დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შეძლებს გაერო-ს ფინანსური პრობლემების გადაჭრას, თუ გაერო მოითხოვს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შეძლებს გაერო-ს ფინანსური პრობლემების გადაჭრას, თუ მას მიმართავენ, – ამის შესახებ ტრამპმა „პოლიტიკოსთან” სატელეფონო ინტერვიუში ისაუბრა.
როგორც გამოცემა წერს, დონალდ ტრამპს არ დაუზუსტებია, აპირებს თუ არა თავად შეერთებული შტატები დავალიანების დაფარვას გაერო-ს წინაშე.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, მან არ იცოდა ამერიკის დავალიანების შესახებ, თუმცა დარწმუნებულია, რომ „პრობლემას მარტივად მოაგვარებდა”, თუ გაერო ამას მოითხოვდა.
„ისინი რომ მოსულიყვნენ ტრამპთან და ეთქვათ, ყველას დავავალდებულებდი, გადაეხადა, ისევე, როგორც ნატო-ს დავავალე გადახდა. ერთადერთი, რაც უნდა გავაკეთო, არის ამ ქვეყნებთან დარეკვა. ისინი რამდენიმე წუთში გამოგზავნიდნენ ქვითრებს”, – განუცხადა ტრამპმა „პოლიტიკოს”.
ცნობისთვის, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია „გარდაუვალი ფინანსური კოლაფსის” ზღვარზე დგას და ივლისისთვის შეიძლება, ბიუჯეტი სრულად ამოწუროს. როგორც გუტერეშმა განაცხადა, გაერო ფინანსური კრიზისის წინაშე დგას და თანხები, შესაძლოა, ივლისისთვის ამოიწუროს.
კრიტიკული ვითარების ძირითად მიზეზად აშშ-ის უარი დასახელდა, გადაიხადოს სავალდებულო საწევრო შენატანები, ასევე შეერთებული შტატების მიერ ორგანიზაციის წინაშე დაგროვილი მნიშვნელოვანი დავალიანება.