1. Home
  2. TOP სიახლე
  3. საქართველო ან უნგრეთი კი არაა იზოლირებული, იზოლირებულია ევროკავშირი, საქართველოს მთავრობას თავს ესხმიან, რადგან არის პატრიოტული, მემარჯვენე, სუვერენისტული, ეს არ მოსწონს ბრიუსელს -პიტერ სიიარტო
საქართველო ან უნგრეთი კი არაა იზოლირებული, იზოლირებულია ევროკავშირი, საქართველოს მთავრობას თავს ესხმიან, რადგან არის პატრიოტული, მემარჯვენე, სუვერენისტული, ეს არ მოსწონს ბრიუსელს -პიტერ სიიარტო

საქართველო ან უნგრეთი კი არაა იზოლირებული, იზოლირებულია ევროკავშირი, საქართველოს მთავრობას თავს ესხმიან, რადგან არის პატრიოტული, მემარჯვენე, სუვერენისტული, ეს არ მოსწონს ბრიუსელს -პიტერ სიიარტო

136
0

შესაძლო სამშვიდობო სამიტის ადგილი არის არა ბრიუსელი, არამედ ბუდაპეშტი. საქართველო ან უნგრეთი კი არაა იზოლირებული, არამედ იზოლირებულია თავად ევროკავშირი, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, უნგრეთ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უნგრეთი და საქართველო ერთსა და იმავე ფასეულობებს წარმოადგენენ, არასდროს სურდათ ერთმანეთის შიდა საკითხებში ჩარევა.

„მე ამ პოსტზე ვარ, 11 წელზე მეტია და ყოველთვის თავს მესხმოდნენ არგუმენტით, რომ ჩვენ იზოლირებული ვართ. საქმე ისაა, რომ ევროკავშირმა, ბრიუსელმა მოახდინა საკუთარი თავის იზოლაცია და არა – ჩვენი. ისინი ამბობენ, რომ ჩვენ ვართ იზოლირებული, მაგრამ ეს ასე არ არის. რატომ? იმიტომ, რომ შესაძლო სამშვიდობო სამიტის ადგილი არის არა ბრიუსელი, არამედ ბუდაპეშტი. ასე რომ, ევროკავშირმა მოახდინა საკუთარი თავის იზოლაცია გლობალური წესრიგის ყველაზე დიდი და ძლიერი მოთამაშეებისგან. მათ მოახდინეს საკუთარი თავის იზოლაცია შეერთებული შტატებისგან. ვგულისხმობ, ლიბერალი პოლიტიკოსები ევროპაში ბოლო ცხრა წლის განმავლობაში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, როგორ ელანძღათ პრეზიდენტი ტრამპი უფრო სასტიკი და ბინძური ფორმით. ეს ხდებოდა მხოლოდ ლიბერალური მედიის დასაკმაყოფილებლად და ამას არა მხოლოდ ჩვენ ვამჩნევდით, არამედ პრეზიდენტ ტრამპსაც ახსოვს; მეორე – ევროპამ მოახდინა საკუთარი თავის იზოლაცია რუსეთისგან სანქციებით, თავისი რუსოფობიური პოლიტიკით, რუსულ-უკრაინული ომის რუსეთ-ევროპის ომად განხილვით, რაც სიგიჟეა; ევროპამ მოახდინა საკუთარი თავის იზოლაცია ჩინეთისგან, ჩინეთის სისტემურ რისკად და სისტემურ მეტოქედ მიჩნევით, რაც, ბოდიში ამ სიტყვისთვის, მაგრამ სისულელეა, რადგან ჩინეთს აქვს თავისი სისტემა, ჩვენ გვაქვს ჩვენი სისტემა და რატომ უნდა ვიმეტოქეოთ, სისტემების გამო? ეს მათზე და ჩვენზეა დამოკიდებული და მოდით, ვნახოთ, როგორ შეგვიძლია, ვითანამშრომლოთ. მაგრამ სისტემების მეტოქეობა არის ტიპური ბრიუსელის, ტელევიზია რომ არ იყოს, ვიტყოდი ნაგავი და მეოთხე – ევროკავშირმა მოახდინა საკუთარი თავის იზოლაცია მომავლის კონტინენტებისგან, როგორებიცაა აზია, აფრიკა. რატომ? იმიტომ, რომ ბრიუსელი ყოველთვის აყენებს ლგბტ საკითხს, როგორც წინაპირობას ნებისმიერი სახის სავაჭრო ან ეკონომიკური თანამშრომლობისთვის, ამას ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვს.

საქმე ისაა, რომ საქართველო ან უნგრეთი კი არაა იზოლირებული, არამედ იზოლირებულია თავად ევროკავშირი. ნამდვილად მიმაჩნია უნგრეთ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვნად, რადგან ჩვენ ერთსა და იმავე ფასეულობებს წარმოვადგენთ. ჩვენ არასდროს გვსურდა ერთმანეთის შიდა საკითხებში ჩარევა. ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემდით შედეგებს, ყოველთვის პატივს ვცემდით ჩვენი ერების გადაწყვეტილებებს. და ჩვენ ავაშენეთ მყარი თანამშრომლობა, რომელიც ეფუძნება ურთიერთპატივისცემას. ჩემს კომპეტენციას აღემატება იმის თქმა, რომ საქართველოში ესა თუ ის უნდა გააკეთოთ. მე ამით რომ დავკავებულიყავი, ეს ნიშნავს, არ ვკავდები უნგრეთით, მაშინ როდესაც ხელფასს ვიღებ უნგრეთის საკითხების მოგვარებისთვის და არა საქართველოსი. ფაქტია, აზროვნების ეს წესი ახლა სრულიად უცხოა ევროპაში – ყველა ძალიან ჭკვიანია სხვის საქმეში. შეხედეთ, რა მოხდა საქართველოსა და მოლდოვის არჩევნების შემდეგ. ვგულისხმობ ადგილობრივ არჩევნებს. მომდევნო საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, როდესაც თქვენ გქონდათ ადგილობრივი არჩევნები, ყველა აქებდა მოლდოვას ასეთი ჭკვიანური გადაწყვეტილების მიღებისთვის და ყველა ლანძღავდა საქართველოს „ქართული ოცნების“ გამარჯვების გამო. და ევროპელი საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს ულოცავდნენ მოლდოვის შედეგს, რაც არის ნათელი მტკიცებულება, რომ ისინი ამ არჩევნებში ჩაერივნენ“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.

ამასთან, პიტერ სიიარტო ამბობს, რომ „ისინი, ვინც არიან კონსერვატორები, პატრიოტები, სუვერენისტები, ვინც ეწინააღმდეგებიან ბრიუსელის მეინსტრიმს, განიცდიან ჯოჯოხეთურ პოლიტიკურ თავდასხმას“.

„უბრალოდ, შეხედეთ თქვენს  მთავრობას. ვგულისხმობ საქართველოს მთავრობას – მასზე ბრიუსელის მხრიდან თავდასხმა არ ხდება რეალური საკითხების გამო. თქვენს მთავრობას თავს ესხმიან, რადგან ის არის კონსერვატიული, პატრიოტული, მემარჯვენე და სუვერენისტული. ბრიუსელს ეს არ მოსწონს. ამასთან, ისინი წარმატებულები არიან. და იცით, როდესაც ანტიმეინსტრიმული მთავრობა წარმატებულია, ბრიუსელს ეს არ მოსწონს. ეს არის მიზეზი, რის გამოც ჩვენც გვეხებიან“, – აღნიშნა პიტერ სიიარტომ.