1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “რუსული რაკეტები კიევს ურტყამენ, უკრაინას მათი “დამჭერები” აღარ აქვს”-The Washington Post
“რუსული რაკეტები კიევს ურტყამენ, უკრაინას მათი “დამჭერები” აღარ აქვს”-The Washington Post

“რუსული რაკეტები კიევს ურტყამენ, უკრაინას მათი “დამჭერები” აღარ აქვს”-The Washington Post

0

კიევს კატასტროფულად არ ჰყოფნის რაკეტები (PAC-2 და PAC-3) საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „პეტრიოტისათვის” – ნათქვამია აშშ-ის გაზეთ „ვაშინგტონ პოსტის“ (The Washington Post) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით: “რუსული რაკეტები კიევს ურტყამენ, უკრაინას მათი „დამჭერები“ აღარ აქვს“ (ავტორები – დევიდ სტერნი, სერგეი კოროლჩუკი).

„რუსული რაკეტული დაბომბვების გაძლიერების ფონზე, ვოლოდიმირ ზელენსკი წარუმატებლად ცდილობს დონალდ ტრამპის დარწმუნებას, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინას „პეტრიოტის“ საზენიტო კომპლექსისთვის საჭირო რაკეტები მიაწოდოს. უკრაინის მდგომარეობა უარესდება… ამას ემატება ანტისამთავრობო მიტინგის მოთხოვნებიც, რომლის მონაწილეები ყოფილი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე აღდგენას მოითხოვენ “, – ასეთია სტატიის დედააზრი.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

შაბათს, ადრე დილით, კიევი რუსული ბალისტიკური რაკეტების მორიგი ზალპის ობიექტი გახდა. ეს მოხდა ორიოდე დღის შემდეგ, როცა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვაშინგტონში ყოფნისას თავის ამერიკელ კოლეგას უთხრა, რომ „პეტრიოტის“ რაკეტები აღარ მაქვსო.

„რუსეთის არმიამ კიევის მიმართულებით თითქმის 200 დამრტყმელი დრონი და 35 რაკეტა, მათ შორის 27 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა“, – დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში, – „სამწუხაროდ, ჩვენ მხოლოდ ერთი რუსული რაკეტი განადგურება შევძელით და ეს იმიტომ, რომ ჩვენ „პეტრიოტის“ რაკეტა-„დამჭერები“ აღარ გვაქვს.

„ეს იყო ჯოჯოხეთური ღამე“, – განაცხადა თავის მხრივ ანდრეი სიბიჰამ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
რუსების დარტყმამდე რამდენიმე საათით ადრე, პირველი აგვისტოს საღამოს, გაიმართა მასობრივი საპროტესტო აქცია თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გათავისუფლებული მიხეილო ფედოროვის მხარდასაჭერად. ამაზე კიდევ უფრო ადრე, რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა უკრაინის დასავლეთი ნაწილი, ლვოვის ოლქი, რომელიც ადრე საკმაოდ იშვიათად ხდებოდა სარაკეტო შეტევის ობიექტი (ერთ-ერთმა რაკეტამ უკრაინის საჰაერო საზღვარი გადალახა და პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. მართალია, აფეთქებას მსხვერპლი და ზიანი არ გამოუწვევია, მაგრამ გაამწვავა რუსეთ-ნატოს პირდაპირი კონფრონტაციის რისკი და საფრთხე).

ამერიკული წარმოების „პეტრიოტის“ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა უკრაინის ერთადერთ იმედს წარმოადგენს რუსული ბალისტიკური რეკეტების შეტევებისაგან თავდასაცავად, რომელთა რაოდენობა კრემლმა ბოლო თვეებში მნიშვნელოვნად გაზარდა. პრობლემა ისაა, რომ ამ სისტემისათვის საჭირო რაკეტა-„დამჭერები“ (PAC-2 და PAC-3, ანუ ანტირაკეტები) კატასტროფულ დეფიციტად იქცა თვით აშშ-სთვისაც, ირანთან ომის გამო.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ევროპელ პარტნიორებს თხოვნით მიმართა, რომ როგორმე მათ უკრაინისათვის ანტირაკეტების მიწოდება მოახერხონ: „რაკეტები საწყობებში კი არ უნდა გქონდეთ შენახული რაღაც ჰიპოთეტური სცენარისათვის, არამედ პრაქტიკულად, რეალურად უნდა გამოიყენოთ რუსეთის შესაკავებლად… რუსების ყოველი დაბომბვა მსხვერპლს იწვევს“.

უკრაინის პრეზიდენტის თხოვნაზე, რომ „პეტრიოტის“ რაკეტების ასაწყობად ლიცენზია მაინც მიეცა, დონალდ ტრამპი ჯერ თითქოს დათანხმდა (ანკარაში ნატოს სამიტის დროს), მაგრამ ამ დღეებში ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსისადმი“ სატელეფონო ინტერვიუში კითხვაზე პასუხის გაცემისას შეყოყმანდა და თქვა, რომ დარწმუნებული არ არის, შეასრულებს თუ არა ვაშინგტონი თავის დაპირებას: „ჩვენ ამ საკითხს ვიხილავთ“, – თქვა მან.

შაბათის სარაკეტო დარტყმებმა კიევში ლიეტუვას საელჩოც დააზიანა: „რუსული რაკეტა შენობისაგან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით აფეთქდა, მაგრამ არავინ არ დაღუპულა“, – დაწერა გიტანას ნაუსედამ, ლიეტუვას პრეზიდენტმა „იქს-ქსელში“.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თავის განცხადებაში დაადასტურა, რომ კიევი რაკეტებით და დრონებით დაბომბა, დარტყმა მიაყენა სამხედრო საწარმოებს და ლოჯისტიკურ ცენტრებს, აგრეთვე იმ ქარხნებს, რომლებიც რადიოელექტრონულ კვანძებს ამზადებენ შორი მოქმედების რადიუსის მქონე დრონებისათვის.

ამასობაში კი ორი კვირა გავიდა იმ დღიდან, როცა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრი პოსტიდან მოულოდნელად გაათავისუფლა. ხმაურიანი საპროტესტო აქციები ყოფილი მინისტრის მხარდასაჭერად არ წყდება. კიევის ცენტრში მდებარე ივან ფრანკოს სახელობის მოედანზე შეკრებილი უკრაინელები მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ ფედოროვის დაბრუნებას ითხოვენ. პარასკევს ყველაზე მასშტაბური აქცია გაიმართა – ადგილობრივი მასმედიის შეფასებით, მასში 6 ათასამდე მომიტინგე მონაწილეობდა.

ფრანკოს მოედნიდან დემონსტრანტები კრეშჩატიკზე გავიდნენ და თან სკანდირებდნენ – „დააბრუნეთ!“. მათ ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერით „ფეხში კი არ უნდა ვისროლოთ, არამედ მტერს უნდა ვესროლოთ“ (იგულისხმება, რომ მიხეილ ფედოროვის პოსტიდან მოხსნით ხელისუფლება ქვეყნის სამხედრო ძლიერებას ასუსტებს).
ბოლო პროტესტების მამოძრავებელი ძალა გახდა ახალგაზრდობა, რომელთა ასაკი 20-დან 30 წლამდეა. ანუ მიხეილ ფედოროვის ასაკთან ახლოს მდგომი ადამიანები. 35 წლის მიხეილ ფედოროვი უკრაინის ყველაზე ახალგაზრდა თავდაცვის მინისტრი იყო, მაგრამ მისმა გადადგომამ (პოსტიდან გათავისუფლებამ) ყველა ასაკის უკრაინელი შეაშფოთა. იგი ებრძოდა კორუფციას და უკრაინის არმიაში რეფორმების გატარებას ცდილობდა, მხარს უჭერდა ეროვნულ პროგრამას მაღალეფექტური დრონების გამოყენების შესახებ, რითაც ფრონტზე ცოცხალი ძალის დანაკარგები მკვეთრად უნდა შემცირებულიყო. მან თანამდებობაზე შედარებით მცირე ხანს იმუშავა, მაგრამ მის იდეებს ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდა.

„ჩვენ, სამინისტროში, დავიწყეთ შესყიდვებისა და ტენდერების ტრანსფორმაციის პროცესი, რის შედეგად ბევრი უკმაყოფილო დარჩა. მათ გააძლიერეს ნეგატივის დათესვა ხალხში ჩემს წინააღმდეგ, პრეზიდენტის წინააღმდეგ… მედიასივრცეში მსგავსი პუბლიკაციები ბევრია“, – განაცხადა მიხეილ ფედოროვმა „უკრაინსკაია პრავდასთვის“ მიცემულ ინტერვიუში ორი დღის წინ.

ღამის დემონსტრაციები არცთუ იშვიათად კარნავალს გვაგონებს – დემონსტრანტები ერთმანეთს არამარტო კარტონის თვითნაკეთ პლაკატებს უზიარებენ, არამედ ტკბილ ღვეზელებსაც და სხვა ნუგბარს სთავაზობენ.

21 წლის იანა კოტლინსკაია, ივანე ფრანკოს სახელობის თეატრის მსახიობი, „ნიუ-იორკ თაიმსის“ ჟურნალისტთან საუბარში ამბობს, რომ მიტინგებზე თითქმის ყოველ საღამოს დადის. „ფედოროვი ის ადამიანია, რომელმაც იცის, რასაც აკეთებს… მას შეუძლია უკრაინა ნათელ მომავლამდე მიიყვანოს… ჩვენ არ გვაქვს ამ ადამიანის დაკარგვის უფლება“, – ამბობს იანა, რომელიც თავის მეგობარ დიანასთან ერთად მომიტინგეებს ახლად დამზადებულ ვაფლს სთავაზობს.

დემონსტრაციები გრძელდება იმის მიუხედავად, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი საპროტესტო აქციის მონაწილეების ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას დათანხმდა და უკან დაიხია – ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გენერალი ალექსანდრე სირსკი მიხეილ დრაპატით შეცვალა.

ალექსანდრე სირსკის პოსტიდან გათავისუფლება პრეზიდენტის დადებითი ნაბიჯი იყო – პროტესტანტები მასში სამხედრო რეფორმებისა და ცვლილებების ხელშემშლელ პიროვნებას ხედავდნენ, თუმცა მათ მტკიცედ სურთ კიდევ ერთი მთავარი მოთხოვნის შესრულება – მიხეილ ფედოროვის მინისტრის თანამდებობაზე დაბრუნება.

„მზად ვარ იმდენ ხანს ვიყო აქციებზე, რამდენიც საჭირო იქნება… პრეზიდენტის მიერ მიღებული ზომები არასაკმარისია“, – ამბობს 26 წლის ვიქტორია მოსკოფიდი, კიევის სამხატვრო სტუდიის დამფუძნებელი, – „სხვანაირად არ გამოვა, კრიზისი უფრო გაღრმავდება… ჩვენ იძულებული გავხდებით შიდა უთანხმოებებში ჩავეფლოთ იმის ნაცვლად, რომ ფრონტს მივხედოთ და საომარ ოპერაციებზე ვიფიქროთ“.

წყარო: