1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “პუტინის 20-ზე მეტ ნათესავს სახელმწიფო პოსტები აქვთ დაკავებული”-Deutsche Welle
“პუტინის 20-ზე მეტ ნათესავს სახელმწიფო პოსტები აქვთ დაკავებული”-Deutsche Welle

“პუტინის 20-ზე მეტ ნათესავს სახელმწიფო პოსტები აქვთ დაკავებული”-Deutsche Welle

147
0

„რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო თანამდებობებზე მოაწყო თავისი შვილების ოჯახების წევრები, მათი ცოლები და ქმრები, საყვარლები, ბიძაშვილები და სხვა ნათესავები. ყველაზე მაღალი პოსტები მიიღეს  იმ ახლობლებმა, რომლებიც პრეზიდენტის ბიძაშვილის ევგენი პუტინის შტოს მიეკუთვნებიან“, – წერს გერმანული „დოიჩე ველე“ (Deutsche Welle), რუსეთში აკრძალული საგამოძიებო-კვლევითი ჟურნალისტური გამოცემის „პროექტის“ (Проект) მიერ 6 ნოემბერს გამოქვეყნებული მასალების საფუძველზე. სტატიის სათაურია “პუტინის 20-ზე მეტ ნათესავს სახელმწიფო პოსტები აქვთ დაკავებული” (ავტორი – ოლღა ლებედევა).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

როგორც გამოცემა „პროექტი“ (დამფუძნებელი რომან ბადანინი, ტელეარხ „დოჟდის“ მთავარი რედაქტორი ) იუწყება, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის 24 ნათესავი იკავებს ისეთ თანამდებობებს, რომლებიც ხელისუფლებასთან არიან დაკავშირებულები. საბიუჯეტო ხელფასებს იღებენ პრეზიდენტის ორივე ქალიშვილის – მარია ვორონცოვასა და ეკატერინა ტიხონოვას, ასევე ბიძაშვილების – ევგენი და იგორ პუტინების, ლიუბოვ შელომოვასა და ლიუბოვ კრუგლოვას ოჯახების წევრები.

გარდა ამისა, ვლადიმერ პუტინი სახელმწიფო თანამდებობის მიღებაში დაეხმარა ყველა მისი ოთხივე საყვარელი ქალის – ყოფ. ცოლის ლიუდმილა ოჩერეტნაიას, ალინა კაბაევას, სვეტლანა კრივონოგის და ალისა ხარჩევას ოჯახის წევრებს.

“ბიძაშვილები უნდა გიყვარდეს და პატივს სცემდე…”

ყველაზე მაღალი თანამდებობები აქვთ პრეზიდენტის ბიძაშვილის ევგენი პუტინის ახლობლობას და ნათესაობას: ანა ცივილევამ და სერგეი ცივილევმა (ცოლ-ქმარმა), ასევე ბიძაშვილიშვილმა მიხეილ პუტინმა – როგორც მთავრობაში, ასევე სახელმწიფო კონცერნ „გაზპრომში“. ანა ცივილევა რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეა, მისი ქმარი სერგეი ცივილევი კი – რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი. ანა ცივილევას ძმა მიხეილ პუტინი „გაზპრომის“ მაღალჩინოსანს წარმოადგენს: 2018 წლიდან იგი კონცერნის მმართველთა საბჭოს წევრია.

ვლადიმერ პუტინის ბიძაშვილის (მამის მხრიდან) ლიუბოვ კრუგლოვას შტო სხვა სახელმწიფო კომპანიას აკონტროლებს: მისი ძმისშვილი ვიქტორ ხმარინი ხელმძღვანელობს გიგანტურ კონცერნს „რუსჰიდროს“. პრეზიდენტის ერთ-ერთი სიძე იგორ ზელენსკი (ეკატერინე ტიხონოვას არაოფიციალური „სამოქალაქო“ ქმარი) კურირებდა რიგ მსხვილ  მშენებლობებს სევასტოპოლში.

შეიძლება ითქვას, რომ  ბოლო 100 წლის განმავლობაში რუსეთის (სსრ კავშირის) მმართველთა ნათესავების სახელმწიფო თანამდებობებზე დასაქმება ვლადიმერ პუტინის მხრიდან რეკორდულია. რასაკვირველია, პუტინის წინამორბედთა ახლობლები და ნათესავებიც იღებდნენ სახელმწიფო პოსტებს, მაგრამ არა ასეთი მასშტაბით. კერძოდ, ხელისუფლებასთან კავშირი ჰქონდა პრეზიდენტ ბორის ელცინის არაუმეტეს  ხუთ ნათესავს. არადა, თავის დროზე ბორის ელცინი „ნათლიმამობის“ ერთგვარ სიმბოლოს წარმოადგენდა – ჟურნალისტები რუსეთის ხელისუფლებაში მყოფ მის ახლობლებს „პრეზიდენტის ოჯახობას“ უწოდებდნენ.

„ნათლიმამობა“ საბჭოთა რუსეთში და სსრკ-ში  

საბჭოთა ბელადებიც სცოდავდნენ სახელმწიფო პოსტებზე თავიანთი ახლობლებისა და ნათესავების დანიშვნაში. ვლადიმერ ლენინის (ულიანოვის) ცოლი ნადეჟდა კრუპსკაია განათლების სახალხო კომისრის მოადგილე იყო. პროლეტარიატის დიდ ბელადს ასევე ჰყავდა საყვარელი ქალი ინესა არმანდი (ეროვნებით ფრანგი ელისაბედ დერბანვილი), რომელიც 1918-1920 წლებში რუსეთის კომპარტიის (ბოლშ.) ცენტრალური კომიტეტის ქალთა განყოფილებას ხელმძღვანელობდა.

იოსებ სტალინის ვაჟი, გენერალ-ლეიტენანტი ვასილი სტალინი მეთაურობდა სსრკ შეიარაღებული ძალების მოსკოვის სამხედრო ოლქის სამხედრო საჰაერო ძალებს, ხოლო ნიკიტა ხრუშჩოვის სიძე ალექსი აჯუბეი – გაზეთ „იზვესტიის“ მთავარი რედაქტორი და სკკპ ცენტრალური კომიტეტის წევრი იყო. ლეონიდ ბრეჟნევის ვაჟს იური ბრეჟნევს საგარეო ვაჭრობის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტი ჰქონდა დაკავებული, ხოლო სკანდალურად ცნობილი ქალიშვილი გალინა ბრეჟნევა ფორმალურად სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოს ერთ-ერთ ხელმძღვანელად „მუშაობდა“. იური ანდოპოვის ვაჟს იგორ ანდროპოვს კი საგანგებო და სრულფლებიანი ელჩის წოდება ჰქონდა, იყო სსრ კავშირის დიპლომატიური წარმომადგენელი საბერძნეთში. კონსტანტინე ჩერნენკოს ძმა ნიკოლოზი სსრკ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო, ხოლო ვაჟი ვლადიმერი – ჯერ სსრკ „სახკინოს“ ხელმძღვანელის თანაშემწე, შემდეგ კი „სახფილმოფონდის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

ბუნებრივია, საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელების ზოგიერთი სხვა ნათესავებიც იღებდნენ მაღალ სახელმწიფო პოსტებს, მაგრამ არა ისეთი მასშტაბით, როგორც ვლადიმერ პუტინის ოჯახობა და ახლობლები.

 

წყარო: