შალვა პაპუაშვილი – საბჭოთა მენტალიტეტის მქონე რეზოლუციებს იმაზე ნაკლები ფასი აქვს, ვიდრე ქაღალდს, რომელზეც იბეჭდება
ევროსაბჭოს სადამფუძნებლო დოკუმენტებთან შეუთავსებელია საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, რადგან, პირველ რიგში, ის ქვეყნების სუვერენიტეტს არღვევს. სადაც ქვეყნის სუვერენიტეტის აღიარება არ ხდება, ის აღარ არის ევროსაბჭოს ინსტიტუცია, რომელიც ევროსაბჭოს ძირითად პრინციპებს ეფუძნება. ჩვენთვის საბჭოთა მენტალიტეტის მქონე რეზოლუციებს იმაზე ნაკლები ფასი აქვს, ვიდრე იმ ქაღალდს, რომელზეც ის იბეჭდება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო სუვერენიტეტის გაუქმებას არ აპირებს.
„ზუსტად იმას გვთხოვენ, რომ საქართველოს სუვერენიტეტი გავაუქმოთ. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისია იყო, რომლის ხელმძღვანელიც ცდილობდა ზეწოლას ეუთო-ს მისიაზე, რომ ანგარიში შეეცვალათ. ანგარიში, რომელიც ეუთო-ს გამზადებული ჰქონდა, როცა ერთობლივი ბრიფინგი უნდა გამართულიყო, ამ ბრიფინგამდე მცდელობა იყო, პირადი, ინდივიდვალური ზეწოლით ეიძულებინათ ეუთო, საკუთარი ანგარიში შეეცვალა. მისი ხელმძღვანელი იყო Pace-ს დელეგაციის ხელმძღვანელი. წარმოიდგინეთ, რამდენად შეიძლება, ვენდოთ. Pace-ს ანგარიშიც გვახსოვს, რომელიც იყო ცრუ ანგარიში, რომელიც ბატონმა ბულაიმ შეადგინა. წარმოიდგინეთ, რამდენად ცრუ შეიძლება იყოს, ეს ადამიანი. გუშინდელ რეზოლუციაში ის იყო ცვლილების ავტორი, რომლითაც ითხოვდნენ, რეზოლუციაში ჩაწერილიყო, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარია. როცა ასეთ ადამიანთან გვაქვს საქმე, რომელიც ცდილობს, რომ საერთაშორისო ინსტიტუტები გამოიყენოს, რათა სააკაშვილი პოლიტპატიმრად გამოაცხადოს, საქართველოს უკანასკნელი დიქტატორო და წამების ინსტიტუტის შემქმნელი. ეს აღიარებულია ევროსაბჭოს ინსტიტუციის, სტრასბურგის სასამართლოს მიერ და არა, პოლიტიკური დოკუმენტებით”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ასეთი ადამიანისგან რა ობიექტურ დასკვნებს და შეფასებებს შეიძლება, ელოდოს სახელმწიფომ.
„Pace და ევროპარლამენტი ერთმანეთისგან არ განსხვავდება, ერთი და იმავე სახეები არიან, რომლებიც ერთმანეთისგან ტექსტებს იწერენ. საქართველოს სუვერენიტეტის დათმობას არ ვაპირებთ. 1999 წელს, ევროსაბჭოში იმ იმედით შევედით, რომ ჩვენი სუვერენიტეტი გაძლიერებული ყოფილიყო და დღეს, Pace საქართველოს სუვერენიტეტზე ერთ-ერთი თავმდასხმელია. Pace საქართველოს სუვერენიტეტს, ჩვენი სისხლით მოპოვებულ დამოუკიდებლობას არ აღიარებს. ის, ვინც ქართველი ხალხის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას არ აღიარებს, ასეთ ინსტიტუციასთან არანაირი ურთიერთობის რესურსი არ გვაქვს. Pace-ში ჩვენი დელეგაცია რომ არ მონაწილეობს რამენაირად იგრძენით? ქვეყანას რაიმე მოაკლდა? რა დააკლდა? რა დაგაკლდათ იმით, რომ ქართველი ხალხის მოძულე ადამიანებთან საქართველოს პარლამენტს ურთიერთობა არ აქვს? ქართველმა ხალხმა მანდატი ორი მნიშვნელოვანი საკითხისთვის მოგვცა. ეს არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ქართველი ხალხის კეთილდღეობის გაძლიერება. რომელი ინსტიტუციაც ამ ორ ამოცანას ხელს შეუწყობს, მას ვეთანამშრომლებით. Pace ამას ხელს არ უწყობს. Pace და ევროპარლამენტი თავს უთანაბრებენ რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას. მეტიც, თუ რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს ქვეყნის ტერიტორიის მეხუთედზე არ აღიარებს, Pace და ევროპარლამენტი სუვერენიტეტს არ აღიარებენ საქართველოს სრულ ტერიტორიაზე. საკუთარი თავი საოკუპაციო პოლიტიკას გაუთანაბრეს”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.