
კახა კალაძემ საზოგადოებას გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით დაგეგმილი პროექტები გააცნო
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, დედაქალაქის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით დაგეგმილი პროექტები წარუდგინა.
ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე ესწრებოდნენ.
სიტყვით გამოსვლისას დედაქალაქის მერმა ყურადღება რეკრეაციული სივრცეების არსებობის მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ გასულ წლებში მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებული პროექტების შედეგად, დედაქალაქში საპარკო კულტურა დაბრუნდა.
„როგორც მმართველი პოლიტიკური ძალის მერობის კანდიდატი და თბილისის აწმყოსა და მომავალზე პასუხისმგებელი პირი, განვაგრძობ ჩვენი მოსახლეობისთვის სამომავლო გეგმების გაცნობას. დღეს უნდა ვისაუბრო იმ პოლიტიკასა და მიმართულებაზე, რაზეც ყველაზე უკეთ თავად თბილისის რეალობა საუბრობს. როდესაც 2017 წელს მოვედით დაპირებით, რომ თბილისი იქნებოდა „სიცოცხლით სავსე ქალაქი“, ვგულისხმობდით სწორედ იმას, რაც დღეს სახეზეა – სხვადასხვა ასაკის მქონე ადამიანებით სავსე პარკები, სკვერები, რეკრეაციული სივრცეები, ახალგაზრდები ყველა სპორტულ მოედანსა და სკეიტ პარკებში.
უზარმაზარი მასშტაბის სამუშაო ჩატარდა გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით. არ დაგვიტოვებია თბილისის არცერთი უბანი და რაიონი, არცერთი სკვერი, ბაღი, პარკი, ხეივანი, გზაგამტარი თუ სატრანსპორტო კუნძულიც კი თბილისის გასამწვანებლად. ერთ დროს ნაგავსაყრელად და ჭაობად ქცეულ ტერიტორიებზე დღეს ულამაზესი პარკებია გაშენებული, რომლითაც თითოეული ჩემი თანამშრომელი ამაყობს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, პირველი ნაბიჯი, რაც გადაიდგა, იყო ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავება – დამტკიცება, რომელშიც მკაფიოდ არის გაწერილი ის არეალები, რომელთა გამოყენება მხოლოდ და მხოლოდ რეკრეაციული მიმართულებით არის შესაძლებელი.
„2017 წელს დაგვხვდა ძალიან ცუდი და მავნე პრაქტიკა, როდესაც ხდებოდა რეკრეაციული არეალების გასხვისება იმისთვის, რომ იქ სამშენებლო კუთხით, სხვადასხვა სამუშაო ჩატარებულიყო. ბევრი ტერიტორია იყო გასხვისებული. ჩვენ მთლიანად შევცვალეთ ის მძიმე პრაქტიკა, რომელიც ამ მიმართულებით არსებობდა. ჩვენ ბიზნესისა და ქალაქის აღმშენებლობის წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში, არ და ვერ მოხდება რეკრეაციული სივრცეების განადგურების, ტყის გაჩეხის, ჰაერის დაბინძურების ხარჯზე, რაც ძალიან ცუდი, დამკვიდრებული პრაქტიკა იყო.
რა თქმა უნდა, ბიზნესი უნდა განვითარდეს, ქალაქი უნდა განაშენიანდეს ურბანულად სწორად, მაგრამ რეკრეაციული სივრცეებისა და სპორტული მოედნების ხარჯზე, ეს ყველაფერი კატეგორიულად მიუღებელია. ვფიქრობ, მომგებიანი პროექტები ზუსტად რომ ეკოლოგიურად სუფთა საცხოვრებელი გარემოს შექმნას უნდა ემსახურებოდეს, რაც საშუალებას მოგვცემს, ქალაქს შევმატოთ მეტი გამწვანებული სივრცე. ნებისმიერი ჩვენი გადაწყვეტილება, იქნება ეს ინფრასტრუქტურული პროექტი თუ სამშენებლო ნებართვის გაცემა, აუცილებლად ითვალისწინებს გამწვანების კომპონენტს, რაც ჩვენთვის აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
მისივე განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში, მუნიციპალიტეტმა რთული ნაბიჯები გადადგა და კერძო მესაკუთრეებისგან, ადგილმონაცვლეობის გზით, არაერთი მნიშვნელოვანი ტერიტორია დაიბრუნა.
„დღეს შემიძლია, თამამად დაგპირდეთ, რომ არ დაგზარდებით, არ დავიღლებით და აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ ამ საქმეს, რათა ოთხი წლის შემდეგ, ქალაქს, ჩვენს შვილებს და თუნდაც ჩვენს ოპონენტებს დავუტოვოთ ბევრად უფრო მოწესრიგებული გარემო, რადგან ეს ქალაქი ყველასია და არ წარმოადგენს ვინმეს პოლიტიკურ საკუთრებას. ერთადერთი გუნდი, ვისაც შეუძლია რეალურად მოუაროს და მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელოს ქალაქში, ეს სწორედ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა უკვე განხორციელებული და დაგეგმილი პროექტებისთვის მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის მერიისა და გამგეობების თითოეულ თანამშრომელს.
„უკვე განხორციელებული და დაგეგმილი პროექტებისთვის, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს მოადგილეებს, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს, „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს, რომლებიც უვლიან გამწვანებულ ტერიტორიებს და ყოველდღიურად ალამაზებენ მათ. მადლობა რაიონული გამგეობების თანამშრომლებს, ყველას, ვისაც თუნდაც პატარა წვლილი აქვს შეტანილი ჩვენი ქალაქის გამწვანებაში.
რაც მთავარია, მადლობას ვუხდი თბილისელებს, რომლებიც კარგად ხედავენ იმ სასიკეთო ცვლილებებს, რაც ქალაქს თვალნათლივ დაეტყო და თავიანთი მხარდაჭერით გვაძლევენ სტიმულს, კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ, მეტად გავალამაზოთ ჩვენი ქალაქი. უამრავი ადამიანი შემხვედრია, ვინც ქვეყნიდან იყო გასული – ყველა საუბრობს და ხაზს უსვამს, თუ როგორი გამწვანებულია დედაქალაქი და რამდენად მოვლილია იგი. მჯერა, 4 ოქტომბერს გაიმარჯვებს თბილისი. მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს. გამარჯვება და წარმატებები ჩვენს ქალაქს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით დაგეგმილი პროექტების პრეზენტაციას მინისტრთა კაბინეტის, თბილისის მერიის, საქართველოს პარლამენტისა და საკრებულოს წარმომადგენლები, ასევე, ახალგაზრდები და დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ.