“ინდოეთის ხელისუფლება მიესალმება დონალდ ტრამპთან დადებულ „გარიგებას“, მაგრამ რუსული ნავთობის შესყიდვის შეწყვეტას არ ადასტურებს”-Financial Times
„ინდოეთის ხელისუფლება მიესალმება დონალდ ტრამპთან დადებულ „გარიგებას“, მაგრამ რუსული ნავთობის შესყიდვის შეწყვეტას არ ადასტურებს“ – ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც ავტორები – ჯონ რიდი, ანდრეს შიპანი, კრიშნა კაუშიკი და ჯეიმს სმიტი აშშ-ინდოეთს შორის დადებული სავაჭრო ხელშეკრულების ირგვლივ მიმდინარე აჟიოტაჟურ მოვლენებს განიხილავენ. „მართლაც გადაწყვიტა ინდოეთმა უარი თქვას რუსული ნავთობის ყიდვაზე?“ – აი, ამ მთავარ კითხვაზე პასუხის გაცემის მცდელობაა გადმოცემული მასალაში.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
„ინდოელი ლიდერები პოზიტიურად მიესალმნენ დონალდ ტრამპის განცხადებას, რომ დიდი ხნის ლოდინის შემდეგ აშშ-ინდოეთის სავაჭრო ხელშეკრულება უკვე დადებულია, თუმცა ისინი ეჭვის თვალით უყურებენ აშშ-ის პრეზიდენტის ნათქვამს, რომ სამაგიეროდ ინდოეთმა პირობა დადო – რუსულ ნავთობს აღარ შეისყიდის.
პრემიერ-მინისტრს ნარენდრა მოდის ნავთობის თაობაზე არაფერი უთქვამს, როცა ისიც მიესალმა ხელშეკრულების დადებას. იგივე ნაირად მოიქცა ინდოეთის ვაჭრობის მინისტრიც.
ინდოეთის მიერ რუსული ნავთობის შესყიდვაზე ნებისმიერი უარი ან შეზღუდვა ქვეყნისათვის დიდი შედეგების გამომწვევია: ასეთი ნაბიჯი გამოცდის წინაშე დააყენებდა ინდოეთ-რუსეთის ტრადიციულ „სტრატეგიულ პარტნიორობას“ და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს არასასიამოვნო მდგომარეობას შეუქმნიდა უკრაინის წინააღმდეგ მიმართული ომის დაფინანსებაში. უფრო მეტიც – სერიოზული პრობლემის წინაშე დააყენებდა ინდურ ნავთობგადამამუშავებელ კომპანიებს, რომლებიც დიდი ხანია მიეჩვივნენ იაფი და ადვილად გადასამუშავებელი რუსული ნავთობით სარგებლობას.
მაგრამ როცა ინდოეთის მთავრობა არ ადასტურებს დონალდ ტრამპის ნათქვამს – ინდოეთმა უარი განაცხადა რუსული ნავთობის შესყიდვაზეო, დამაჯერებელია თუ არა აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება? ანალიტიკოსები მას სკეპტიკურად უყურებენ.
„რასაკვირველია, მთლიანობაში ინდოეთი ცდილობს ნავთობის შესყიდვის დივერსიფიცირებას, ცდილობს მოსკოვური ენერგომატარებლებიდან ჩამოშორებას და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება“, – ამბობს ჰარშ პანტი, ანალიტიკური ცენტრის Observer Research Foundation-ის თანამშრომელი, – „მაგრამ ვისაც ჰგონია, რომ ინდოეთი უეცრად უარს იტყვის რუსულ ნავთობზე, ის მწარედ სცდება. ინდოეთის მთავრობისგან მსგავსი გადაწყვეტილების მიღება ნაკლებად სავარაუდოა“.
„აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება, რომ ინდოეთი ამერიკულ პროდუქციაზე საბაჟო გადასახადებს (სავაჭრო ტარიფებს) გაანულებს, იყიდის ამერიკულ პროდუქციას 500 მილიარდი დოლარის ოდენობით და უარს იტყვის რუსული ნავთობის შესყიდვაზე, ინდოეთის ხელისუფლებას ჯერ კიდევ არ დაუდასტურებია, ამიტომ ამერიკელი ლიდერის ნათქვამი არარეალური და ნაკლებად სარწმუნოა“, – ამბობს ალექსანდრა ჰერმანი, ანალიტიკური ცენტრის Oxford Economics-ის წამყვანი თანამშრომელი.
„ფაქტია, რომ ინდოეთმა გასული წლის ბოლოს რუსული ნავთობის შესყიდვა შეამცირა, მაგრამ მე არ მჯერა, რომ ნარენდრა მოდიმ ვალდებულება აიღო მის მთლიანად შეწყვეტის თაობაზე’, – ამბობს მუკეშ აგი, ანალიტიკური ცენტრის „აშშ-ინდოეთის სტრატეგიული პარტნიორობის“ გენდირექტორი, რომლის მთავარი ოფისი ვაშინგტონში მდებარეობს, – „როდის რა მოხდება, ჯერ-ჯერობით უცნობია“.
ბუნებრივია, ინდური ბაზრის ნებისმიერი შემცირება მოსკოვის ფინანსურ პრობლემებს გააღრმავებს. გასულ წელს, ამერიკული სანქციების შედეგად, ნავთობის გაყიდვისაგან მიღებული შემოსავლები კრემლს 24%-ით შეუმცირდა. ამჟამად ენერგოშემცველების გაყიდვით რუსეთის ხაზინა შემოსავლების 20%-ს იღებს, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ბოლო ათწლეულში.
დონალდ ტრამპმა ისიც თქვა, რომ რუსული ნავთობის ნაცვლად, ინდოეთი ამერიკულ და ვენესუელურ ნავთობს მიიღებს. სხვათა შორის, ვენესუელის დროებითმა პრეზიდენტმა დელსი როდრიგესმა გასულ კვირას განაცხადა, რომ მას ნარენდრა მოდისთან „და-ძმური“ საუბარი ჰქონდა: კარაკასმა და ნიუ-დელიმ ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე მოილაპარაკეს. აღსანიშნავია, რომ ინდოეთი ვენესუელის ნავთობს ნიკოლას მადუროს გატაცებამდეც (1,4 მილიარდი დოლარის მოცულობით) ყიდულობდა, მაგრამ კლებადი ტენდენციით. ამის მიზეზი ისაა, რომ „მძიმე“ და მინარევებიანი დაბალი ხარისხის ვენესუელური ნავთობი შედარებით იაფი ღირს, მაგრამ გადასამუშავებლად მეტ ხარჯებს მოითხოვს.
ამასთან, ეჭვებს იწვევს თვითონ ვენესუელის უნარი – მეტი ნავთობი მიაწოდოს ინდოეთს. ნორვეგიული კონსალტინგური კომპანიის (Rystad Energy) შეფასებით, კარაკასს მინიმუმ 53 მილიარდი დოლარი დასჭირდება ნავთობმოპოვების სფეროში ინვესტიციებისათვის და 15 წელი იმისთვის, რომ დღე-ღამეში 1,1 მილიონი ბარელი ნავთობი მოიპოვოს, როგორც ეს 1990-იან წლებში ხდებოდა.
ასე რომ, თუ ინდოეთი რუსული ნავთობის შესყიდვას მკვეთრად შეამცირებს, ის ვენესუელის ნავთობის შესყიდვას კი არ გააფართოვებს, არამედ მზერას სხვა ქვეყნებს მიაპყრობს, მაგალითად, სპარსეთის ყურეში, კატარსა და კუვეიტს.
„ინდოეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა Nayara Energy, რომელიც რუსულ „როსნეფტს“ ეკუთვნის, ბუნებრივია, მხოლოდ რუსულ ნავთობს იყენებს და მისი გაჩერება მხოლოდ ინდოეთის მთავრობის პირდაპირი და რადიკალური ზეწოლის შედეგად მოხდება“, – ამბობს სერგეი ვაკულენკო, აშშ-ის კარნეგის ფონდის რუსულ-ევრაზიული ცენტრის თანამშრომელი, – „ინდოეთი ისედაც იმყოფება ამერიკული, ბრიტანული და ევროკავშირის სანქციების ქვეშ, ამიტომ მას დასაკარგი არაფერი აქვს. შეიძლება ნიუ-დელიმ მცირე დროით შეამციროს რუსული ნავთობის შესყიდვა, მაგრამ მთლიანად შეწყვეტა წარმოუდგენელია“.