შალვა პაპუაშვილი – აშშ-თან გვინდა ჭეშმარიტი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც დაფუძნებული იქნება ორივე ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე, ამ მხრივ ჩვენ ღია ვართ
ჩვენი სურვილია, ახალი ფურცლიდან დაიწყოს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობა, როგორც სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც კონკრეტულ შედეგებზე იქნება ორიენტირებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, სამწუხაროდ, აშშ-ის წინა ადმინისტრაციამ სტრატეგიული პარტნიორობა ცალმხრივად და უსამართლოდ გააუქმა, რათა საქართველოსთვის ზიანი მიეყენებინა.
„საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანას ზიანი ვერ მიაყენა. ის სტრატეგიული პარტნიორობა დამამშვიდებელი პრიზი იყო მიხეილ სააკაშვილისთვის 2009 წელს, 2008 წლის მარცხის შემდეგ. სტრატეგიული პარტნიორობა დამამშვიდებელი პრიზივით მისცეს, რომ ქართველ ხალხს იმავე მომენტში არ გამოეყვანა დიქტატორი სააკაშვილი თავისი კაბინეტიდან. ხელში რაღაც ჰქონოდა, ვითომ, მართალია, ტერიტორიები დაკარგა, მაგრამ ამის სანაცვლოდ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სპეციალური ურთიერთობა მიიღო. ეს ის მეთოდია, რომელსაც დღეს ვაკვირდებით უკრაინასთან მიმართებით, როდესაც ვხედავთ, რომ უკრაინას სთავაზობენ ხან ევროკავშირის ასოცირებულ წევრობას, ხან დაჩქარებულ პროცედურებს. პირდაპირ თქვა გერმანიის კანცლერმა, რომ ეს ყველაფერი მოხდება რუსეთის ფედერაციასთან სამშვიდობო შეთანხმების დადების შემდეგ, რომლის ნაწილიც იქნება ტერიტორიების გასვლა უკრაინის კონტროლიდან. ეს ისტორია აქვს ყოფილ სტრატეგიულ პარტნიორობას”, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის განმარტებით, საქართველოს აშშ-თან სურს ისეთი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ორივე ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე იქნება დაფუძნებული.
„ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს ჭეშმარიტი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც დაფუძნებული იქნება ორივე ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე და ამ მხრივ ღია ვართ. დელეგაცია ჩამოსულია, შეხვედრები აქვს და დღესაც ექნებათ. ჩვენს აზრებს ვუზიარებთ. ნებისმიერ ურთიერთობას ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ვამყარებთ. ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაცია ამ საკითხს ამერიკის რეალური ინტერესებით თუ მიუდგება, ნახავს, რომ საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებს შორის იქნება ბევრი თანხვედრა. გამორჩეული პარტნიორობა, რომელსაც ჩვენ წლების განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებს ვაჩვენებდით, შეიძლება, უკვე ახალი ეტაპით დაიწყოს.
ჩვენ ვართ იქ, სადაც ყოველთვის ვიყავით, ჩვენ არ ვმოქმედებთ იმისთვის, რომ ვინმეს თავი მოვაწონოთ, არამედ ვმოქმედებთ, რომ რეალური ინტერესების თანხვედრით იყოს აწყობილი ნებისმიერი ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის. სწორედ ამ პროცესში ვართ, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ცდილობს, საქართველოსთან ურთიერთობის მხრივ საკუთარ ინტერესებში გაერკვეს. ვნახოთ, ამერიკის ადმინისტრაცია ჩამოყალიბდება, რა ინტერესებია. ჩვენი ინტერესი მარტივია – ჩვენი ინტერესია ქვეყნის გაერთიანება და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა. ამ ორ შიდა პოლიტიკურ მიზანს ემსახურება საგარეო პოლიტიკური ურთიერთობებიც”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.