1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “თურქეთს გამოცდას უწყობენ?”- უცხოური პრესა
“თურქეთს გამოცდას უწყობენ?”- უცხოური პრესა

“თურქეთს გამოცდას უწყობენ?”- უცხოური პრესა

74
0

„თურქეთს გამოცდას უწყობენ?“ – ასეთი სათაური აქვს თურქულ გაზეთ „ჯუმჰურიეთში“ (Cumhuriyet) გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორია პოლიტიკური მიმომხილველი მეჰმედ ალი გიულერი. იგი ეჭვის თვალით უყურებს ბოლო დროს ზედიზედ მომხდარ ინციდენტებს – თვითმფრინავების კატასტროფებს, შავ ზღვაში თურქეთის გემებზე თავდასხმებს, რომლებიც რატომღაც ერთმანეთთან თანმიმდევრულად მოხდა. ეს ყველაფერი უბრალო დამთხვევაა და თუ სპეციალურადაა ორგანიზებული? და თუ ორგანიზებულია, ვინ დგას ამ დრამატული მოვლენების უკან?

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

გავიხსენოთ მოვლენები:

ანკარის აეროპორტიდან გაფრენის შემდეგ ავარია განიცადა თვითმფრინავმა, რომლის ბორტზე ლიბიის სამხედრო სარდლობის დელეგაცია იმყოფებოდა, არმიის გენშტაბის უფროსის მუჰამედ ალ-ჰადადის ხელმძღვანელობით.  ყველანი დაიღუპნენ.

განჯის (აზერბაიჯანის) აეროდრომიდან გაფრენის შემდეგ ავარია განიცადა თურქეთის სამხედრო თვითმფრინავმა, რომელიც მეზობელ საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ბორტზე მყოფები ყველა დაიღუპა.

შავ ზღვაში, თურქეთის ეკონომიკურ ზონასთან ახლოს მყოფ სავაჭრო გემებს შეუტიეს, რომლებიც რუსული ნავთობით იყვნენ დატვირთულნი. ტვირთი რომელი ქვეყნისაც არ უნდა იყოს, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ ამ დროს საფრთხე შეექმნა თურქეთის სუვერენიტეტს.

იზმაილში, უკრაინის პორტში მყოფ თურქეთის დროშით მცურავ გაზის ტანკერს დრონმა შეუტია. გაჩნდა ხანძარი. მეზღვაურები გადარჩნენ, მაგრამ დღემდე უცნობია, ვინ იყო თურქულ ტანკერზე შეტევის ორგანიზატორი.

თურქეთის საჰაერო სივრცე ბოლო თვეში რამდენიმე უცნობმა დრონმა დააღვია. ერთ-ერთი დრონი თურქულმა F-16-მა ჩამოაგდო, კიდევ ერთი კი ქალაქ იზმითთან ახლოს იპოვეს, რომელიც რუსული უპილოტო თვითმფრინავი „ორლანი“ აღმოჩნდა.

განა ეს უბრალო დამთხვევაა? განა ბევრი არ არის მოკლე დროში ერთი ქვეყნის მიმართ ამდენი ინციდენტი?

შესაძლოა ზოგიერთი ფაქტი მართლაც  უბრალო დამთხვევაა, მაგრამ ასევე სავარაუდოა, რომ გარკვეული მოვლენები თურქეთის გარკვეულ „შემოწმებას თუ გამოცდას“ ემსახურება. კერძოდ, სიუჟეტები, რომლებიც დაკავშირებულია საჰაერო სივრცესთან, არ შეიძლება იყოს შემთხვევითი, თუ აშშ-ის ელჩის ტომ ბარაკას განცხადებას გავიხსენებთ: „რუსული რაკეტების С-400-ების საკითხი სამი-ოთხის განმავლობაში გადაწყდებაო“. ხოლო როცა საქმე ეხება С-400-ებს, ბუნებრივია, დღის წესრიგში დგება საკითხი თურქეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვასთან დაკავშირებით. იქნებ სპეციალურად ამოწმებენ თურქეთის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემებს?

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ მომენტს, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტი ხდება შემდეგი პოლიტიკური მოვლენების ფონზე.

– აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ისრაელს, საბერძნეთს და სამხრეთ კვიპროსს განზრახული აქვთ სამხედრო თანამშრომლობის განმტკიცება (პლუს უსაფრთხოების სფეროშიც), რომელიც თურქეთის წინააღმდეგ არის მიმართული. სამი ქვეყანა გეგმავს „სწრაფი რეაგირების ერთობლივი ძალების შექმნას.

– ისრაელს, საბერძნეთს და სამხრეთ კვიპროსს, აშშ-ის მხარდაჭერით, სურთ ორი საკმაოდ დიდი ხნის წინათ გადადებული პროექტის რეანიმირება: ა) გაზსადენ EastMed-ის (Eastern Mediterranean pipeline) პროექტი, რომელიც ისრაელის გაზის ტრანსპორტირებას ითვალისწინებს ევროპაში, კვიპროსისა და კრეტას გავლით, ბ) სატრანსპორტო დერეფანი „ინდოეთი-ახლო აღმოსავლეთი-ევროპა“ (IMEC).

– აშშ-ისრაელის დუეტმა სამხრეთ კავკასიის საქმეებში ჩარევაც დაიწყო: ისრაელი ავითარებს სამხედრო ურთიერთობას აზერბაიჯანთან, მაშინ როცა აშშ-მა ზანგეზურის დერეფანი „ტრამპის მარშრუტად“ გადააქცია.

– „სირიის დემოკრატიული ძალების“ ინტეგრაცია, რომელსაც მხარს უჭერენ აშშ და ისრაელი, თანაც თურქეთს არაფერს არ ეკითხებიან. ისრაელი აგრძელებს გოლანის მაღლობების ოკუპაციას და კონტროლის ზონას თანდათან აფართოებს. სხვათა შორის, სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელობამ ქვეყნის რუკა პირველად გამოაქვეყნა გოლანის მაღლობების გარეშე.

– და ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, რომელსაც ყველა ზემოთ თქმული უკავშირდება: აშშ ცდილობს ახალი წესრიგი დაამყაროს ახლო აღმოსავლეთში, ისრაელის ჰეგემონიით.

და კიდევ ერთხელ უნდა იტქვას: ისრაელ-აშშ-ის ამ სტრატეგიული თუ ტაქტიკური ნაბიჯების ხდება თვითმფრინავების ავარიები, ტანკერებზე შეტევები, თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევა დრონების მიერ…

აშკარაა, რომ აღნიშნული პოლიტიკური მოვლენების მონაწილეებს, რომლებიც კულისებიდან მოქმედებენ, სამიზნე უკვე შერჩეული აქვთ – თურქეთ-რუსეთის ურთიერთობები. პირდაპირ ვთქვათ: ვაშინგტონ-თელ-ავივის დუეტს ეცოტავება „ასტანის პლატფორმის“ განეიტრალება, რომლის მონაწილეები თურქეთი, ირანი და რუსეთი არიან და ახლა თურქეთ-რუსეთის ურთიერთობების საბოლოოდ დანგრევას ცდილობენ.

და ნამდვილი ტკივილი იმაა გამოწვეული, რომ თურქეთი, ნაცვლად იმისა, რომ ყურადღება დაუთმოს უსაფრთხოების მრავალ პრობლემას, სამწუხაროდ, მთელ თავის ენერგიას შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში ხარჯავს, ხელისუფლებისათვის ბრძოლაში.

 

წყარო: