წლევანდელი საახალწლო სლოგანი იქნება “სიკეთით სავსე ქალაქი” -კახა კალაძე
მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, ვფიქრობ, ყველაზე მეტად რაც გაგვაძლიერებს, რაც მთავარი მამოძრავებელი ძალაა ყველა კარგი საქმის კეთების დროს – ეს არის სიკეთე, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, წლევანდელი საახალწლო სლოგანი იქნება „სიკეთით სავსე ქალაქი“.
„ახალი წლის ღონისძიებებთან ერთად, ჩვენ ყოველწლიურად გვაქვს საახალწლო სლოგანიც, რომელიც ძირითადად უკავშირდება წლის მიხედვით მიღწეულ შედეგებს, წარმატებებსა და იმ სულისკვეთებას, რომელიც ჩვენი ქალაქის მიმართ გვამოძრავებს. ბოლო წლების განმავლობაში, გვქონდა ბევრი წარმატება, გამარჯვება, თუმცა გვქონდა გარდამტეხი მომენტებიც, რომლებმაც ჩვენი საზოგადოება სხვადასხვა მხარეს აღმოაჩინა; გვაკლდა ერთმანეთის, სამშობლოს მიმართ სიყვარული, ურთიერთპატივისცემა და სხვისი პოზიციის მიმღებლობა; დავდექით მშვიდობის დაკარგვისა და ომის დაწყების ზღვარზე; მოვიპოვეთ საერთაშორისო წარმატება და პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ჩვენი საფეხბურთო ნაკრების დამსახურებით, ევროპაში ხმამაღლა დავაფიქსირეთ, რომ ჩვენ ვართ საქართველო“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, საახალწლო სლოგანები ძირითადად უკავშირდება წლის მიხედვით მიღწეულ შედეგებს, წარმატებებსა და იმ სულისკვეთებას, რომელიც საზოგადოებას ქალაქის მიმართ ამოძრავებს.
„მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, ვფიქრობ, ყველაზე მეტად რაც გაგვაძლიერებს, რაც მთავარი მამოძრავებელი ძალა და მოტივატორია ყველა კარგი საქმის კეთების დროს – ეს არის სიკეთე. ვფიქრობ, უფრო მეტი სიკეთე გვმართებს ერთმანეთის, ჩვენი ქალაქის, გაჭირვებაში მყოფი ადამიანების, განსხვავებული პოლიტიკური აზრის მქონე მოქალაქეების მიმართ; უნდა შევძლოთ და კეთილი ზრახვით, არა ბოღმითა და შურით ვაშენოთ ჩვენი ქალაქის, ქვეყნის მომავალი; სიკეთე უნდა იყოს წამყვანი ფაქტორი ჩვენი შვილების აღზრდის საქმეში, რათა მათ შეძლონ, ღირსეულად ემსახურონ საკუთარ სამშობლოს. სწორედ ამიტომ, წლევანდელი საახალწლო სლოგანი იქნება – „სიკეთით სავსე ქალაქი“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
ამასთან, კახა კალაძემ მომავალ წელს მოსახლეობას სიკეთე, სულიერი სიმშვიდე და თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება უსურვა.
„ჩვენი, ყველას საახალწლო სურვილიც იქნება მეტი სიკეთე, სიყვარული და პატივისცემა სუფევდეს ჩვენს ყოველდღიურობაში, რადგან არავის სიამოვნებს ის გარემო და მდგომარეობა, რომელშიც დღეს საზოგადოება იმყოფება. დაიღალა მოსახლეობა დაძაბულობით, შეურაცხყოფით, ლანძღვით, ერთმანეთისგან გარიყვით. მესმის, რომ შეიძლება გვქონდეს განსხვავებული შეხედულებები, თუნდაც პოლიტიკური, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს ცივილური და არ უნდა ძაბავდეს საზოგადოებას. ყველას გისურვებთ სიკეთეს, სულიერ სიმშვიდეს და ძლიერ, ღირსეულ, თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრებას. სიკეთე, სიყვარული და დოვლათი იყოს ჩვენი ოჯახების თანმდევი“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.