ნიკოლ ფაშინიანი – სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები არ არის დამოკიდებული მესამე მხარეზე, ურთიერთობა არის სტრატეგიული, ძმური და ასე გაგრძელდება მომავალშიც
სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები მესამე მხარეზე დამოკიდებული არ არის და მომავალშიც სტრატეგიულ, ძმურ ხასიათს შეინარჩუნებს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
სომხური მედიის ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ეს განცხადება ბრიფინგზე გააკეთა, სადაც გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის სიტყვებს, რომ „ევროკავშირი ვერ შეძლებს სომხეთ-საქართველოს ურთიერთობებზე გავლენის მოხდენას”.
ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ საქართველო მნიშვნელოვან და საკვანძო როლს ასრულებს სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობებში.
„საქართველო ძალიან მნიშვნელოვან და საკვანძო როლს თამაშობს სომხეთ-ევროპულ ურთიერთობებში და ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ არსებული სიტუაციით. მიგვაჩნია, რომ ეს მდგომარეობა უნდა დარეგულირდეს”, – განაცხადა ფაშინიანმა.
ამასთან, მისივე თქმით, სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს სხვა ქვეყნებთან ან საერთაშორისო ორგანიზაციებთან არსებულ ურთიერთობებთან კავშირი არ აქვს; სომხეთ-საქართველოს ურთიერთობები სტრატეგიული, გრძელვადიანი, ისტორიული და ძმური ხასიათისაა და ასე გაგრძელდება მომავალშიც.
„სხვა სცენარი, უბრალოდ, არ შეიძლება, არსებობდეს”, – აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.