ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი რჩება
ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი რჩება. გადაწყვეტილება სემეკის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
როგორც სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა, გადაწყვეტილება კომისიამ არსებული გარემოებებიდან გამომდინარე მიიღო.
„კომისიამ იმსჯელა არსებული გარემოებების გათვალისწინებით და დატოვა სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი. სამომხმარებლო ტარიფები შედგება ორი კომპონენტისგან – ერთი არის ელექტროენერგიის განაწილების ტარიფი და მეორე – უშუალოდ ენერგიის ტარიფი. ამ ყველაფერს საფუძვლად დაედო ის, რომ დაზუსტდება სხვადასხვა გენერაციის ობიექტების მიერ მომდევნო პერიოდში მისაღები ენერგიის მოცულობები და შესაბამისი ღირებულებები. ამიტომ, იმისათვის, რომ შემდგომი დაანგარიშება უფრო ზუსტი ყოფილიყო, კომისიისთვის მნიშვნელოვანია, ეს პარამეტრები დაზუსტებული ფორმით მივიღოთ. ასევე, კომპანია „ენერგო-პროს” ნაწილში საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა მცირედით დაკორექტირდეს მათი წარმოდგენილი საინვესტიციო გეგმა. აღნიშნულ მოცემულობებზე დაყრდნობით, ჩვენ გამოვიყენეთ კანონით ჩვენთვის მინიჭებული უფლებამოსილება და დროებით, სამი თვის ვადით, არსებული ტარიფები უცვლელი დავტოვეთ”, – აცხადებს დავით ნარმანია.
სემეკის თავმჯდომარის თქმით, მთავრობასთან კონსულტაციები ჰქონდათ გენერაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
„ეს იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც საჭიროებდა დაზუსტებას, ასევე იმ პროექტებთან დაკავშირებით, რომლებიც რეგიონებში უნდა განხორციელდეს”, – აღნიშნა სემეკის თავმჯდომარემ.