1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ნატურალური ღვინოები, ხანგრძლივი ქვეითი მარშრუტები და ისტორია: შეუძლია თუ არა ქუთაისს პოპულარულ ტურისტულ მიმართულებად გადაიქცეს?”-Euronews
“ნატურალური ღვინოები, ხანგრძლივი ქვეითი მარშრუტები და ისტორია: შეუძლია თუ არა ქუთაისს პოპულარულ ტურისტულ მიმართულებად გადაიქცეს?”-Euronews

“ნატურალური ღვინოები, ხანგრძლივი ქვეითი მარშრუტები და ისტორია: შეუძლია თუ არა ქუთაისს პოპულარულ ტურისტულ მიმართულებად გადაიქცეს?”-Euronews

100
0

„ნატურალური ღვინოები, ხანგრძლივი ქვეითი მარშრუტები და ისტორია: შეუძლია თუ არა ქუთაისს პოპულარულ ტურისტულ მიმართულებად გადაიქცეს?“ – ამ სათაურით არის გამოქვეყნებული ევროპული სამაუწყებლო კომპანიის „ევრონიუსის“ (Euronews – ოფისი საფრანგეთის ქალაქ ლიონში) ვებ-გვერდზე სტატია, რომელიც საქართველოში, კერძოდ, ქუთაისში ტურიზმის განვითარებას ეხება (ავტორი – ქრეიგ საიერსი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

„ქუთაისი, რომელიც ბოლო ათწლეულში ავიაკომპანია Wizz Air-ის მგზავრებისათვის ერთგვარ გადამანაწილებელი კვანძის როლს ასრულებდა, დღეს უცხოელ მოგზაურებს კულტურით, ღვინით და დასავლეთ საქართველოს წარმტაცი პეიზაჟებით იზიდავს“, – აღნიშნულია ვრცელი სტატიის დასაწყისში, რომელშიც ავტორი საქართველოში ყოფნის შთაბეჭდილებებს აზიარებს.

„ქართული ტრადიციების სიღრმეში“

პუბლიკაციის ამ ნაწილში გადმოცემული და აღწერილია ქართული ეროვნული სპორტის სახეობის – ლელობურთის თამაში, რომელიც მართლმადიდებელი ეკლესიის ინიციატივით, აღდგომის დღეებში იმართება ხოლმე ქუთაისთან ახლოს მდებარე ორი სოფლის მცხოვრებთა მონაწილეობით. ლელობურთის ისტორია მე-12 საუკუნიდან იწყება და რეგბის მიმართ ქართულ პასუხს წარმოადგენს, მთელი დღის განმავლობაში გრძელდება და მთავრდება მხოლოდ იმ მომენტში, როცა ბურთს ერთ-ერთი გუნდი მეორე სოფლის მდინარეში არ ჩააგდებს, ბოლოს კი ბურთს იმქვეყნად უდროოდ წასულთაგან ერთ- ერთის საფლავზე დებენ

“ქუთაისის განაცხადი”

2016 წლიდან ქუთაისი ლოუკოსტერ Wizz Air-ის ჰაბი გახდა და ნელ-ნელა გადაიქცა საქართველოს ერთ-ერთ მთავარ საჰაერო კარიბჭედ. ერთი შეხედვით ქალაქი ვინმეს შეიძლება მხოლოდ ტრანზიტულ ქალაქად მოეჩვენოს, მაგრამ ბოლო დროს ქუთაისში ტურისტული ინფრასტრუქტურა აქტიურად ვითარდება.

საქართველომ გასულ წელს ტურისტთა რეკორდული რაოდენობა – 5,5 მილიონი უცხოელი მოგზაური – მიიღო, რომელთაგან თითქმის ერთი მეოთხედი ქვეყანაში ქუთაისის აეროპორტით შევიდა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ უცხოელი ტურისტების დიდი ნაწილი ქალაქში რჩება. სამწუხაროდ, თბილისის მიღმა, რეგიონებში არსებული სასტუმროების დატვირთვა 35%-ს არ აღემატება.

ავტორი ესაუბრება უცხოელ ბლოგერ ემილი ლაშს, რომელიც საქართველოში თავის ქმართან ერთად საკმაო ხანია ცხოვრობს და ქუთაისის აქტიური თაყვანისმცემელია. მისი აზრით, ქუთაისი ყოველთვის აძლევს უცხოელ მოგზაურს იმას, რასაც თბილისი აკლებს. „ქუთაისი საცხოვრებლად ძალიან მოხერხებული და წყნარი ქალაქია“, – ამბობს ემილი, – თბილისელებთან ან ბათუმელებთან შედარებით, ქუთაისელები ერთმანეთთან ძალიან მეგობრულად ცხოვრობენ, აქ ყველა ერთმანეთს იცნობს, მათ შორის ნამდვილი ერთიანობის გრძნობა არსებობს“.

ქუთაისელები დინჯი მოქალაქეები არიან, ამიტომ ქალაქში სიარული უფრო ფეხით არის მოხერხებული. ქუთაისში მოგზაურმა ბევრი რამ შეიძლება ნახოს: იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეტანილი ბაგრატის ტაძარი, ებრაული და კათოლიკური კვარტლები და „მწვანე ბაზარი“…

„ქუთაისი მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია, რომელიც განუწყვეტლივ ვითარდებოდა. ქუთაისს, შეიძლება ითქვას, უძირო ისტორია აქვს“, – ამბობს ემილი ლაში, – ცოტამ თუ იცის, მაგალითად, ის, რომ ქართული პანკ-როკის სამშობლო სწორედ ქუთაისია“.

ისევე როგორც მთელ საქართველოში, ღვინო და საჭმელი ქუთაისი სოციალური ცხოვრების ცენტრშია. როგორც ემილი აღნიშნავს, ღვინის ბარები Wild და Amber Wine ადგილობრივი შემოქმედებითი საზოგადოების საყვარელი ადგილებია. ქუთაისში უამრავი რესტორანი მუშაობს.

ქუთაისი – ტურიზმის ბაზა დასავლეთ საქართველოში

თავისი მდებარეობის გამო ქუთაისი რეგიონში მოგზაურობისათვის მშვენიერ და მოსახერხებელ ბაზას წარმოადგენს. „ქალაქი საავტომობილო და სარკინიგზო ტრანსპორტით საქართველოს ყველა კუთხეს უკავშირდება“, – აღნიშნავს ემილი. მართლაცდა, სულ რაღაც რამდენიმე საათში ტურისტებს შეუძლიათ მოინახულონ სვანეთი, რომლის ერთ-ერთი მაღალმთიანი სოფელი უშგული იუნესკოს სიაშია შეტანილი, ასევე რაჭა, შავი ზღვის სანაპირო – პალმებიანი აჭარა და რეგიონის ცენტრი ბათუმი, ჩაის პლანტაციებიანი გურია და ცხარე საჭმელებთ განთქმული სამეგრელო, თავისი მწვანე კანიონებით და მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით.

ქუთაისის სატრანსპორტო უპირატესობა არსად ისე არ იგრძნობა, როგორც სვანეთში – საქართველოს მაღალმთიან რეგიონში, რომელსაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ  სააკაშვილი კავკასიის შვეიცარიად გადაქცევას უპირებდა. შესაძლოა, შვეიცარიამდე სვანეთს ბევრი რამ უკლია, მაგრამ მას შემდეგ, რაც „მიშა“ საქართველოს ხელმძღვანელი აღარ არის, ბევრმა წყალმა ჩაიარა. ბოლო ათწლეულში სვანეთი სწრაფად განვითარდა – დღეს ადგილობრივი ტურისტული ინფრასტრუქტურა საკმაოდ მაღალი დონით არის წარმოდგენილი. როგორც ემილი აღნიშნავს, ქუთაისი მათთვის, ვინც სვანეთში მოგზაურობა გადაწყვიტა, საწყის საბაზო ცენტრს წარმოადგენს (პუბლიკაციაში ჩამოთვლილია სვანეთის ღისშესანიშნაობები და  სამთო-სათხილამურო ბაზები).

“იმერეთი – ევროპის ღვინის რეგიონი”

იმერეთის რეგიონი, სადაც ქუთაისი მდებარეობს, ევროპისათვის ღვინის მნიშვნელოვან რეგიონად შეიძლება იქცეს. ქუთაისიდან სამხრეთით, ქალაქური ცხოვრებიდან იმერეთის ვენახების თვალწარმტაც მოზაიკაში მოხვდებით.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ყველაზე პოპულარულ ღვინის რეგიონად კახეთი რჩება, იმერეთი თანდათანობით სახელს იხვეჭს, თავისი ცქრიალა თეთრი ღვინოებით.

ტანინით მდიდარი და „მძიმე“ კახური ღვინოებისაგან განსხვავებით, იმერული ღვინოები მსუბუქია და გამამხნევებელი. ეს განსხვავება განპირობებულია რეგიონის ნოტიო კლიმატით, კირქვიანი ნიადაგებით და იმ მცირე თიხის ჭურჭლით, რომლებშიც ღვინოს ამზადებენ – კახეთში ასეთ ჭურჭელს ქვევრი ჰქვია და ისინი უფრო დიდები არიან, ვიდრე იმერულები, რომლებსაც ჭურს უწოდებენ.

იმერეთში მეღვინეობა მნიშვნელოვანწილად ოჯახურ წარმოებად რჩება და კომერციულ-სამრეწველო სახე იმდენად არ აქვს, როგორც ეს კახეთში შეიმჩნევა. იმერლები სტუმრებს ხშირად მასპინძლობენ ღიად, ეზოში – გულუხვად და პატივისცემით, ანუ ქართულ-ტრადიციულად, თავიანთი ცნობილი ხაჭაპურის იმერული შესრულებით.

„ბაიას მარანი“ იმერეთში ყველამ იცის, აქ ხშირად შეიძლება ნახოთ ტურისტები აშშ-დან და ავსტრალიიდანაც კი.  „ღვინო ქართველისათვის ცხოვრების ნაწილს წარმოადგენს, ის მხოლოდ სასმელი არ არის“, – ამბობს ბაია აბულაძე, რომელიც ოჯახურ მარანის „ბაიას ღვინოების“ მფლობელია, ბაღდათში, ქუთაისიდან 20 წუთის სავალზე, – „პატარა ღვინის მარანი თითქმის ყველა იმერელის ოჯახშია“.

„საქართველოს დასავლეთ ნაწილს – იმერეთს – თავისი ხიბლი აქვს – მწვანე ლანდშაფტები, ცხოვრების მშვიდი რიტმი, შესანიშნავი საჭმელები და სასიამოვნო ღვინოები“, – აღნიშნავს მაია აბულაძე, – ბოლო დროს უცხოელი სტუმრები მომრავლდა, მაგრამ მაინც არასაკმარისია, რადგან იმერეთის პოტენციალი უფრო მეტია“.

შესაძლოა ქუთაისი ახლო მომავალში ტურისტებით სავსე გახდეს, მაგრამ ის სტუმრებისთვის, თავისი ცნობილი რიონით, ქუთაისელებისათვის საყვარელი მდინარით, დღესაც საოცარ ქალაქს წარმოადგენს და ასეთად დარჩება მნახველისათვის“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

წყარო: