1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “დონალდ ტრამპი აშშ-ის 250-ე წლისთავის დღესასწაულს საკუთარ ზეიმად თვლის”-BBC
“დონალდ ტრამპი აშშ-ის 250-ე წლისთავის დღესასწაულს საკუთარ ზეიმად თვლის”-BBC

“დონალდ ტრამპი აშშ-ის 250-ე წლისთავის დღესასწაულს საკუთარ ზეიმად თვლის”-BBC

0

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია აშშ-ში აკრედიტებული კორესპონდენტის ენტონი ზურკერის სტატია სათაურით: “დონალდ ტრამპი აშშ-ის 250-ე წლისთავის დღესასწაულს საკუთარ ზეიმად თვლის”, რომელშიც ავტორის მიერ გაანალიზებულია ქვეყნის საიუბილეო მზადების სპეციფიკური მომენტები. რატომ არის დონალდ ტრამპი პირადად დაინტერესებული იუბილეს ფართო მასშტაბით აღნიშვნაში და რატომ აპირებენ 250-დოლარიანი ბანკნოტის დაბეჭდვას ცოცხალი პრეზიდენტის გამოსახულებით, კონგრესის დადგენილების საწინააღმდეგოდ?

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე – ნაცვლად იმისა, რომ ამერიკული საზოგადოების გამაერთიანებლის როლი შეასრულოს – სწრაფად ხდება პოლიტიკური დაპირისპირების მორიგი მიზეზი.

მას შემდეგ, რაც მუსიკალური შემსრულებლების დიდმა ნაწილმა განაცხადა, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას აშშ-ის შექმნის 250-ე წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო კონცერტების სერიაში, დონალდ ტრამპმა ასეთი რეაგირება მოახდინა: „თუ არ მიიღებენ, მათი ნებაა, არც არის ამის აუცილებლობა… არ მჭირდება ეგრეთ წოდებული „არტისტები“, რომლებიც ძალიან ბევრ ფულს ითხოვენ და მაინც ყველაფრით უკმაყოფილონი არიან“, – დაწერა პრეზიდენტმა თავის სოციალურ ქსელში (Truth Social), – მინდა ისეთ ადამიანებს შორის ვიყო, რომლებიც ბედნიერები, ჭკვიანები და წარმატებულები არიან – ანუ იმათთან, ვისაც გამარჯვების უნარი აქვთ“.

დონალდ ტრამპმა თავის წარმომადგენლებს დაავალა, რომ განიხილონ შესაძლებლობა, რომლის მიხედვით, პრეზიდენტი ვაშინგტონში, ეროვნულ ხეივანში დაგეგმილი 16-დღიანი ფესტივალის (Great American State Fair) მთავარი მონაწილე იქნება.

ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, ჩაანაცვლებენ თუ არა სხვებით საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობაზე უარის მთქმელ მუსიკოს-შემსრულებლებს, მაგრამ თვითონ პრეზიდენტის დამოკიდებულება და რეაქცია, როგორც ჩანს, კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ დონალდ ტრამპი უშუალოდ და პირდაპირ ხდება აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის ზეიმის „ობიექტი“.

თეთრ სახლში დაბრუნების მომენტიდან – 2025 წლის იანვრიდან – დონალდ ტრამპი რეგულარულად ხაზს უსვამს, რომ მისი პრეზიდენტობის მეორე ვადა აშშ-სათვის ისტორიულ მოვლენებს ემთხვევა – დაწყებული მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატიდან, დამთავრებული ლოს-ანჟელესის 2028 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებით და აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის იუბილეს ზეიმით.

დონალდ ტრამპისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დამოუკიდებლობის დღე – თავისი წითელ-თეთრ-ლურჯი ანტურაჟით და ხაზგასმული პატრიოტული პათოსით, რომელიც, როგორც ჩანს, პრეზიდენტ ძალიან იზიდავს.

მიუხედავად იმისა, რომ კონგრესმა ჯერ კიდევ 10 წლის წინ შექმნა სპეციალური კომისია „America 250“, დონალდ ტრამპის მომხრეებმა უკვე ჩამოაყალიბეს კონკურენტული კერძო კომიტეტი „Freedom 250“, რომელსაც თავისი საკუთარი პროგრამა აქვს და მას ახორციელებს. პროგრამა მოიცავს „დიდი ამერიკული ფესტივალის“ მოწყობას ვაშინგტონში მდებარე ეროვნულ ხეივანში, UFC-ის (შერეული საბრძოლო ხელოვნების) ტურნირის ჩატარებას თეთრ სახლთან, ფიზკულტურული შეჯიბრის გამართვას ორლანდოში (ფლორიდის შტატში), ასევე აგვისტოში, ტეხასში დაგეგმილ ავტორბოლა Grand Prix-ის მონაწილეთა მარშს ვაშინგტონის ქუჩებში და ბოლოს, როგორც დონალდ ტრამპი აცხადებს, „მსოფლიოში უდიდესი ფეირვერკის“ მოწყობას 4 ივლისს, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად.

პრეზიდენტი აქტიურად ცდილობს ამ ინიციატივების წარმოჩენასა და რეკლამირებას სოციალურ ქსელებში და მათ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი გამოსახულებების თანხლებით აქვეყნებს – მაგალითად, იგი მწვანე ალმით ხელში მონაწილეებს რბოლის დაწყების ნიშანს აძლევს, ან თეთრ სახლთან UFC-ის ტურნირისათვის აგებულ ოქტაგონზე დგას, ელვით განათებული ზეცის ფონზე.
ცხადია, „Freedom 250“-ის მიერ დაგეგმილი ღონისძიებებთან შედარებით, „America 250“-ის ღონისძიებები ბევრად უფრო მოკრძალებულია – შემოიფარგლება მხოლოდ გამოფენებით, ლოკალური ზეიმებით და „არტ“-პროექტებით.

დონალდ ტრამპი მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ვაშინგტონის „კეთილმოწყობას“ საზეიმო ღონისძიებების დაწყების წინ: შეკეთებულია შადრევნები „შერიდანის“, „მერიდიანის“, „კოლამბუსის“ პარკებში და სხვა მნიშვნელოვან ადგილებში. „ლაფაიეტ-პარკში“ კი, რომელიც თეთრ სახლთან მდებარეობს, მასშტაბური რეკონტრუქცია მიმდინარეობს: მენარდე კომპანიები არემონტებენ აბრაამ ლინკოლნის მემორიალსა და ჯორჯ ვაშინგტონის მონუმენტს შორის მდებარე ამრეკლავ აუზს – პროექტი თავისი დიდი დანახარჯებით უკვე საზოგადოებაში კითხვებს იწვევს. გარდა ამისა, დაგეგმილია მემორიალურ ხიდთან არსებული ბრინჯაოს ოთხი ცხენის მოოქროვება 23,27 კარატიანი ოქროს კილიტით. ვაშინგტონის ცენტრში მთლიანად იცვლება ასფალტის საფარი და იღებება ფანრები.

ამ სამუშაოებზე საუბრისას, დონალდ ტრამპი ლაპარაკობს როგორც ქალაქის მერიის ერთ-ერთი ჩინოვნიკი და არა როგორც სახელმწიფოს მეთაური: მთავრობის ამასწინანდელ სხდომაზე მან ვაშინგტონის ინფრასტრუქტურული საკითხების განხილვას 20 წუთი დაუთმო. „რა ვქნა, მშენებლობა ძალიან მიყვარს“, – თქვა დონალდ ტრამპმა, რომელიც თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი დეველოპერად მუშაობდა, – „მინდა, რომ ვაშინგტონი ლამაზად გამოიყურებოდეს“.

გასულ თვეში სახვითი ხელოვნების კომისიამ მოიწონა 76-მეტრიანი ტრიუმფალური თაღის მშენებლობა მდინარე პოტომაკზე, აბრაამ ლინკოლნის მემორიალის პირდაპირ, თუმცა, როგორც ჩანს, პროექტის რეალიზებას წინ იურიდიული სარჩელები ელოდება.

იუბილეს მზადებაში თეთრი სახლის მთლიანად არის ჩაბმული: მრჩევლები მთელი ძალისხმევით ცდილობენ პრეზიდენტის კავშირის ხაზგასმას აშშ-ის 250-ე იბილესთან.

მარტში აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ მოიწონა სპეციალური საიუბილეო ოქროს მონეტის გამოშვება, რომელზეც დონალდ ტრამპი იქნება გამოსახული. გასულ კვირას კი ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ ყველაფერი მზადაა 250-დოლარიანი კუპიურის დასაბეჭდად, რომელზეც ასევე დონალდ ტრამპის პორტრეტი იქნება აღბეჭდილი, თუმცა სახელმწიფოს ცოცხალი მეთაურის გამოსახვა აშშ-ის დოლარზე კონგრესის სპეციალურ დადგენილებას მოითხოვს.

სხვათა შორის, ტრამპის პორტრეტიანი დოლარის სავარაუდო დაბეჭდვას დემოკრატების მკვეთრი რეაქცია მოჰყვა: „რა გჭირთ, მოეშვით საკუთარ თავში ჩაციკვლას… 4 ივლისისი საიუბილეო დღესასწაული თვითგამოცხადებული მეფის ზეიმი კი არ არის, არამედ მთლიანად ამერიკისა და ამერიკული გზის დღესასწაული’, – დაწერა „იქს“-ქსელში წარმომადგენელთა პალატის წევრმა, დემოკრატმა ჰაკიმ ჯეფრისმა.

დონალდ ტრამპი და მისი თანამოაზრეები მსგავს კრიტიკას არაპატრიოტულად თვლიან და აცხადებენ, რომ მათი ძალისხმევა სრულიად შეესაბამება ისტორიული მომენტის მასშტაბს.

თუმცა საბოლოო ჯამში ამ ყველაფერს ისეთი პირი უჩანს, რომ იუბილე, რომელმაც ქვეყანა უნდა გააერთიანოს, ალბათ, პოლიტიკური ბრძოლის მორიგ არენად გადაიქცევა.

ამერიკელი ერი დონალდ ტრამპის მმართველობის დროსაც ისევე ღრმად გაყოფილი რჩება, როგორც მანამდე იყო.

წყარო: