ჩვენ უნდა გავაგრძელოთ აგრესორზე ზეწოლა და ამ ომის რეალურ მიზეზზე – მიზეზი მოსკოვია-ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთს თუ ომის დასრულება სურს, ის დიპლომატიაზე გაამახვილებს ყურადღებას და არა უკრაინის ატომური ელექტროსადგურებისთვის ზიანის მიყენების მცდელობაზე.
“რუსებს ნამდვილად თუ სურთ ომის დასრულება, ისინი ყურადღებას დიპლომატიაზე გაამახვილებდნენ და არა სარაკეტო თავდასხმებზე, ელექტროენერგიის გათიშვაზე და ჩვენი ატომური ელექტროსადგურებისთვის ზიანის მიყენების მცდელობებზე.
ჩვენ გვაქვს მონაცემები იმ ობიექტების შესახებ, რომლებზეც რუსეთმა დაზვერვა ჩაატარა – დაზვერვა დარტყმების მოსამზადებლად. ყველაფერი ნათლად მიუთითებს, რომ დიპლომატია რუსეთისთვის ნამდვილად არ არის პრიორიტეტი. ამის აღიარებაა საჭირო. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ აგრესორზე ზეწოლა და ამ ომის რეალურ მიზეზზე, მიზეზი მოსკოვია.
ამ კვირაში ჩვენ ვიმუშავებთ ამ ახალი ზეწოლისა და მსოფლიოს მკაფიო პოზიციის დასადგენად რუსეთის მიმართ”, – განაცხადა მან.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ თითქმის 58 000 ადამიანი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ელექტროქსელების, გენერაციის ობიექტებისა და გათბობის ქსელის სარემონტო ჯგუფებში, “უკრაინის რკინიგზისა” და სხვა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიების რესურსების გამოყენებით.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამჟამად ელექტროენერგიის იმპორტის გაზრდის მიზნით გადაწყვეტილებები ხორციელდება.
“მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც ასრულებენ ჩვენს შეთანხმებებს საჭირო რესურსების, აღჭურვილობისა და მანქანა-დანადგარების მიწოდებასთან დაკავშირებით. კერძოდ, იტალიასთან ჩვენი შეთანხმებების ამოქმედება ახლახან დაიწყო; ეს საკითხი ჯორჯია მელონისთან განვიხილეთ: ახლა დახმარების პაკეტები – და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნივთებია, ძალიან მნიშვნელოვანი აღჭურვილობა – უკრაინაში შემოდის”, – განაცხადა ზელენსკიმ.