1. Home
  2. TOP სიახლე
  3. სახლის დაზიანება, რომელიც რუსული დრონების შეჭრის დროს მოხდა, ნატოს თვითმფრინავიდან გაშვებულმა რაკეტამ გამოიწვია – The Daily Telegraph
სახლის დაზიანება, რომელიც რუსული დრონების შეჭრის დროს მოხდა, ნატოს თვითმფრინავიდან გაშვებულმა რაკეტამ გამოიწვია – The Daily Telegraph

სახლის დაზიანება, რომელიც რუსული დრონების შეჭრის დროს მოხდა, ნატოს თვითმფრინავიდან გაშვებულმა რაკეტამ გამოიწვია – The Daily Telegraph

339
0

საერთაშორისო პრესაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია რუსეთის უპილოტო საფრენი აპარატების – დრონების შეჭრამ პოლონეთის საჰაერო სივრცეში, რომელთაგან ერთ-ერთმა, თავდაპირველი მონაცემებით, ადგილობრივი მცხოვრების საცხოვრებელი სახლი დააზიანა. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ რუსულ დრონებს პოლონეთისათვის არავითარი ზარალი არ მიუყენებიათ. „სახლის დაზიანება, რომელიც რუსული დრონების შეჭრის დროს მოხდა, ნატოს თვითმფრინავიდან გაშვებულმა რაკეტამ გამოიწვია“ – ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორი, ჟურნალისტი იონა კლივი აღნიშნავს, რომ პოლონეთის მთავრობამ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით რეალური ფაქტები აღიარა.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

როგორც ცნობილია, ათ სექტემბერს პოლონეტის საჰაერო სივრცე 19-მა რუსულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა დაარღვია. მათ გასანადგურებლად ჰაერში მყისეულად აფრინდნენ ნატოს ავიაგამანადგურებლები, ხოლო ოფიციალურმა ვარშავამ მომხდარ ფაქტს „უპრეცედენტო დარღვევა“ უწოდა.

დრონებს პოლონეთისთვის არანაირი ზარალი არ მიუყენებიათ, გარდა იმისა, რომ ერთ-ერთ სოფელში, ვირიკში, რომელიც ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, „ამოუცნობმა მფრინავმა ობიექტმა“ მოხუცი პოლონელი ცოლ-ქმრის საცხოვრებელი სახლი დააზიანა.

თავდაპირველად პოლონეთის მთავრობამ განაცხადა, რომ შენობის სახურავს ქვეყნის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებების მიერ ჩამოგდებული რუსული დრონის ნამსხვრევები დაეცა. მსოფლიოს მასმედიაში გავრცელდა სახურავდაზიანებული სახლის ფოტოსურათები როგორც თვალსაჩინო ფაქტი იმისა, თუ როგორ თავხედურად მოქმედებს რუსეთი. დრონებთან დაკავშირებული ინციდენტი შეფასდა როგორც პირველი შეტაკება ნატოსა და მოსკოვს შორის.

Territorial defence officers clean up debris from the destroyed roof of a house after Russian drones violated Polish airspace on Sept 10 მაგრამ მოგვიანებით პოლონეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა გაავრცელეს ცნობები, კომპეტენტურ წყაროებზე დაყრდნობით, რომ ვირიკელი მოხუცების კუთვნილი სახლი რუსულმა დრონმა კი არ დააზიანა, არამედ მას პოლონეთის ავიაგამანდგურებლის F-16-ის მიერ გაშვებული „ჰაერი-ჰაერის“ კლასის საშუალო სიშორის რაკეტა AIM-120 მოხვდა – იმ დროს, როცა საჰაერო განგაში გამოცხადდა და ჰაერში აფრენილმა ავიაგამანადგურებლებმა „სიმშვიდის დამრღვევ“ რუსულ დრონებზე ნადირობა დაიწყეს.

ლიუბლინის სავოევოდოს პროკურატურამ თავდაპირველად ყოველი ჩამოგდებული დრონის იდენტიფიცირება საჯაროდ მოახდინა, მაგრამ ერთი „ამოუცნობი ობიექტის“ გარდა, რომელიც სახლს დაეცა. აღინიშნა, რომ „ჯერ-ჯერობით მისი იდენტიფიცირება ვერ ხერხდება“. სამხედროებმაც დუმილი ამჯობინეს.

პროკურატურისა და  სამხედროების ასეთი საეჭვო დუმილის გამო პოლონურ მასმედიაში, მაგალითად, გაზეთ „ჟეჩპოსპოლიტაში“ გავრცელდა გამონათქვამები, რომ ქვეყნის მთავრობა საზოგადოებას სიმართლეს უმალავს.

პოლონეთის ხელისუფლება იძულებული გახდა სიმართლე ეღიარებინა. როგორც სპეცსამსახურების კოორდინატორმა თომას სემონიაკმა განაცხადა ტელეარხ TVN24-ის ეთერში, „ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ სახლს ჩვენივე თვითმფრინავის რაკეტა მოხვდა. მაგრამ ეს იყო პოლონეთის, ჩვენი სამშობლოსა და მამულის, ჩვენი მოქალაქეების  დასაცავად გაშვებული რაკეტა“.

პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, თუ ვისი რაკეტა მოხვდა სახლს, დამნაშავე მაინც რუსეთია და მთელი პასუხისმგებლობა კრემლს ეკისრება. „გამოძიება მიმდინარეობს და ყველაფერს ოფიციალურად დაადგენს, მანამდე კი ყველამ შეწყვიტოს ჩვენი სამხედროების კრიტიკა. ხელები შორს პოლონელი მფრინავებისაგან!“.

პოლონეტის თავდაცვის სამინისტრომ, არსებული მონაცემების გათვალისწინებით, განაცხადა, რომ ესპერტიზის დასრულებამდე, როგორიც არ უნდა იყოს დასკვნა, მოხუცი ცოლ-ქმრის დაზიანებული სახლი სახელმწიფოს ხარჯით იქნება აღდგენილი.

პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეფრენილი 19 დრონიდან, ნატოს საბრძოლო ოპერაციის შედეგად, რომელშიც პოლონეთისა და ნიდერლანდების ავიაგამანადგურებლები,  ადრეული გაფრთხილების სისტემით – „ავაქსით“ აღჭურვილი იტალიური თავითმფრინავი და გერმანიის კუთვნილი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „პეტრიოტი“ მონაწილეობდა, ჩამოგდებული იქნა 4 დრონი, დანარჩენებს კი საწვავი გაუთავდათ და თვითონ ჩამოვარდნენ. მათი ნამმსხვრევები პოლონეთის აღმოსავლეთი და ცენტრალური ნაწილის მინდვრებში იპოვეს და შეაგროვეს.

„საცხოვრებელ სახლს მოხვდა ჩვენი F-16 ავიაგამანადგურებლიდან გაშვებული „ჰაერი-ჰაერის“ კლასის რაკეტა.  ფრენის დროს მისი მართვის მექანიზმში დარღვევა მოხდა, რაკეტამ  მიმართულება შეიცვალა და სახლს მოხვდა. საბედნიეროდ, არ აფეთქებულა“, – ნათქვამია „ჟეჩპოსპოლიტას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომლის წყაროდ უშიშროების უწყების ინკოგნიტო წარმომადგენელია დასახელებული.

რუსეთმა უარყო, რომ დასავლეთ უკრაინის დაბომბვის დროს დრონები სპეციალურად პოლონეთზე თავდასხმისათვის იყვნენ გამიზნულნი, მაგრამ ევროპის ლიდერებმა ინციდენტი მაინც რუსეთის მიერ მოწყობილ პროვოკაციად ჩათვალეს და ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის დონე გააძლიერეს.

„დეილი ტელეგრაფის“ სამხედრო ექსპერტების მიერ ჩატარებული ანალიზითაც („ამოუცნობი ობიექტის“ ნარჩენების გამოქვეყნებული ფოტოსურათების საფუძველზე)  დასტურდება, რომ ნამსხვრევები არის 1,5 მილიონ გირვანქა სტერლინგად ღირებული რაკეტის AIM-120-ის ფრაგმენტები, რომელიც ნატოს წევრი ქვეყნების არსენალებში საკმაოდ ბევრია.

წყარო

 

მოამზადა სიმონ კილაძემ