კიევის სასამართლომ სააკაშვილის უკრაინაში დროებით, საგამოძიებო მოქმედებისთვის გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო
კიევის ბორისპოლის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დროებით, საგამოძიებო მოქმედებისთვის გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.
სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება აღსასრულებლად იუსტიციის სამინისტროს უახლოეს პერიოდში გადაეგზავნება.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი ვადიმ ზავორიტნი აცხადებს, რომ უკრაინაში 2018 წელს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებულ საქმეზე დაკითხვის მიზნით, სააკაშვილი უკრაინულ მხარეს დროებით უნდა გადასცენ.
ადვოკატი განმარტავს, რომ სააკაშვილი აღნიშნულ ფაქტზე დაზარალებულად არის ცნობილი. მისივე თქმით, უკრაინულმა სასამართლომ ქვეყნის იუსტიციის სამინისტრომ დაავალა, ქართულ მხარეს სააკაშვილის დროებითი გადაცემის შესახებ მიმართოს.
„დროებითი გადმოცემა უკრაინის ტერიტორიაზე, სწორედ ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილება. არის სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც კიევის მახლობლად რაიონული სასამართლო განიხილავს. საქმე ეხება გარემოებას, როდესაც 2018 წელს მიხეილ სააკაშვილი დაზარალებულად ცნეს. მე მაშინ მისი წარმომადგენელი ვიყავი. საქმე წარიმართა სასამართლოში და ახლა საქმის მასალების შესწავლა ხდება. მე მქონდა უფლება, მომეთხოვა მისი დროებით გადმოცემა, რომ საგამოძიებო მოქმედებები განგვეხორციელებინა. გვსურს, დავკითხოთ, როგორც დაზარალებული. ეს პოზიცია ჯერ კიდევ ძალიან ადრე შევათანხმეთ თავად სააკაშვილთან. აქამდე ვაგროვებდით ამისთვის საბუთებს და დღეს სასამართლომ დაავალა იუსტიციის სამინისტროს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართოს სააკაშვილის დროებით გადაცემაზე.
სასამართლო დაზარალებულს უშუალოდ დარბაზში თავად ჰკითხავს. მესმის, რომ ის ახლა ციხეშია, მაგრამ არსებობს პროცედურა, რომელიც გვრთავს ნებას, დაკავებული ადამიანი გადავიყვანოთ ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე. არსებობს ნორმა, რომელიც არეგულირებს, როგორ გადმოსცენ და დააბრუნონ პატიმარი. არავინ ამბობს, რომ სამუდამოდ გადმოსცენ უკრაინას“, – აცხადებს ვადიმ ზავორიტნი.