რომელიმე ელჩს თუ აქვს რადიკალურ ჯგუფებთან კონტაქტის სურვილი, მისი თავისუფლებაა, შეხვდეს, მაგრამ შეეგუოს იმასაც, რომ გვექნება კომენტარი და რეაქცია -შალვა პაპუაშვილი
რომელიმე ელჩს თუ სურს, ჰქონდეს პირადი თუ ოფიციალური კონტაქტი რადიკალურ ჯგუფებთან, ეს მისი თავისუფლებაა, შეხვდეს, მაგრამ ასევე შეეგუოს, რომ ამაზე გვექნება ჩვენი კომენტარი თუ რეაქცია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ „საქართველოს რეფორმების ასოციაციის” ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე და საქართველოში საფრანგეთის ელჩი ოლივიე კურტო ფარულად შეხვდნენ ერთმანეთს საელჩოში.
„ნებისმიერი ქვეყნის ელჩი თავისუფალია, შეხვდეს მას, ვისაც სურს, უნდა სახლში, უნდა – საელჩოში. ნებისმიერი ქვეყნის ელჩი როდესაც ხვდება რადიკალებს, ის ასევე უნდა შეეგუოს, რომ ამას მოჰყვება შესაბამისი შეფასება საზოგადოების მხრიდან. ამიტომ, ეს არ არის მოძრაობის ცალმხრივი გზა, ეს არის ორმხრივი გზა მოძრაობის. თუკი რომელიმე ელჩს სურს, ჰქონდეს პირადი თუ ოფიციალური კონტაქტი რადიკალურ ჯგუფებთან, ეს მისი თავისუფლებაა, შეხვდეს, მაგრამ ის ასევე უნდა შეეგუოს, რომ ამაზე ჩვენ გვექნება კომენტარი თუ რეაქცია იმ შემადგენლობიდან გამომდინარე, ვინც შეიძლება იყვნენ ამ შემთხვევაში მონაწილეები.
თუ არ ვცდები, შეხვდა მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის კუთვნილ მედიას. ესეც ხომ აჩვენებს სელექციურ მიდგომას? მაგრამ ესეც მისი არჩევანია. ესეც არის ვენის კონვენციის ნაწილი, რომ მას შეუძლია, შეხვდეს ვისაც უნდა. მაგრამ მერე ნურავის ეწყინება, ჩვენ თუ ამასთან დაკავშირებით განცხადებას გავაკეთებთ. ეს არის სამართლიანი თამაშის წესები. ზოგადად, გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია და ამ მხრივ მნიშვნელოვანი იქნებოდა, გამჭვირვალე ყოფილიყო ასეთი სახის კონტაქტები. თუმცა, კიდევ ერთხელ, ეს მისი არჩევანია. რაც უფრო ფარულია, მით უფრო მეტ კითხვებს იწვევს ხოლმე. ელჩს თუ სურს, რომ მედიის ტყავში თუ „ენჯეოების” ტყავში დაფარულ პოლიტიკოსებს შეხვდეს, რა თქმა უნდა, იქ პოლიტიკური შეფასებები მოჰყვება”, – განაცხადა პაპუაშვილმა.