1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “გრინსერვის პლუსის” დირექტორმა, ლაშა ფურცხვანიძემ პოლიციის განყოფილება დატოვა
“გრინსერვის პლუსის” დირექტორმა, ლაშა ფურცხვანიძემ პოლიციის განყოფილება დატოვა

“გრინსერვის პლუსის” დირექტორმა, ლაშა ფურცხვანიძემ პოლიციის განყოფილება დატოვა

855
0

“გრინსერვის პლუსის” დირექტორმა, ლაშა ფურცხვანიძემ და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა, გიგა გიგაშვილმა პოლიციის განყოფილება დატოვეს. ლაშა ფურცხვანიძის და გიგა გიგაშვილის ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში გამოკითხვა ორი დღე მიმდინარეობდა.

მთავარი კითხვები იყო შესრულებული სამუშაოს შესახებ და უბედური შემთხვევის შესახებ, – განუცხადა ჟურნალისტებს „გრინსერვის პლუსის“ დირექტორმა ლაშა ფურცხვანიძემ.

 ფურცხვანიძის თქმით, მომხდარი შემთხვევა წინასწარ განსაზღვრულ ქმედებას ჰგავს.

„პასუხისმგებელი ვართ იმ სამუშაოებზე, რაც ჩავატარეთ, სამუშაოები ყველა ნორმის დაცვით არის ჩატარებული, ყველა საბუთი არსებობს, ეს ნახეს უკვე პოლიციაში და გამოძიება დაადგენს. აპარატურა სანამ საქართველოში ჩამოვიდოდა, შემოწმებული იყო, ტესტირებაც შემოწმდა, რეპორტები არსებობს და დევს პოლიციაში. ძალიან არ მინდა ვთქვა, ერთადერთ რაღაცას, წინასწარ განსაზღვრულ ქმედებას ჰგავს, სხვას მე ვერაფერს ვიტყვი, ამას უკვე გამოძიება დაადგენს. ჩვენი თანამშრომლები წინა დღესაც, სამი საათი მუშაობდნენ, ჩართულ აუზში ამოწმებდნენ და ასწორებდნენ. მეტსაც გეტყვით, ძაღლი ჩახტა სამჯერ, კადრებიც არის. ჩვენ ორი თვის განმავლობაში ტესტირების რეჟიმი გვქონდა, ვამუშავებდით და არანაირი დარღვევა არ დაფიქსირებულა. ერთ შემთხვევას თუ მეტყვით, როდესაც აუზში ჩასულ ვინმეს დენმა დაარტყა, მაშინ მეც დავფიქრდები, მაგრამ მიშას დროიდან, როდესაც შადრევნები კეთდებოდა, არცერთი ასეთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, თუ არ ჩავთვლით ვაი ჟურნალისტების და ვაი პოლიტიკოსების განცხადებას, რომ თურმე ვიღაცამ დაიძახა რომ მანდ დენია, შეუძლია გამოძიებას მარტივად თუ არამარტივად დაადგინოს, მე ვერ გეტყვით. გამოძიებას თუ დასჭირდა, რა თქმა უნდა, მოვალ და ვითანამშრომლებ. იმაზე მეტ სასჯელს ვერავინ მომისჯის, რაც ღმერთმა მთელი სიცოცხლის ბოლომდე სატარებლად უკვე მომისაჯა.

მე თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ, მაგრამ ის პატარა უმწიკვლო არსება, რომელიც გარდაიცვალა, სიცოცხლის ბოლომდე იქნება ჩემს სასჯელად. მანამდე ყველაფერი მწყობრში იყო, ძალიან ბევრი დამთხვევაა და ძალიან ბევრი რამ, ასე არ ხდება. ტესტირების რეპორტი არსებობს, მე გეტყვით, რომ პირადად, ჩემი თვალით მაქვს ნანახი გაჟონვის რელე, რომელიც თანხაში გეტყვით და მიხვდებით, ღირს 300 ლარი. არცერთი თავმოყვარე კომპანია კი არა, ბოლო კომპანია არ გააკეთებს იმას, რომ შადრევანში, რომელშიც დენია, არ დააყენოს გაჟონვის რელე.

ძალიან მაინტერესებს ექსპერტიზამ დაადგინოს, რა მოხდა ისეთი რამ, რაც მანამდე ბოლო რამდენი წლის განმავლობაში, ჩემი გადმოსახედიდან, 25 წლის განმავლობაში არასოდეს მომხდარა, არაერთი შადრევანი გაგვიკეთებია და ასეთი რამ არ მომხდარა“, – განაცხადა ფურცხავნიძემ.

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის  კახა მურადაშვილის განცხადებით,  ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამოძიების ფარგლებში ამ დროისთვის 100-მდე პირია დაკითხული. 

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

შსს-ს განმარტებით, მომხდარ ფაქტზე დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიების მსვლელობისას დაზუსტდა კვალიფიკაცია და გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.