“დაუყოვნებლივ ჩაიკეტოს საზღვარი რუსეთის მოქალაქეებისთვის”- გიორგი ვაშაძე
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივ შემოსვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვარი უნდა ჩაიკეტოს.
მისი თქმით, სხვა გამოსავალი არ არის, რათა ქვეყანამ საფრთხე თავიდან აიცილოს:
„ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში რუსეთის ათობით ათასი მოქალაქე ყოველდღიურად შემოდის საქართველოში და ლარსის გამშვებ პუნქტთან უზარმაზარი რიგი დგას. შესაბამისად, სტრატეგია აღმაშენებლის მოთხოვნაა, დაუყოვნებლივ მოხდეს დროებით საზღვრის ჩაკეტვა რუსეთის მოქალაქეებისთვის.
იყოს სამი გამონაკლისი მხოლოდ: საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ უფლება დაბრუნდნენ სამშობლოში, ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც არიან ქართველები რუსეთის ფედერაციაში, ჰქონდეთ საქართველოში შემოსვლის უფლება და ჰუმანიტარული მიზნებისთვის თუ რამე განსაკუთრებული შემთხვევა იქნება. სხვა ვარიანტი და გამოსავალი ჩვენ არ გვაქვს, რომ თავიდან ავირიდოთ ის მოჭარბებული საფრთხე, რომელიც დღეს გვაქვს.
უახლოეს დღეებში და კვირებში დადგება მოცემულობა, როცა საქართველოს მოსახლეობის 10% იქნება რუსეთის მოქალაქე. შესაბამისად, ეს იქნება საფრთხე საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის“, – აცხადებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი
ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.