დებატებზე წინაპირობების წაყენება არის მცდელობა, გაექცე პასუხისმგებლობას, უარი თქვა საუბარზე, რომელიც არ გინდა, შედგეს, ჩვენ არანაირ წინაპირობებს არ დავაყენებთ-ალექსანდრე რაქვიაშვილი
დებატებთან დაკავშირებით სწორი ინიციატივაა, ცოტა დაგვიანებული, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. მოუთმენლად ველით დისკუსიებს ყველა მნიშვნელოვან საკითხზე – ეკონომიკაზე, საგარეო პოლიტიკაზე, – ამის შესახებ „გირჩის” წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.
რაქვიაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ დებატები მრავალფეროვანი იქნება, სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელი იქნება და ისეთი ფორმატით ჩამოყალიბდება, სადაც შეიძლება პოზიციის მკაფიოს გაშლა, რათა ამომრჩეველმა დაინახოს განსხვავებები.
„ველოდებით ფორმატებს, ველოდებით რომელ ტელევიზიებში მოხდება ეს, რაც უფრო მეტ ტელევიზიაში იქნება და რაც უფრო ხშირად ჩატარდება დებატები, მით უკეთესი. ჩვენ ნამდვილად მივიღებთ მონაწილეობას. ჩვენ, ზოგადად, სულ ვამბობდით, დებატები აუცილებელია და სულ მოწადინებული ვიყავით. მაშინაც კი, როცა ფორმატები ან რაღაც სხვა გარემოება არ მოგვწონდა, მაინც ვიღებდით მონაწილეობას იმიტომ, რომ დებატების გარეშე წარმოუდგენელია ნორმალური პოლიტიკური პროცესი”, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
მისი თქმით, დებატებთან დაკავშირებით რაღაც წინაპირობების წაყენება არის მცდელობა, გაექცე პასუხისმგებლობას ან მერე უარი თქვა საუბარზე, რომელიც არ გინდა, შედგეს.
„ჩვენთვის საუბრის მნიშვნელობა იმდენად მაღალია, რომ არანაირ წინაპირობებს არ დავაყენებთ. მაშინაც, როცა ფორმატები შეიძლება, არ მოგვწონდეს, ვეცდებით, მათ შორის დებატების პროცესში გავამახვილოთ ყურადღება შესაძლო ცვლილებებზე. საბოლოო ჯამში მთავარია, დისკუსია დაიწყოს და მერე გამოჩნდება, ვინ არის მართალი, ვინ მტყუანი და საერთოდ, როგორ უნდა წარიმართოს ასეთი დებატები. დარწმუნებული ვარ, ბევრ პოლიტიკოსს უნარებიც კი აქვს დაკარგული დებატების, იმდენად დიდი ხანია, დებატები არ გვქონია ქვეყანაში”, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.