1. Home
  2. TOP სიახლე
  3. თბილისის ბიუჯეტი ემსახურება ყველა მოქალაქეს, მიუხედავად მისი პოლიტიკური შეხედულებებისა, განსხვავებული აზრისა თუ არჩევანისა – თბილისი არის ყველას ქალაქი -კახა კალაძე
თბილისის ბიუჯეტი ემსახურება ყველა მოქალაქეს, მიუხედავად მისი პოლიტიკური შეხედულებებისა, განსხვავებული აზრისა თუ არჩევანისა – თბილისი არის ყველას ქალაქი -კახა კალაძე

თბილისის ბიუჯეტი ემსახურება ყველა მოქალაქეს, მიუხედავად მისი პოლიტიკური შეხედულებებისა, განსხვავებული აზრისა თუ არჩევანისა – თბილისი არის ყველას ქალაქი -კახა კალაძე

83
0

თბილისის საკრებულოში დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტს განიხილავენ. მთავარი ფინანსური დოკუმენტის ძირითარი პარამეტრების წარდგენამდე, საკრებულოს წევრებს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მიმართა.

მისი თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტის საერთო მოცულობა შეადგენს 2 193 388 700 ლარს, რაც 219 823 300 მეტია 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წელი დგება ჩვენი დედაქალაქისთვის, მისი განვითარებისთვის. შესაბამისად, სრული შემართებით, 24-საათიანი შრომის მზაობით ვხვდებით 2026 წელს. ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით ყველა იმ პროექტს თუ სამუშაოს, რომლის განხორციელებაც ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო. როგორც უკვე იცით, თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საერთო მოცულობა შეადგენს 2 193 388 700 ლარს. ეს მაჩვენებელი 219 823 300 მეტია 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით. ეს კი გვაძლევს საფუძველს, გესაუბროთ იმ კონკრეტულ გეგმებზე, რამაც თითოეული თბილისელის ცხოვრება უნდა გახდოს კიდევ უფრო კომფორტული და ღირსეული”, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ის, რომ დღეს არსებობს შესაძლებლობა, დედაქალაქს ჰქონდეს გაზრდილი ბიუჯეტი და განახორციელოს ესა თუ ის მნიშვნელოვანი პროექტი, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კურსის დამსახურებაა.

„იქ, სადაც არის მშვიდობა, სადაც მთავარი და უმთავრესი ქვეყნის და მოსახლეობის ინტერესებია, არის განვითარება, ქალაქებზე ზრუნვა და წინსვლა. მშვიდობიან პოლიტიკას მოაქვს მოსახლეობის ნდობა, ნდობა კი არის ფუნდამენტი, რომელზეც შენდება სახელმწიფო. საბოლოდ ეს ყველაფერი, ისევ და ისევ, მოქალაქეების ყოველდღიურ ყოფაზე აისახება – შეუფერხებელი სერვისები, უსაფრთხო გარემო, გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა, ახალი ინვესტიციები, მზარდი ბიზნესსექტორი ნიშნავს მშვიდობიან და ძლიერ სახელმწიფოს. სწორედ ამიტომ, „ქართული ოცნების” დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა, მმართველ პოლიტიკურ გუნდთან ერთად, ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო ხმამაღლა საუბარი ე.წ. მეგობრების მხრიდან წამოსულ საფრთხეებზე, რომლის მიზანიც იყო საქართველოს ჩართვა რუსეთ-უკრაინის ომში და სანქციებზე მიერთება. ცხადია, ჩვენ ვთქვით უარი საქართველოს განადგურებაზე და დავიცავით ჩვენი ქვეყნის ინტერესები. ეს იყო საქართველოს გადარჩენის ერთადერთი გზა”, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში დღეს არსებობს ეკონომიკური სტაბილურობა, კიდევ უფრო გამართული და ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები, გაზრდილი ტურიზმი და სტაბილური ბიზნესგარემო.

„მიუხედავად არაერთი მცდელობისა, ქვეყანაში გაგვეხსნა მეორე ფრონტი, საუბარი იყო იმაზეც, რომ უნდა მივერთებოდით სანქციებს, რომელიც უმძიმესი იქნებოდა ქვეყნის ეკონომიკისთვის, რაც გამოიწვევდა შემცირებულ ტურიზმს, გაჩერებულ ბიზნესს, დღეს გვაქვს ეკონომიკური სტაბილურობა, კიდევ უფრო გამართული და ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები, გაზრდილი ტურიზმი, სტაბილური ბიზნესგარემო და დღეს აქ, თბილისის საკრებულოში უნდა დავამტკიცოთ დედაქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი – გაზრდილი ბიუჯეტი, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, განვახორციელოთ ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც თბილისელებს დავპირდით”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე შეფასებით, თბილისის ბიუჯეტი ემსახურება ყველა მოქალაქეს, მიუხედავად მისი პოლიტიკური შეხედულებებისა, განსხვავებული აზრისა თუ არჩევანისა, რადგან თბილისი ყველას ქალაქია.

„დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ქალაქისთვის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხზე – თბილისის ბიუჯეტზე, რომელიც არ არის უბრალოდ ციფრები. ეს არის გეგმა, როგორ ვხედავთ ჩვენი ქალაქის ხვალინდელ დღეს, მის მომავალს. თბილისის ბიუჯეტი ემსახურება ყველა მოქალაქეს, მიუხედავად მისი პოლიტიკური შეხედულებებისა, განსხვავებული აზრისა თუ არჩევანისა. თბილისი არ ეკუთვნის რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს, თბილისი არის ყველას ქალაქი. უფრო მეტიც, თბილისი არა მხოლოდ აქ მცხოვრები ადამიანების ქალაქია, არამედ საქართველოს გულია, მისი დედაქალაქი და მის ბედზე თანაბრადაა პასუხისმგებელი ყველა. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, თბილისის ბიუჯეტის დამტკიცება არის გადაწყვეტილება, რომელიც უნდა გვაერთიანებდეს. ეს არის საერთო მიზნებზე დაფუძნებული დოკუმენტი. შესაბამისად, იმედი მაქვს დღეს გვექნება საქმიანი, თანამშრომლობის სურვილით განმსჭვალული დისკუსია.

ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებს საკრებულოს წევრებს თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე წარუდგენს.