სააკაშვილის წამოყვანა ჩვენი დღის წესრიგის ნაწილია, მივმართავთ საქართველოს ოფიციალურ ხელისუფლებას, მოგვცენ საშუალება, უკრაინაში თუ არა, სხვა ქვეყანაში მაინც გადავიყვანოთ სამედიცინო მიზნებით-მიხაილ პოდოლიაკი
მივმართავთ საქართველოს ოფიციალურ ხელისუფლებას, მოგვცენ საშუალება, სააკაშვილი თუ უკრაინაში არა, სხვა ქვეყანაში მაინც გადავიყვანოთ სამედიცინო მიზნებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა „ტვ პირველთან” ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილის საქართველოდან გადაყვანის საკითხი უკრაინის დღის წესრიგის ნაწილია.
„რაც შეეხება შესაძლებლობას, რომ სააკაშვილი წამოვიყვანოთ, ეს ჩვენი დღის წესრიგის ნაწილია. უკრაინა აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე. პრეზიდენტ ზელენსკის არაერთხელ გამოუთქვამს თავისი პოზიცია სააკაშვილთან დაკავშირებით, რადგან მას მივიჩნევთ უკრაინის სრულუფლებიან მოქალაქედ და, ამასთან, რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ის საქართველოს გულია. ევროპელ თუ ამერიკელ კოლეგებთან ერთად ვაკეთებთ მიმართვებს, იქნება ეს საგარეო საქმეთა სამინისტრო თუ პრეზიდენტის ოფისი. კიდევ ერთხელ მივმართავთ საქართველოს ოფიციალურ ხელისუფლებას, მოგვცენ საშუალება, სააკაშვილი თუ უკრაინაში არა, სხვა ქვეყანაში მაინც გადავიყვანოთ სამედიცინო მიზნებით. სხვა იურიდიული ფორმა თუ გამოჩნდება, უკრაინის პრეზიდენტი ამ ფორმულებით ისარგებლებს. ჩემთვის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე, უპირობოდ, ძალიან მნიშვნელოვანი და ფასეულია”, – განაცხადა პოდოლიაკმა.