ფაქტია, ვენეციის კომისიამ თავის ფუნქცია დაკარგა და გადაიქცა ბიუროკრატიულ დანამატად – გია ვოლსკი
ამერიკის შეერთებული შტატების მიერ 66 საერთაშორისო ორგანიზაციის დატოვების საკითხს და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებას, გამოხმაურება მოჰყვა მმართველ გუნდში. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, ზოგიერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ბიუროკრატიის დანამატი გახდა, ხოლო აშშ-ის მიდგომა პრაგმატული გადაწყვეტილებაა.
“ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილება ახალი ადმინისტრაციის პრაგმატულ ხედვას გამოხატავს. უშველებელი თანხები იხარჯება სხვადასხვა ორგანიზაციებში, თუმცა შედეგი ამერიკის შეერთებული შტატებისათვის არ არის ისეთი მნიშვნელობის მქონე, რომელიც შეიძლება ამართლებდეს იმ ხარჯებს, რაც ამერიკის ბიუჯეტიდან გადის.
ჩვენს მიმართაც სერიოზული პრეტენზიები ჰქონდათ იგივე ვენეციის კომისიას. როდესაც ჩავუღრმავდით საკითხს, დავინახეთ, რომ ჩამოყალიბდა ბერკეტი კონკრეტული ქვეყნის მიმართ, რომელთან დაკავშირებითაც თავის პოლიტიკური შეხედულებები აქვს მარტა კოსს, კაია კალასს თუ იუკნევიჩიენეს.
ფაქტია, ვენეციის კომისიამ თავის ფუნქცია დაკარგა და გადაიქცა ბიუროკრატიულ დანამატად ბრიუსელის ბიუროკრატიისათვის”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.