ჯანსაღი დებატებისთვის აუცილებელი პირობაა, აღიარებდე კონსტიტუციურ წესრიგს -ირაკლი კობახიძე
ძალიან სწორი და ჯანსაღი პროცესი დაიწყო, კონსტრუქციულ რეჟიმში საგნობრივი დისკუსიების გამართვა ყველა თემასთან დაკავშირებით უზრუნველყოფს საზოგადოების მეტად ინფორმირებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დუბაიში ქართველ ჟურნალისტებს დებატებთან დაკავშირებით განუცხადა.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს პოლარიზაციის შემცირებას.
„ხელოვნურად იყო დალაგებული პოლარიზაცია, ხელოვნურად იყო ორ ნაწილად გახლეჩილი საზოგადოება. ამას ხელს უწყობდა კონკრეტული მედიასაშუალებების პოლიტიკა, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების და სხვა სუბიექტების პოლიტიკა. ეს იყო გარედან თავს მოხვეული. ჩვენ უნდა გავარღვიოთ ეს ჩაკეტილი წრე. ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას სჭირდება ჯანსაღი დისკუსიები. საზოგადოებამ სწორედ ასეთი დისკუსიების საფუძველზე უნდა მიიღოს ინფორმაცია სხვადასხვა მხრიდან კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით და ამის საფუძველზე უნდა ჩამოიყალობოს საკუთარი აზრი. ეს ხელს შეუწყობს პოლარიზაციის შემცირებას ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, იმისთვის, რომ შედგეს ჯანსაღი დებატები ხელისუფლების წარმომადგენელსა და სხვა პირს შორის, აუცილებელი პირობაა, ეს სხვა პირი, ვინც არ უნდა იყოს, აღიარებდეს მოქმედ კონსტიტუციურ წესრიგს.
„თუ არ აღიარებს, რა ჯანსაღ დისკუსიებზეა საუბარი? ამიტომ, მარტივი პრინციპია, რომელსაც ჩვენ უნდა გავყვეთ. ვფიქრობ, ის დებატები, რომელიც გაიმართა, მაგალითად, „რუსთავი 2-ის” ეთერში, ეფუძნება სწორ პრინციპებს. ეს არის ერთადერთი გარანტია, რომ კონკრეტული ფორმატი ჩვენ მოგვცემს შედეგს და შედეგი უნდა იყოს პოლარიზაციის შემცირება, იმ ნეგატიური მუხტის შემცირება საზოგადოებაში, რომელიც ხელოვნურად იყო შექმნილი. ამიტომ, სწორი პრინციპები უნდა არსებობდეს, სწორ პრინციპებს უნდა დაეფუძნოს ნებისმიერი დისკუსია, დებატები. ეს უნდა გაითვალისწინოს ამ ქვეყნის ყველა მოქალაქემ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.