს წლებში ასევე დამოკიდებული დარჩება რუსეთზე სამხედრო თვალსაზრისითაც. 2007-2011 წლებში დამასკომ მოსკოვისაგან თავისი შეიარაღების 70% იყიდა. „არმიას, რომელიც ახალმა ხელისუფლებამ მემკვიდრეობად მიიღო, არსებობა შეუძლია მხოლოდ რუსული სათადარიგო ნაწილებით და რუსული ტექნიკური მომსახურებით“, – ამბობს სირიელი ექსპერტი ნანარ ჰავაჩი.
ამიტომაც ყოფილ სამხედრო ბაზებზე რუსულ-სირიული სასწავლო ცენტრების შექმნა დამასკოს ინტერესებსაც პასუხობს. სხვა ქვეყნების მიერ წარმოებულ შეირაღებაზე გადაცვლას წლები და მილიარდობით ფული დაჭირდებოდა, უკიდურესად ღარიბ სირიას კი ამდენი თანხა არ აქვს.
მაგრამ, ნანარ ჰავაჩის თქმით, რუსეთზე დამოკიდებულება, ცხადია, მუდმივი არ იქნება. გააჩნია, თუ რამდენად სწრაფად შეძლებენ თურქეთი და სხვა პარტნიორები სირიის არმიის გადაიარაღებას და სამხედრო მოსამსახურეების გადამზადებას.
როცა ორივე მხარე კმაყოფილია…
ერთი მხრივ, ბაშარ ასადის მიმართ სასიკვდილო განაჩენის გამოტანა და მისი ექსტრადირების აწ უკვე გამკაცრებული მოთხოვნა სირიას საშუალებას მისცემს მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობების ფარგლები შემოსაზღვროს, მეორე მხრივ კი, რუსეთის გავლენის შემცირება შესაძლოა აჰმად აშ-შაარისათვის მომგებიანიც კი არის.
სირიის პრეზიდენტი ბოლო დროს დასავლეთს შესამჩნევად დაუახლოვდა, მაგრამ იმავდროულად აჰმად აშ-შარაა ცდილობს რუსეთთან კავშირების სახით ერთგვარი საპირწონეც შეინარჩუნოს, რათა მხოლოდ ერთ პარტნიორზე ზედმეტად დამოკიდებული არ გახდეს.
ამრიგად, რუსეთ-სირიის შეთანხმება ორივე მხარისათვის მომგებიანია. მოსკოვი ინარჩუნებს თავისი სამხედრო პლაცდარმის ნაწილს, რომელიც მას ძალიან ჭირდება და არმიაზეც გარკვეული გავლენა ექნება. სირიამ მიიღო ისეთი სუვერენიტეტი, რომელზეც ოცნება ბაშარ ასადის დროს წარმოუდგენელი იყო და შესაბამისად, რუსეთთან ურთიერთობა დაასტაბილურა. დამასკო მოსკოვთან ეკონომიკურ თანამშრომლობას გააგრძელებს, რომელიც მას ჰაერივით ესაჭიროება.