1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ირანისაგან არაფერი არ დარჩება, თუ თეირანი სამშვიდობო შეთანხმებაზე უარს იტყვის”-The Daily Telegraph
“ირანისაგან არაფერი არ დარჩება, თუ თეირანი სამშვიდობო შეთანხმებაზე უარს იტყვის”-The Daily Telegraph

“ირანისაგან არაფერი არ დარჩება, თუ თეირანი სამშვიდობო შეთანხმებაზე უარს იტყვის”-The Daily Telegraph

0

ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) 18 მაისის ნომერში აქვეყნებს სტატიას სათაურით „ირანისაგან არაფერი არ დარჩება, თუ თეირანი სამშვიდობო შეთანხმებაზე უარს იტყვის“ (ავტორი – იონა კლივი), რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ მუქარისშემცველ ნათქვამ ფრაზას წარმოადგენს.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

დონალდ ტრამპმა ირანი გააფრთხილოა, რომ ქვეყნისგან „არაფერი აღარ დარჩება“, თუ მისი ლიდერები აშშ-ის მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო ხელშეკრულებას არ დათანახმდებიან.

ვაშინგტონი თეირანთან კონფლიქტში 28 თებერვალს ჩაერთო ისრაელთან ერთად და ახლა მთელი ძალით ცდილობს, როგორმე დიპლომატიურ პროგრესს მიაღწიოს ომის შეწყვეტის საკითხში, რომელმაც ახლო აღმოსავლეთი შეარყია.

„ირანისათვის საათი წიკწიკებს. ირანის ლიდერებს აჩქარება მოუწევთ, თორემ მათი ქვეყნისგან მალე არაფერი არ დარჩება“, – აღნიშნავს აშშ-ის პრეზიდენტია თავის სოციალურ ქსელში (Truth) და დიდი ასოებით წერს – „დრო არ ითმენს!“.

დონალდ ტრამპის ამჟამინდელი მორიგი მუქარა ირანის მიმართ იმის მანიშნებელია, რომ მატულობს იმედგაცრუება შექმნილი ჩიხური სიტუაციის გამო – ომის შეწყვეტასა და ჰორმუზის სრუტის გახსნის მიმართ. არის კონფიდენციალური ცნობები იმისა, რომ ვაშინგტონის ბოლო სამშვიდობო წინადადებებს ირანი ისევ უარყოფს.

დონალდ ტრამპი, რომელიც გასულ თვეში ირანს „ცივილიზაციის მოსპობასა და ქვის საუკუნეში დაბრუნებას“ პირდებოდა, კვირას, 17 მაისის საღამოს ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს ტელეფონით ესაუბრა და ომის მიმდინარეობა განიხილა.

როგორც მოსალოდნელია, რადგანაც ირანმა თეთრი სახლის მოთხოვნები უარყო, აშშ-ის პრეზიდენტი სამშაბათს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე თავის გუნდს შეკრებს და ომის განახლების საკითხს განიხილავს. ამჟამად ახლო აღმოსავლეთში აშშ-სა და ისრაელის მიერ დროებითი სამშვიდობო პაუზაა გამოცხადებული.

17 მაისს ირანის ნახევრად ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტო „ფარსმა“ (Fars) გამოაქვეყნა თეთრი სახლის სამშვიდობო წინადადების პირობები, რომელთა თანახმად, აშშ ირანს ნებას რთავს სამუშაო მდგომარეობაში ჰქონდეს მხოლოდ ერთი ბირთვული ობიექტი, ხოლო გამდიდრებული ურანის მთელი მარაგი ამერიკას გადასცეს.

„შეერთებული შტატები, რომელიც თვითონ რაიმე მნიშვნელოვან დათმობაზე არ მიდის, ჩვენ უკანდახევას გვთავაზობს, რის გამოც მოლაპარაკება ჩიხში შედის“, – აღნიშნულია „ფარსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თუმცა, ობიექტურად თუ ვიტყვით, აშშ-ის ახლანდელი წინადადება საკმაოდ განსხვავდება ადრინდელისაგან, როცა თეთრმა სახლმა ირანს 20 წლის განმავლობაში ბირთვული კვლევების აბსოლუტურად შეწყვეტა მოსთხოვა. ანუ აშშ-ის ბოლო პირობა, ფაქტიურად, კომპრომისს, დათმობას წარმოადგენს.

თავის მხრივ, „ფარსი“ იტყობინება, რომ ამერიკა არანაირ დათმობაზე არ მიდის – უარს აცხადებს ირანის აქტივების განბლოკვაზე, „თუნდაც 25%-ით მაინც“, ან რაიმე რეპარაცია მაინც რომ გადაიხადოს ომის შედეგად მიყენებული ზიანის გამო. განა ეს არის კომპრომისი და დათმობა?

თეთრმა სახლმა და სახელმწიფო დეპარტამენტმა „დეილი ტელეგრაფის“ კორესპონდენტის თხოვნა – კომენტარი გაეკეთებინათ „ფარსის“ მიერ გავრცელებულ ცნობაზე – უპასუხოდ დატოვეს.

ექსპერტ-სპეციალისტების აზრით, ირანი დაახლოებით 450 კილოგრამ ურანს ინახავს, რომელიც 60%-ით არის გამდიდრებული, ანუ საკმარისია ბირთვული იარაღის შესაქმნელად. თეირანი აცხადებს, რომ ურანი ნანგრევებშია ჩამარხული და მისი პოვნა გართულებულია.

გასულ კვირას ირანმა უარით უპასუხა აშშ-ის მიერ წარდგენილ 15-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას და არ დაეთანხმა ვაშინგტონის მოთხოვნას დაუყონებლივ დაედო გარიგება ბირთვული პროგრამის შეწყვეტის ან გამდიდრებული ურანის აშშ-სათვის გადაცემისათვის.

თავის მხრივ, თეირანი ითხოვს ცეცხლის შეწყვეტას ყველა ფრონტზე, ლიბანის ჩათვლით, თანხმდება ჰორმუზის სრუტის ეტაპობრივ გახსნაზე, თუმცა ნაოსნობას მაინც ირანი გააკონტროლებს, თანაც ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკების დაწყებამდე.

დონალდ ტრამპმა თეირანის პასუხს „აბსოლუტურად მიუღებელი“ უწოდა.

ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა „ჰაერში დაკიდებულად“ რჩება. ორივე მხარეს მიაჩნია, რომ თვითონ  კომპრომისებზე მიდის, მოწინააღმდეგე კი არა.

კვირას ირანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა აბულფაზ შეკარჩიმ აშშ გააფრთხილა, რომ თავი შეიკავოს საომარი მოქმედებების განახლებისაგან: „აშშ-ის სასოწარკვეთილმა პრეზიდენტმა უნდა იცოდეს, რომ თუ ის თავის მუქარებს შეასრულებს და ირანის ისლამური რესპუბლიკის დაბომბვას ისევ დაიწყებს, ამერიკა ირანის უპრეცედენტო, მოულოდნელი და აქტიური შეტევის წინაშე აღმოჩნდება“, – განაცხადა მან ირანის სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას.

კვირას ინციდენტი მოხდა არაბთა გაერთიანებული საამიროებში: თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აბუ-დაბის საამიროში, ქალაქ ბარაკასთან ახლოს მდებარე ატომური ელექტროსადგურს უცნობმა დრონმა შეუტია და მისი აფეთქებისას ხანძარი გაჩნდა. რადიაციის თაობაზე რაიმე ინფორმაცია არ გავრცელებულა. „დრონმა საამიროების ტერიტორიის დასავლეთი საზღვარი დაარღვია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის მრჩევლის ანვარ გარგაშის თქმით, „ალბათ, ირანს და მის მარიონეტ მომხრეებს სწორედ მსგავსი ინციდენტები აქვთ მხედველობაში, როცა უპრეცედენტო და მოულოდნელ შეტევაზე ლაპარაკობენ: ტერორისტული შეტევა ბარაკას ატომურ ელეექტროსადგურზე – იმის მიუხედავად, თუ ვინ არის და იქნება მისი მთავარი შემსრულებელი, ომის სახიფათო ესკალაციას წარმოადგენს“.

ამასობაში ისრაელმა განაცხადა, რომ ლიბანის ტერიტორიაზე მყოფმა „ჰეზბოლამ“ ისრაელის არმიის პოზიციების მიმართულებით 200-მდე ჭურვი გაისროლა – მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი და ლიბანი  ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

 

წყარო: