1. Home
  2. TOP სიახლე
  3. თიბისი კაპიტალმა უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმზე კვლევა წარადგინა
თიბისი კაპიტალმა უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმზე კვლევა წარადგინა

თიბისი კაპიტალმა უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმზე კვლევა წარადგინა

76
0

თიბისი კაპიტალმა უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმზე საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის შესახებ პრეზენტაცია გამართა. ღონისძიება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა, რომელსაც კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ; ასევე, 100-მდე საერთაშორისო ინვესტორი და უძრავი ქონების წამყვანი სააგენტოები ევროპის ქვეყნებიდან, ისრაელიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან.

ფორუმის მიზანი საქართველოს უძრავი ქონების ბაზრისა და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზება იყო; ასევე, საერთაშორისო ინვესტორებისა და საქართველოს წამყვანი კომპანიების დაკავშირება.

ღონისძიებაზე საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის შესახებ კვლევა თიბისი კაპიტალის უფროსმა ვიცე პრეზიდენტმა ირინა კვახაძემ წარადგინა.

თიბისი კაპიტალის პუბლიკაციის მიხედვით, 2019-2025 წლებში საქართველოს საცხოვრებელი უძრავი ქონების პირველადი ბაზარი დაახლოებით 3-ჯერ გაიზარდა.  ბაზრის 68%-ს თბილისი იკავებს, ხოლო 21%-ს – ბათუმი. დედაქალაქში უძრავი ქონება ძირითადად საცხოვრებელი მიზნით იყიდება (80%), ხოლო ბათუმში – საინვესტიციო მიზნით (85%).

მოთხოვნის ყველაზე მაღალი ზრდა ბაზარზე 2022 წელს დაფიქსირდა და 29.5% შეადგინა, რაც უმთავრესად მიგრაციულ ნაკადებს უკავშირდებოდა. სწორედ ამ ფაქტორმა გააძლიერა უძრავი ქონების მიმართ ინტერესი როგორც გაქირავების, ისე ყიდვის მიმართულებით. მომდევნო წლებში მოთხოვნამ ნორმალიზება დაიწყო და 2024-2025 წლებში 5.6-6.0%-ით გაიზარდა. თიბისი კაპიტალის პროგნოზით, 2026 წელს საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ზრდა 4.5%-ითაა მოსალოდნელი.

რაც შეეხება ფასებს, 2019-2025 წლებში საცხოვრებელი უძრავი ქონების ღირებულება თბილისში წლიურად საშუალოდ 8%-ით იზრდებოდა. მიმდინარე წელს კი, თიბისი კაპიტალი ფასების 3.2%-ით მატებას პროგნოზირებს.

2022 წელს მოიმატა გასაქირავებელმა ფასმაც, ბაზარმა ნორმალიზება 2023 წლის მარტიდან დაიწყო. 2025 წელს კვადრატული მეტრის გასაქირავებელი ფასი 11%-ით შემცირდა და $10.4 შეადგინა. 2026 წელს კი მკვეთრი მერყეობა მოსალოდნელი აღარ არის. თიბისი კაპიტალის პროგნოზით, ქირის მაჩვენებელში მცირედი კორექტირება გაგრძელდება და 2.1%-ის ფარგლებში შემცირდება.

თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების პოტენციური მიწოდება მზარდია: 2025 წელს თბილისში გაცემული სამშენებლო ნებართვები 2%-ით გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ მომდევნო წლებში კონკურენცია კიდევ უფრო მძაფრი იქნება.

(R)