1. Home
  2. TOP სიახლე
  3. სოლიდარობა ყველას, ვინც საქართველოს სიყვარულისთვის ისჯება, ნუ ჩაქოლავთ, ნუ ესვრით ტალახს ადამიანებს, ვინც ინიციატივას გამოიჩენს, ხელი ჩაკიდეთ ერთმანეთს, მნიშვნელოვანია ერთსულოვნება – ლევან ხაბეიშვილი
სოლიდარობა ყველას, ვინც საქართველოს სიყვარულისთვის ისჯება, ნუ ჩაქოლავთ, ნუ ესვრით ტალახს ადამიანებს, ვინც ინიციატივას გამოიჩენს, ხელი ჩაკიდეთ ერთმანეთს, მნიშვნელოვანია ერთსულოვნება – ლევან ხაბეიშვილი

სოლიდარობა ყველას, ვინც საქართველოს სიყვარულისთვის ისჯება, ნუ ჩაქოლავთ, ნუ ესვრით ტალახს ადამიანებს, ვინც ინიციატივას გამოიჩენს, ხელი ჩაკიდეთ ერთმანეთს, მნიშვნელოვანია ერთსულოვნება – ლევან ხაბეიშვილი

91
0

ყველაფრის მცოდნენი განიხილავენ კაცს, რომელმაც ირწმუნა ქართველი ხალხის გამარჯვება და თუ ეს დროებით, ამ ეტაპზე არ გამოუვიდა, არავის არ აქვს მორალური უფლება, გააკრიტიკოს დატყვევებული ადამიანი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ წერილშია ნათქვამი, რომელიც მის ფეისბუქგვერდზე გავრცელდა.

„71 წლის მსოფლიო ბანმა, მსოფლიო მოქალაქემ – პაატა ბურჭულაძემ უარი თქვა კომფორტზე, ფუფუნებაზე, მშვიდ ცხოვრებაზე და აირჩია თავგანწირული ბრძოლა. პირადი მაგალითით, პასუხისმგებლობით, საქართველოს სიყვარულისთვის აღმოჩნდა გისოსებს მიღმა. მინიმუმ სამარცხვინოდ და უსინდისობად მიმაჩნია, ვინც მას განსჯის, აქილიკებს, სტრატეგიას, ბრძოლის მეთოდს, შინაარსს, ტაქტიკას უწუნებს. ყველაფრის მცოდნენი განიხილავენ კაცს, რომელმაც ირწმუნა ქართველი ხალხის გამარჯვება და თუ ეს დროებით, ამ ეტაპზე არ გამოუვიდა, არავის არ აქვს მორალური უფლება, გააკრიტიკოს დატყვევებული ადამიანი.

ირაკლი ნადირაძე ჩემი ძმადნაფიცია. დედამიწაზე მასზე კეთილშობილი, ნიჭიერი, ვაჟკაცი იშვიათად მინახავს. მავანთათვის, ერთადერთი მისი დანაშაული სამშობლოს უანგარო სიყვარულია და კიდევ ის, რომ ოთხი შვილის მამამ ბრძოლის ველიდან გაქცევას ბრძოლა არჩია საკუთარი თავისუფლების ფასად.

მურთაზ ზოდელავას დაკავებამდე ბოლო ჩართვები ვნახე ტელევიზიით. რეალურად, ახლიდან გავიცანი ამ ადამიანის მენტალობა, სიმამაცე და შეუპოვრობა.

პაატა მანჯგალაძე – საქმიანი, ნიჭიერი, პასუხისმგებლიანი, საქართველოს პატრიოტი მოქალაქეა.

სასამართლო სხდომაზე, ლაშა ბერიძის სიტყვაც ზედმიწევნით პატრიოტი, სამშობლოზე შეყვარებული ადამიანის განცხადება იყო.

ასევე, სოლიდარობა ყველას, ვინც საქართველოს სიყვარულისთვის ისჯება.

საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ, წინასწარ განსაზღვრული „შპარგალკით“ ბრძოლა შეუძლებელია. გამოსავალი და გეგმა არის ერთადერთი – ხალხი, ხალხი და ხალხი. ნუ ჩაქოლავთ, ნუ ესვრით ტალახს ადამიანებს, ვინც ინიციატივას გამოიჩენს, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ შემფასებლების, კომენტატორების ამარა დავრჩებით.

შეგვიძლია თუ არა ივანიშვილის მოშორება? დიახ, დიახ და კიდევ ერთხელ დიახ! უპირობოდ შეგვიძლია!

ხელი ჩაკიდეთ ერთმანეთს, ვინც წაბორძიკდა ან დაეცა, სასწრაფოდ წამოაყენეთ. უკიდურესად მნიშვნელოვანია ერთსულოვნება და საკუთარ ძალებში დარწმუნება.

რაც შეეხება რუსულ სპეცოპერაციას – „არჩევნებს“. ფაქტები მეტყველებს, რომ გახარიას პარტიამ 2024 წელს 65-70 პროცენტით მეტი ხმა მიიღო, ვიდრე ახლა ანუ 65-70 პროცენტმა და უშუალოდ მისმა ამომრჩეველმა უთხრა უარი ნდობაზე, რის გამოც 110 000 „ხმით“ ნაკლები მიიღო.

თითქმის იგივე დაემართა პარტია „ლელოს“, რომელსაც მისი ამომრჩევლების 50 პროცენტი გაემიჯნა და 100 000 ხმით ნაკლები „ხმა“ მიიღო.

ეს უტყუარი მტკიცებულებები დადასტურებაა იმისა, რომ არა თუ სხვასთან, არამედ საკუთარ ამომრჩევლებთანაც კი შეცდნენ.

2-5-პროცენტიანი პარტიები 70 პროცენტის დოზით ნუ არიგებენ ჭკუას საზოგადოებას, რომელიც როგორც აღმოჩნდა, მათი არსებობით არ ინტერესდება.

გამოსავალი მათაც აქვთ, გამოვიდნენ პარტიული ილუზიიდან და მხარში დაუდგნენ, მხარი დაუჭირონ ხალხს.

ყველაზე მეტად ვდარდობ, რომ აბსოლუტურ იზოლაციაში მყოფმა, ვერ შევძელი დავხმარებოდი საქართველოს მოქალაქეებს.

ფაქტია და უტყუარია ისიც, რომ 4 ოქტომბერს 100 000-ობით ადამიანმა დაინახა ერთმანეთი 300 დღის შემდეგ. თურმე კი არ გამქრალა ან ჩამქრალა პროტესტი, არამედ, ხალხის გულებში ისევ მკვეთრად სცემს თავისუფლების პატრიოტული სულისკვეთება.

ამასობაში, კიდევ ერთი მკვლელობა! თან საქმეზე, რომელიც დაკავშირებულია ივანიშვილთან, მის ფულთან, მდინარაძესთან და მის სუს-თან. რიჟვაძის სავარაუდო მკვლელობის მცდელობა, ერთი კვირის წინ საეჭვოდ მოკლული ან თავმოკლული სუს-ის თანამშრომელი აჭარაში და ავტოფარეხში ნაპოვნი მიცვალებული – გლდანის ციხის ყოფილი უფროსი, ბაჩიაშვილის საქმის სკანდალიდან.

როდემდე ვიცხოვროთ მკვლელობიდან მკვლელობამდე, სისხლიდან სისხლამდე?! დღევანდელი რეჟიმის პირობებში, ამ სავარაუდო მკვლელობების/თვითმკვლელობების საქმეებზე სიმართლეს ვერ გავიგებთ.

ძალა ერთობაშია!! ძალა ხალხშია!! ღმერთმა დალოცოს საქართველო“, – ნათქვამია ლევან ხაბეიშვილის წერილში