“რატომ ვერ აღწევს წარმატებას პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გლობალური ძალაუფლებისათვის მიმდინარე თამაშებში?”-The Hill
„ბოლო ათწლეულებში აშშ-ის ძლიერება ფინანსების, თავდაცვისა და ტექნოლოგიების სფეროებში მიღწეული წარმატებებით გამოიხატებოდა“, – ნათქვამია აშშ-ის გაზეთ The Hill-ში გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „რატომ ვერ აღწევს წარმატებას პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გლობალური ძალაუფლებისათვის მიმდინარე თამაშებში?“. „დონალდ ტრამპმა აღნიშნულ სფეროებს გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა და ახლა წინასწარვე შეიძლება ითქვას, რომ მისი ყოველი ნაბიჯი ამ მიმართულებებით წამგებიანი იქნება“, – ასეთია პუბლიკაციის ავტორის ჯონ იოკლსონის აზრი, რომელიც რიგ კვლევით ცენტრებში მუშაობდა აშშ-ის ცნობილ სახელმწიფო მოღვაწეებთან, მათ შორის სახელმწიფო მდივანთან ჰენრი კისინჯერთან და თავდაცვის მინისტრთან ჯეიმს შლეზვიგერთან ერთად.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
აშშ-ის ყოფილი თავდაცვის მინისტრი ჯეიმს შლეზვიგერი, რომელთანაც ერთად სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში მუშაობა მომიწია, 40 წლის წინათ ერთ-ერთ კერძო საუბრის დროს, თავისი მრავალწლიანი დაკვირვებისა და გამოცდილების შედეგად ჩამოყალიბებული აზრი გამოხატა აშშ-ის ძლიერებასთან დაკავშირებით, რომელიც კარგი იქნება დონალდ ტრამპმა გააცნობიეროს და გაითავისოს.
„ამერიკელ ლიდერებს, საბჭოთა კავშირის ლიდერებისაგან განსხვავებით, კარგად ესმით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მსოფლიოს სახელმწიფოებთან კავშირი“, – ხაზი გაუსვა ჯეიმს შლეზვიგერმა. მისი თქმით, იმ დროს, როცა საბჭოთა კავშირი ყოველთვის მიისწრაფვოდა თვითკმარობისაკენ, აშშ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სამი გლობალური სისტემის ცენტრში აღმოჩნდა. სარგებელმა დანახარჯებს გადააჭარბა. აშშ შეურიგდა სავაჭრო ბალანსის დეფიციტს, რომ გლობალური ეკონომიკა დოლარის საფუძველზე განვითარებულიყო. ვაშინგტონი მნიშვნელოვან კაპიტალს აბანდებდა, რომ სამხედრო და გეოპოლიტიკური გავლენის ბერკეტები ჰქონოდა და პრიორიტეტულ ყურადღებას უთმობდა ფუნდამენტურ კვლევებს იმ მიზნით, რომ მსოფლიო ლიდერი გამხდარიყო ტექნოლოგიურ სიახლეებში.
აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა კი გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა სხვა ქვეყნებთან კავშირების სამივე სისტემას – ფინანსების, თავდაცვისა და ტექნოლოგიების სფეროებს.
დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ: ა) აშშ მრავალმხრივმა სავაჭრო სისტემამ დააზარალა, როცა თეთრმა სახლმა თავის დროზე თავისი ბაზრის კარი „უცხოელ მტაცებლებს“ გაუღო; ბ) ამერიკა მოტყუვდა, როცა საკუთარი ოფლითა და შრომით აშენებდა ალიანსების სისტემას: მისი შედეგებით პარტნიორებმა ბოროტად ისარგებლეს და ისე გამოვიდა, რომ ყველა ხარჯი ამერიკელი გადასახადის გადამხდელებს დააწვა; გ) გარდა ამისა, კვლევითი ცენტრებში და უნივერსიტეტებში მომრავლდა „გამოფხიზლებულები“ ანუ ვოუკ-იდეოლოგიების მომხრეები და ფუნდამენტური მეცნიერების განვითარებისთვის დახარჯული თანხები მათ ჯიბეებში გადადინდება. შესაბამისად, ამ მიმართულებით ფულის ხარჯვას აზრი არ აქვს.
დონალდ ტრამპის ცალმხრივი ხედვა აშშ-ის საერთაშორისო კავშირების მიმართ მათ მნიშვნელობას ჩრდილს აყენებს. დოლარის, როგორც ძირითადი მსოფლიო სარეზერვო ვალუტის სტატუსმა აშშ გლობალური ფინანსების ცენტრში დააყენა, რის შედეგადაც სესხების ღირებულება შემცირდა და საბიუჯეტო და სავაჭრო დეფიციტების დასაფინანსებლად ფართო შესაძლებლობები გააჩნდა. აშშ-ის უსაფრთხოების სისტემა ევროპაში, აზიაში და ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური გავლენების წყაროს წარმოადგენს. სამეცნიერო ლიდერობა კი ამაღლებს აშშ-ის ტექნოლოგიურ კონკურენტუნარიანობას, განამტკიცებს ეროვნულ უსაფრთხოებას და იზიდავს ტალანტიურ სპეციალისტებს მთელი მსოფლიოდან.
კავშირების სამივე სისტემას, რომელიც დონალდ ტრამპისეული თეთრი სახლის მოწონებით არ სარგებლობს, ერთი საერთო მახასიათებელი აქვს: ყველა ისინი შეიქმნა 75 წლის წინათ დასავლეთევროპელ და კანადელი პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით. სამწუხაროდ, აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი დაბეჯითებით არღვევს მრავალმხრივ კავშირებს, მსოფლიოსაგან საბაჟო ტარიფების კედლით იმიჯნება, ნაბიჯ-ნაბიჯ შორდება ნატოს და არ ასრულებს აშშ-ის ვალდებულებებს მსოფლიო მეცნიერების სფეროში.
უარს ამბობს რა საერთაშორისო კავშირების სისტემაზე, დონალდ ტრამპი გლობალურ არენაზე აშშ-ის სახელით კარტს მარტოდმარტო თამაშობს – ისე, როგორც ამას საბჭოთა კავშირი აკეთებდა. დონალდ ტრამპმა ყველაფერი თავისი დიპლომატიის ლოზუნგს „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ დაუქვემდებარა.
ეკონომიკურ სფეროში პრეზიდენტმა აშშ-ის ყველა სავაჭრო პარტნიორი აიძულა მოლაპარაკების მაგიდასთან დამსხდარიყვნენ და მათთვის არასასიამოვნო ახალი პირობები ეღიარებინათ, ანუ შექმნა დისკრიმინაციული გარემო. გეოპოლიტიკური თვალსაზრისით მან ორჯერ გამოიყენა სამხედრო ძალა ირანის წინააღმდეგ ისე, რომ ნატოელ მოკავშირეებს არც მოეთათბირა. ასევე არაორზროვნად გააჟღერა დონალდ ტრამპმა ტერიტორიული პრეტენზიები ისტორიულ პარტნიორების – კანადისა და დანიის – მიმართ და დაიმუქრა ნატოდან გასვლით, რათა ევროპა სამხედრო ხარჯების გაზრდაზე აეძულებინა.
რაც შეეხება მეცნიერებას, დონალდ ტრამპმა მინიმუმამდე დაიყვანა მრავალმხრივი თანამშრომლობა და ამ სფეროში პარტნიორებთან მეტოქეობა არჩია. ამ მიზნით მან ბიუჯეტიდან მილიარდობით დოლარი დახარჯა ხელოვნური ინტელექტის გასავითარებლად და იმავდროულად მკვეთრად შეამცირა ინვვესტიციები ფუნდამენტურ მეცნიერებაში: პრეზიდენტმა აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები „მშიერ ულუფაზე“ დატოვა, რაც უპრეცედენტო ფაქტს წარმოადგენს.
ცალმხრივი კურსის ნეგატიური შედეგები სულ უფრო მატულობს. სატარიფო ბარიერებმა ხელის შეუწყო ინფლაციას და საერთაშორისო ვაჭრობის სტაბილურობა შეარყია. ნატოსთან მუდმივი შეხლა-შემოხლა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ძვირად დაუჯდა – ევროპამ ვაშინგტონს ირანთან კონფლიქტში მხარი არ დაუჭირა. არადა, ამ ომში აშშ-ის ფსონები ძალიან მაღალია. სამეცნიერო ბიუჯეტის შემცირებამ აშშ-ის კვლევით უნივერსიტეტებს გარედან კადრების მიზიდვის შესაძლებლობა წაართვა და პირველად ისტორიაში, ისინი „ტვინების გადინების“ საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ ისეთ სფეროებში, როგორებიცაა კლიმატოლოგია და ინფექციური დაავადებები.
სერიოზულად დაზიანდა აშშ-ის საერთაშორისო ავტორიტეტი. პიუს კვლევითი ცენტრის ივნისის ანგარიშის თანახმად, 36 ქვეყანაში ჩატარებულოი გამოკითხვით ირკვევა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის საგარეო-პოლიტიკურ კურსს მხარს უჭერს გამოკითხულთა მხოლოდ 23%. უმრავლეს ქვეყნებში რესპოდენტები ჩინეთს უფრო მეტი ნდობით ეკიდებიან, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებს.
მწარე ირონიაა ის, რომ ჩინეთი, რომელიც აშშ-ის მთავარი მეტოქეა 21-ე საუკუნეში, აქტიურად სარგებლობს თავისი საერთაშორისო კავშირებით იმ დროს, როცა დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მათზე უარს ამბობს. ჩინეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ აღმასვლას თან ახლავს მჭიდრო მონაწილეობა ფუნდამენტურ ინსიტუტებში, დაწყებული გაეროდან, დამთავრებული მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციით და პარიზის კლიმატური შეთანხმებით. პეკინი უხვად აფინასებს ეკონომიკური განვითარების საკუთარ ინსტიტუტებს – როგორც გლობალურს, ასევე რეგიონულს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩინეთი საერთაშორისო კავშირების მნიშვნელობას ჯეროვან ყურადღებას აქცევს.
და ამ დროს აშშ-ის პრეზიდენტი უშედეგოდ ეძებს გამოსავალს ირანთან ომის გამო შექმნილი ჩიხიდან. მისმა კურსმა „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ საქმე იქამდე მიიყვანა, რომ აშშ-ის დღევანდელი იზოლაცია უფრო ძლიერია, ვიდრე მეორე მსოფლიო ომის წინ იყო.