1. Home
  2. TOP სიახლე
  3. „თუ სიკვდილი გვიწერია, მოვკვდეთ ერთად”: რას ამბობს ცოლი, რომლის ქმარი დიზიანებული ილუმინატორიდან ჰაერის ნაკადმა თვითმფრინავის გარეთ „გაიწოვა”- „ბიბისი
„თუ სიკვდილი გვიწერია, მოვკვდეთ ერთად”: რას ამბობს ცოლი, რომლის ქმარი დიზიანებული ილუმინატორიდან ჰაერის ნაკადმა თვითმფრინავის გარეთ „გაიწოვა”- „ბიბისი

„თუ სიკვდილი გვიწერია, მოვკვდეთ ერთად”: რას ამბობს ცოლი, რომლის ქმარი დიზიანებული ილუმინატორიდან ჰაერის ნაკადმა თვითმფრინავის გარეთ „გაიწოვა”- „ბიბისი

0

ალბათ, ბევრს აქვს ნანახი საბჭოელი და იტალიელი კინემატოგრაფისტების მიერ 1973 წელს გადაღებული ერთობლივი ფილმი “იტალიელების საოცარი თავგადასავალი რუსეთში”, როცა თვითმფრინავ “ტუ-134”-ის ერთ-ერთი მაფიოზი მგზავრი როზარიო ილუმინატორშია გაჭედილი. ფილმში ეს კადრი ხელოვნურია, მაგრამ ამ დღეებში ზუსტად ასეთი რამ გადახდა “ბოინგის” მგზავრს რეალურად.

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბიბისი” (BBC) აქვეყნებს სტატიას სათაურით „თუ სიკვდილი გვიწერია, მოვკვდეთ ერთად”: რას ამბობს ცოლი, რომლის ქმარი დიზიანებული ილუმინატორიდან ჰაერის ნაკადმა თვითმფრინავის გარეთ „გაიწოვა” (ავტორი – რეიჩელ ფლინი). მასალში გადმოცემულია იმ დრამატული ინციდენტის პერიპეტიები, რომელიც მოხდა გასულ კვირას, 10 ივლისს, ავიარეის სალონიკი (საბერძნეთი) – მემინგენის (გერმანია) თვითმფრინავ Boeing 737-800-ში და რომელიც 6 ათასი მეტრის სიმაღლეზე მიფრინავდა.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

სვეტლანა გრკოვიჩი, რომელიც თავის ქმართან – ლიუბიშა კარვიჩთან – ერთად მიფრინავდა, ჰყვება, თუ როგორ დაეხმარა ორი მგზავრი, როცა ილუმინატორის დაზიანების გამო ქმარი ჰაერის ნაკადმა თვითმფრინავის კორპუსის მიღმა „გაიწოვა”.

სვეტლანას თავისი ქმარი ლიუბიშა ფეხებით ეჭირა, რათა ის ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავის ილუმინატორიდან მთლიანად არ გაწოვილიყო საჰაერო სივრცეში. ლიუბიშა უკვე მკერდამდე გარეთ იყო „გაწოვილი”.

„სწრაფი რეაგირება მოვახდინე და მას ხელი ფეხებში ვტაცე. მახსოვს, გავიფიქრე – „თუ სიკვდილი გვიწერია, ერთად მოვკვდებით”, – ამბობს სვეტლანა. მას კიდევ ორი მგზავრი დაეხმარა და სამივემ ლიუბიშა ისევ სალონში შეითრიეს. „ჩემს გვერდით მჯდარი გოგონა დამეხმარა, შემდეგ მეზობელი მგზავრიც… ზემოდან ჟანგბადის ნიღბები ჩამოიყარა… დაიწყო ქაოსი, როცა ყველა ძირითადად საკუთარ თავზე ფიქრობს. ჩემი ქმარი უკვე გულწასული იყო… ილუმინატორს დიდი ჩემოდანი მივაფარეთ, მაგრამ ჰაერის ნაკადმა გარეთ გაიტაცა”, – შიშით იხსენებს სვეტლანა.

ტექნიკური კონსულტანტი, რომელიც ოჯახმა დაიქირავა, თვლის, რომ ინციდენტი თვითმფრინავის მარჯვენა რეაქტიული ძრავის გაჩერებით დაიწყო, მისი ნამსხვრევები ფიუზელაჟს მოხვდა, ერთ-ერთმა კი ის ილუმინატორი დააზიანა, რომელთანაც ცოლ-ქმარი ისხდნენ. ავარიის გამო სალონში წნევამ დაიწია, რომლის შედეგადაც ინციდენტი მოხდა. ჯერ-ჯერობით გამოძიება მიმდინარეობს.

მგზავრების თქმით, მათ გაიგონეს ხმა, რომელიც აფეთქებას ჰგავდა. თვითმხილველებმა სხვადასხვა მასმედიას თავიანთი აზრი გაუზიარეს: კიდევ კარგი, რომ ლიუბიშა კარვიჩი ქამრით იყო სავარძელზე მიბმული და გარედან მისი უკან შემოყვანა შედარებით ადვილი აღმოჩნდა.

ამჟამად 51 წლის კარვიჩი ჯერ ისევ საავადმყოფოში იმყოფება. მას სახე მნიშვნელოვნად დაუზიანდა. როცა უკან თვითმფრინავში შეიყვანეს, მთელი სახე და მხრები სისხლში ჰქონდა მოსვრილი. ექვსი კილომეტრის სიმაღლეზე ფრენის დროს თვითმფრინავის მიღმა ჰაერის ტემპერატურა ხშირად მინუს 50 გრადუსს აღწევს.

„ჩემთვის მთავარია, რომ იგი ცოცხალია… ერთი ხელი ძალიან აქვს დაზიანებული, ყინვისაგან თავზე დამწვრობაც მიიღო. მას ჯერ ლაპარაკი არ შეუძლია და როგორც ვხვდები, მომხდარიც არ ახსოვს, გადატანილი შოკის გამო”, – ამბობს სვეტლანა, – „მეც ძალიან ცუდ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ვარ… რომ მახსენდება, საშინელი გრძნობა მიპყრობს. მეგონა, რომ აი, ახლა თვითმფრინავიც მიწაზე დავარდება და ყველა დავიღუპებით-მეთქი”.

ფრენების მონიტორინგული სამსახურის Flightradar24-ის მონაცემებით, „ბოინგმა” ექვსი ათასი მეტრის სიმაღლიდან 10 წუთში ორი ათას მეტრამდე დაიწია.

ავიაკომპანია Ryanair-ის განცხადებით, სალონიკიდან მენინგენში 10 ივლისს დილით გაფრენილი ბორტი ისევ სალონიკში დაბრუნდა მას შემდეგ, როცა ფრენის დროს ილუმინატორი სამაგრიდან [ჩარჩოდან] ამოვარდა. „თვითმფრინავი მშვიდობიანად დაეშვა, მგზავრები ტერმინალში დაბრუნდნენ. ერთ-ერთ მგზავრს სამედიცინო დახმარება დაჭირდა და ამჟამად კლინიკაშია გადაყვანილი”, – ნათქვამია განცხადებაში.

„მივხვდი, რომ თვითმფრინავის ჰერმეტიზაცია დაირღვა. ხალხმა ყვირილი დაიწყო. თავდაპირველად ვიფიქრე, რომ ვიღაცამ ფრენის დროს ავარიული კარი გააღო-მეთქი”, – ჰყვება ქრისტინა, რომელიც იმ დილით მენინგენში მიფრინავდა.

„ყველაფერი სწრაფად მოხდა, ექსტრემალური სიტუაცია იყო. ჰაერი გაიშვიათდა და სუნთქვა აღარ შემეძლო… ჟანგბადის ნიღბები უცებ ჩამოიშალა. დავინახე დაშავებული მგზავრიც, რომელიც გასისხლიანებული იყო, გონდაკარგული. ალბათ, შოკის გამო”, – ამბობს მგზავრი, სახელად სოფია.

სალონიკის აეროპორტის ოპერატორი, კომპანია Fraport Greece აცხადებს, რომ ამჟამად საჰაერო ინციდენტს საბერძნეთის ავიამიმოსვლის უსაფრთხოების სამმართველო იძიებს.

სამგზავრო თვითმფრინავ Boeing 737-800-ის ექსპლოატაცია ჯერ კომპანია Malta Air-ის მიერ ხდებოდა, შემდეგ   Ryanair-მა გააგრძელა. ავიალაინერი ახალი არ არის, „ბოინგი” 18 წლის წინ, 2008 წელს არის აწყობილი აშშ-ში. რადგანაც ინციდენტი ჩრდილოეთ მაკედონიის საჰაერო სივრცეში მოხდა, გამოძიებაში ჩართულია ამ ქვეყნის შესაბამისი სამსახურიც, ასევე თვითონ კომპანია „ბოინგის”, აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალური სამმართველოსა და ფრენების უსაფრთხოების ევროპული სააგენტოს წარმომადგენლები.

წყარო: https://www.bbc.com/news/articles/cly8yjnw822o