1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ზამთრის დადგომამდე ცოტა ხნით ადრე რუსეთის დრონებისა და რაკეტების სამიზნე უკრაინის გაზის ინფრასტრუქტურა გახდა”
“ზამთრის დადგომამდე ცოტა ხნით ადრე რუსეთის დრონებისა და რაკეტების სამიზნე უკრაინის გაზის ინფრასტრუქტურა გახდა”

“ზამთრის დადგომამდე ცოტა ხნით ადრე რუსეთის დრონებისა და რაკეტების სამიზნე უკრაინის გაზის ინფრასტრუქტურა გახდა”

47
0

შვეიცარიის გერმანულენოვან გაზეთ Neue Zürcher Zeitung-ში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: “ზამთრის დადგომამდე ცოტა ხნით ადრე რუსეთის დრონებისა და რაკეტების სამიზნე უკრაინის გაზის ინფრასტრუქტურა გახდა“ (ავტორი – ფოლკერ პაბსტი). „რუსეთი ადრე არ აზიანებდა უკრაინის გაზმომარაგების სისტემას, მაგრამ მას შემდეგ, რაც კიევმა რუსული გაზის ტრანზიტზე უარი განაცხადა, მოსკოვმა ელექტროენერგეტიკის ობიექტებთან ერთად, უკრაინის გაზსადენებს, გაზის საბადოებს და გაზსაცავებსაც შეუტია“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

ზამთრის მოახლოების კვალობაზე მოსკოვმა კვლავ გააძლიერა დარტყმები უკრაინის ენერგოსექტორის ობიექტებზე. ომის დაწყების შემდეგ რუსეთი ყოველ შემოდგომაზე ცდილობს „მოსახლეობის დემორალიზებას“, თუმცა კრემლის არმიის მოქმედებაში დღეს მნიშვნელოვანი ცვლილება შეინიშნება: თუ წინა წლებში მოსკოვი უკრაინის ელექტროგადამცემ ხაზებს, თბო- და ჰიდროელექტროსადგურებს, ელექტროდენის ტრანსფორმატორებს ბომბავდა, მაგრამ გაზით მომარაგების ინფრასტრუქტურას ხელუხლებელს ტოვებდა, ახლა ყველაფერს ურტყამს და მათ შორის, განსაკუთრებით გაზის ინფრასტრუქტურასაც, რომელიც ცენტრალურ ფაქტორად ითვლება გათბობის სეზონში.

გასულ კვირას, სამშაბათს, რუსეთმა მასირებულად – 450 დრონით და 30 ბალისტიკური რაკეტით –  დაბომბა კიევის, ხარკოვის, ოდესისა და სუმის ოლქების ენერგოობიექტები: ქვეყნის პრემიერ-მინისტრის იულია სვირიდენკოს შეფასებით, „ქვეყნის ენერგოსექტორზე ერთ-ერთი უდიდესი შეტევა განხორციელდა“. დასავლური მასმედიის შეფასებით, მოსკოვი გასულ შემოდგომაზეც აქტიურად ცდილობდა უკრაინის ენერგოსისტემის განადგურებას, მაგრამ საბოლოო წარმატებას მაინც ვერ მიაღწია. მაგრამ ახლა, როცა რუსეთის სამხედრო მრეწველობა დიდი რაოდენობით უშვებს საბრძოლო დრონებს, ბალისტიკურ რაკეტებს და ე.წ. „მფრინავ ბომბებს“, დაბომბვის არეალში, ელექტროსისტემასთან ერთად, ბუნებრივი გაზის მოპოვება-განაწილების სისტემაც მოექცა.

რუსეთის მიზანი: უკრაინა გაზის გარეშე

კრემლმა გადაწყვიტა, რომ უკრაინის გაზით მომარაგების სისტემის განადგურების დროც დადგა: ხუთშაბათს რუსეთის არმიამ ხარკოვისა და პოლტავის ოლქებში არსებული უკრაინის სახელმწიფო კონცერნის „ნაფტოგაზის“ ობიექტების დასაბომბად 60 უპილოტო საფრენი აპარატი და 35 ფრთოსანი რაკეტა გაუშვა, რის შედეგადაც გაზის შიდა მოპოვება (ანუ ჭაბურღილების განადგურება-დაზიანების გამო), 60%-ით შემცირდა.

რუსული მხარე გაზის მოპოვების ობიექტების დაბომბვას ამართლებს და თვლის, რომ ეს არის უკრაინის მიერ რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვის პასუხი, ანუ კრემლის „შურისძიება“.

უკრაინას საკმაოდ აქვს ბუნებრივი გაზის საბადოები, თუმცა მთლიანად საკუთარ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს – 2020 წლის მონაცემებით, კიევმა 16 მილიარდი კუბმეტრი გაზი მიიღო ევროპის ქვეყნებიდან („რევერსული წესით“) და რუსეთიდან (გაზის ტრანზიტით), თუმცა ომის დაწყების შემდეგ, როცა რუსეთმა ტერიტორიების ოკუპირება მოახდინა, გაზის მოხმარება, რასაკვირველია, იმდენი აღარ არის, რამდენიც ადრე იყო. აქედან გამომდინარე, კიევს ახლა მარტის თვემდე ადრინდელი 16 მილიარდის ნაცვლად, 4,4 მილიარდი კუბმეტრი ბუნებრივი გაზის იმპორტი დაჭირდება. ერთი შეხედვით, ეს რაოდენობა შედარებით მცირეა და წესით, უკრაინას შესყიდვა არ უნდა გაუჭირდეს, მაგრამ… თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დღეისათვის ევროპის ქვეყნებმა რუსული გაზის იმპორტი მინიმუმამდე შეამცირეს და ახლა გაზს აშშ-დან და სკანდინავიიდან იღებენ, თანაც შედარებით ძვირად და რუსეთმაც უკრაინის ტერიტორიაზე გაზის ტრანზიტი შეწყვიტა, კიევისათვის ევროპაში გაზის შესყიდვა საკმაოდ პრობლემატური გახდა.

ალტერნატივა არის, მაგრამ შანსები მცირეა

უკრაინას ევროპაში უდიდესი მიწისქვეშა გაზსაცავები აქვს, მაგრამ მათ ბოლომდე ვერ ავსებს. ქვეყანა ევროპულ გაზსატრანსპორტო ქსელს უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის მეშვეობით უკავშირდება.

მიმდინარე წლის ივლისიდან მოქმედებს ახალი მიმართულებაც: ტრანსბალკანური გაზსადენი, რომელიც კიევს შესაძლებლობას აძლევს [საქართველოსა და თურქეთის გავლით], აზერბაიჯანული გაზი მიიღოს, ასევე თხევადი გაზიც, საბერძნეთისა და ხორვატეთის გაზოტერმინალების მეშვეობით.

უფასო გაზი არ არსებობს

რუსეთის დარტყმებით გაზმომარაგების სისტემის დაზიანების შემდეგ, რომლის აღდგენის ვადები ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, უკრაინას უცხოეთიდან 4,4 მილიარდი კუბმეტრი გაზის შესაძენად (რაც, როგორც ითქვა, პრობლემატურია) 2 მილიარდი ევრო დასჭირდება.

აგვისტოში კიევმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხრიდან უკვე მიიღო 500 მილიონი ევრო გაზმომარაგების გაუმჯობესებისათვის. დაბომბვის შემდეგ ბანკმა განაცხადა, რომ უკრაინას ახალ კრედიტს მისცემს, თუმცა დეტალები არ მჟღავნდება. ეყოფა თუ არა კრედიტის მოცულობა უკრაინას, ჯერ-ჯერობით უცნობია. საბოლოო ჯამში, ბევრი რამ არის დამოკიდებული რუსეთის არმიის აქტიურობაზე – გაგრძელდება თუ არა ინტენსიურად უკრაინის ენერგოობიექტების განადგურება-დაზიანების მცდელობები.

 

წყარო: