1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “პუტინი დონალდ ტრამპს პროვოკაციებს უწყობს. სახიფათო ის არის, რომ ტრამპისთვის სულ ერთია”- The Daily Telegraph
“პუტინი დონალდ ტრამპს პროვოკაციებს უწყობს. სახიფათო ის არის, რომ ტრამპისთვის სულ ერთია”- The Daily Telegraph

“პუტინი დონალდ ტრამპს პროვოკაციებს უწყობს. სახიფათო ის არის, რომ ტრამპისთვის სულ ერთია”- The Daily Telegraph

363
0

ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 24 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „პუტინი დონალდ ტრამპს პროვოკაციებს უწყობს. სახიფათო ის არის, რომ ტრამპისთვის სულ ერთია“ (ავტორი – რებეკა კოფლერი, აშშ-ის დაზვერვის ანალიტიკოსი, რომელიც პენტაგონის სპეცსამსახურში მუშაობდა. იგი ავტორია წიგნებისა -„პუტინის სამოქმედო გეგმა“ (2021 წ.) და „ტრამპის სამოქმედო გეგმა“ (2025 წ.).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

დონალდ ტრამპმა მიმდინარე წელს წინააღმდეგობრივი განცხადებების გაჟღერებას მოუხშირა – იგი პოზიტიურ დამოკიდებულებას ხან უკრაინის მიმართ ამჟღავნებს, ხან რუსეთის მიმართ. უარყოფითს დადებითი ცვლის. ამას წინათ აშშ-ის პრეზიდენტმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა: „ძალიან ძნელია ომის მოგება და ხშირად შეუძლებელიც, თუ დამპყრობელ ქვეყანას თავს არ დაესხმები“.

აქეზებს თუ არა ტრამპი უკრაინელებს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისათვის?

არ არის გამორიცხული, რომ შეიძლება ასეც არის. იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკელი ლიდერი ხშირად იცვლის თავის პოზიციებს და განწყობებს, დიპლომატიური ბლიცკრიგის – ალასკისა და ვაშინგტონის სამიტების შემდეგ, როცა მან მიზანს ვერ მიაღწია, ანუ ვერ შეახვედრა ერთმანეთს პუტინი და ზელენსკი – დონალდ ტრამპს ნამდვილად აქვს თავის რუს კოლეგაზე გაბრაზების მიზეზი.
იმ პირობებში, როცა მოლაპარაკება ფაქტიურად (ამ ეტაპზე) ჩიხშია შესული – კრემლმა აშშ-ის, ევროპის და უკრაინის ყველა წინადადება უარყო პუტინ-ზელენსკის შეხვედრაზე, უკრაინის უსაფრთხოების ნატოსეულ გარანტიებზე – რუს ლიდერს უნდა ესმოდეს, რომ დადგება მომენტი, როცა დონალდ ტრამპი იძულებული იქნება „ქანჩების მოჭერის“ პოლიტიკას დაუბრუნდეს. ბოლოს და ბოლოს, დონალდ ტრამპს, მართალია, უცნაურობები ახასიათებს, მაგრამ მას სულაც არ სურს წაგებულად გამოიყურებოდეს. თუმცა, თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინმაც, ალბათ, ეს გარემოება თავის გათვლებში გაითვალისწინა. მან კარგად იცის, რომ თავისი ქცევით დონალდ ტრამპის მოთმინებას გამოცდას უწყობს.

ასე რომ, როგორია რუსეთის ლიდერის მოქმედების გეგმა?

მე როგორც აშშ-ის დაზვერვის ანალიტიკოსი, თანაც რუსეთის სპეციალისტი, ვთვლი, რომ ვლადიმერ პუტინის სავარაუდო მიზანი ასეთია: მას სურს, რომ დონალდ ტრამპი თამაშის მონაწილედ შეინარჩუნოს, „გახარებული ამყოფოს“ (ან ძალიან არ გააბრაზოს) რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში, რომ ნეგატიური შედეგები (ისევე როგორც მეორადი სანქციები) გადაავადოს, სანამ კრემლი თავის პოლიტიკას გააგრძელებს – გამოფიტვის კურსს, რომელიც, პუტინის აზრით, კიევს კაპიტულაციამდე მიიყვანს. დასამალი არაა, რომ საბჭოური „კაგებეს“ რეზიდენტს მართლაც აქვს მანიპულირების გარკვეული გამოცდილება, კარგად იცის ძიუდოს ფილოსოფია და „ცივი ომის“ დროინდელი ფსიქოლოგიური ომის კონცეფცია.
დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის ურთიერთქმედება ვითარდებოდა სქემით „აღმა-დაღმა“ – კონსტრუქციული სატელეფონო ზარებით და მეგობრული საუბრებით, რომლის შედეგად ტრამპს რწმენა ექმნებოდა, რომ ომი მალე შეწყდებოდა, შემდეგ კი უცებ მეგობრულ საუბრებს თან მოსდევდა სასტიკი სარაკეტო დარტყმების სერია უკრაინაზე, რასაც დონალდ ტრამპის მუქარები და ულტიმატუმები ანაცვლებდა. ყველას ეგონა, რომ ტრამპის ათდღიანი ულტიმატუმი აუცილებლად განხორციელდებოდა, მაგრამ მოულოდნელად ტრამპმა პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის ალასკაზე მიიწვია და უმაღლესი დონის მასპინძლობა გაუწია.

ლაქუცი და მლიქვნელობა ის ერთ-ერთი მეთოდია, რომელსაც ჯაშუშები (მზვერავ-აგენტები) იყენებენ თავიანთი პოტენციური აგენტის პატივმოყვარეობის წასაქეზებლად. ვლადიმერ პუტინს არასოდეს ცუდი არ უთქვამს დონალდ ტრამპის მიმართ, იგი მუდამ აქებდა აშშ-ის ლიდერის პოლიტიკურ გამჭრიახობას და მის პიროვნულ თვისებებს, უწოდებდა მას „ინტელიგენტურ“, „ტალანტიურ“, „მოხერხებულ“, „გამოცდილ“ და „პრაგმატულ“ ლიდერს. „მე და ტრამპს ყოველთვის გვქონდა და გვაქვს საქმიანი, პრაგმატული და სანდო ურთიერთობები“, – განაცხადა პუტინმა ერთ-ერთი ინტერვიუს დროს.

კრემლის ბინადარმა კარგად გამოიყენა თეთრი სახლის ბინადრის მიდრეკილება მისი დამსახურების პოზიტიური შეფასებისაკენ – პუტინმა იცის, რომ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემიის მიღება სურს.

დროის მოგების მიზნით, ვლადიმერ პუტინი, სრულიად შესაძლებელია, რომ პირადი საუბრებისა და შეხვედრების დროს სარგებლობს მეთოდით, რომელიც „რეფლექსური კონტროლის“ მეთოდით არის ცნობილი. ეს არის ერთ-ერთი ელემენტი კონცეფციისა, რომელიც მიმართულია ოპონენტის რეალური აღქმის მანიპულირებისაკენ და რომელიც ფსიქოლოგმა ვლადიმერ ლეფევრმა 1960-იან წლებში შეიმუშავა. რეფლექსური კონტროლის მეთოდით რუსეთის სადაზვერვო უწყებებში დღემდე სარგებლობენ.

როგორი ჭკვიანიც არ უნდა იყოს დონალდ ტრამპი, იგი ყველა შემთხვევაში საუკეთესო სამიზნე იქნება რუსი ლიდერისათვის ამ მეთოდით სარგებლობისას. ცნობილია აშშ-ის პრეზიდენტის თავდაჯერებული და მიკერძოებული თვალსაზრისი, რომ არ არსებობს ისეთი საკითხი, რომლის მოგვარება მას არ შეეძლოს… რომ იგი გარიგებების დადების დიდოსტატია და რომ მას ჰგონია – რუსი პუტინის მსჯელობის ლოგიკა ისეთივეა, როგორც ამერიკელი ტრამპის მსჯელობის ლოგიკა (ეს სერიოზული შეცდომაა, რომელიც დასავლეთში საკმაოდ ფართოდ არის გავრცელებული). ვლადიმერ პუტინი სარგებლობს თავისი მოქმედებით და სიტყვებით, რომ შექმნას შთაბეჭდილება – თითქოსდა იგი დაინტერესებულია გარიგების დადებით, ტრამპის დასარწმუნებლად. სინამდვილეში კი რუსეთის პრეზიდენტი გარიგებაზე მხოლოდ საკუთარი პირობებით დათანხმდება.

ზემოთ ძიუდო ვახსენეთ: დონალდ ტრამპს რომ ეშმაკობაში აჯობოს, ვლადიმერ პუტინი, სავარაუდოდ, ასევე სარგებლობს თავისი ღრმა ცოდნით ძიუდოში – იაპონური საბრძოლო ხელოვნებაში, რომელიც უფრო მეტად ეყრდნობა მოწინააღმდეგის მენტალურ და ფიზიკურ მანიპულირებას, ვიდრე უხეშ ძალას. ფლობს რა ძიუდოს „შავ სარტყელს“, ვლადიმერ პუტინი ამ საბრძოლო ხელოვნების პრინციპებს თავისი ცხოვრების ყველა ასპექტში იყენებს, სახელმწიფოს მართვის ჩათვლით. „ძიუდო მხოლოდ სპორტი არ არის… ეს ცხოვრების მთელი ფილოსოფიაა“, – დაწერა რუსმა ლიდერმა თავის წიგნში სახელწოდებით „პირველი პირისაგან“ და იქვე დაამატა – „ძიუდო მოწინააღმდეგის მიმართ პატივისცემასაც გულისხმობს. ძიუდო სუსტებისათვის არ არის“.

მოწინააღმდეგის გამოყვანა წონასწორობიდან („კუზუსი“ – იაპ.) ძიუდოს ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, რომელიც მიმართულია მოწინააღმდეგის პოზის დასარღვევად, ანუ სიმძიმის ცენტრის გადასანაცვლებლად, რომ დარტყმები იოლად მოხდეს. პუტინი არასოდეს არ ეწინააღმდეგება ტრამპს პირდაპირ, იგი ერთდროულად კიდეც ეთანხმება და კიდეც უარობს. ანუ მისი უარები შენიღბულია თითქოსდა თანხმობით, მაგრამ ნეგატიური ტონალობით. ცხადია, დადგებოდა დრო, რომ ტრამპი წონასწორობიდან გამოვიდოდა და პუტინზე გაბრაზდებოდა – მან მართლაც განაცხადა, რომ რუსი ლიდერი „აბსოლუტურად ჭკუიდან გადავიდა“, რაც კრემლმა ამერიკელი ლიდერის „ემოციური გადატვირთვით“ ახსნა – ალბათ, იმ მიზნით, რომ ვლადიმერ პუტინის ფსიქოლოგიური სიმტკიცე და უპირატესობა ეჩვენებინა.

პუტინის სტრატეგიის სამივე ელემენტი – ძიუდო, რეფლექსური კონტროლი და აქტივების მართვა – დაფუძნებულია მოწინააღმდეგის ღრმა შესწავლაზე მასთან მეტოქეობის მომზადების მიზნით, რასაც დონალდ ტრამპის გუნდი ძალიან მოკლებულია. ალასკის სამიტის დროს, ანკორიჯში, დონალდ ტრამპს, ალბათ, თავისი გუნდის საუკეთესო წევრები ჰყავდა, მაგრამ მას არ ჰყავდა ყველაზე მთვარი ადამიანი, რომელიც ზუსტად და ღრმად გაიგებდა პუტინის აზრების თანმიმდევრობას და რუსეთის მიერ ომის წარმოების მეთოდებს.

პუტინმა კი ალასკაზე თან ჩაიყვანა სამი გამოცდილი ოპერატიული მუშაკი, თარჯიმნის გარდა – სერგეი ლავროვი (საგარეო საქმეთა მინისტრი), იური უშაკოვი (პრეზიდენტის თანაშემწე) და კირილ დმიტრიევი, პირდაპირი ინვესტიციების რუსული ფონდის დირექტორი. თითოეული მათგანი ინგლისურ ენას ისე ზედმიწევნით კარგად ფლობს, თითქოს ის მათი მშობლიურ ენა იყოს, აბსოლუტურად უაქცენტოდ. ისინი კარგად ერკვევიან აშშ-ის პოლიტიკაში და ამერიკული დიპლომატიის მოწყვლად ადგილებში. თვითონ ვლადიმერ პუტინიც ინგლისურ ენას სამუშაო დონეზე ფლობს, შეუძლია თარჯიმანს ზოგიერთი პოლიტიკური საკითხის თარგმნისას შეუსწოროს. იყო მომენტები, როცა ალასკაზე შეხვედრისას იგი თავის ამერიკელ კოლეგას თარჯიმნის გარეშეც ესაუბრებოდა.

გასულ კვირაში პუტინმა ტრამპის შენიღბული მუქარები კარგად გაიგონა და, ალბათ, წინასწარ დაგეგმა თავისი მომდევნო ნაბიჯი: თამაში გასაგრძელებლად მას შეუძლია რამდენიმე უკრაინელი ბავშვი გაათავისუფლოს მელანია ტრამპის წერილის საპასუხოდ. ან შეუძლია სხვა ტაქტიკას მიმართოს დროის გასაჭიანურებლად.

მუჰამედ ალის მსგავსად, რომელმაც, როგორც ცნობილია, ჯორჯ ფორმანი დაამარცხა (იგი იყენებდა თავის „თოკისებურ სტრატეგიას“ – მიეყრდნობოდა ხოლმე რინგის ბაგირებს დარტყმების ასაცილებლად ან იმ მიზნით, რომ არ წაქცეულიყო, შემდეგ კი კონტრშეტევას ახორციელებდა და ფორმანს ძალებს უფიტავდა). ალბათ, პუტინიც ტრამპის დაქანცვას ცდილობს. მართლაცდა, რუსეთს დღემდე არ მიუღია ტრამპისაგან რაიმე საგრძნობი დარტყმა. პუტინის სავარაუდო მიზანი იმითაც გამოიხატება, რომ ტრამპმა უარი თქვას მოლაპარაკების მცდელობაზე, ან ყველაფერზე თავის რუს კოლეგას დაეთანხმოს და დანებდეს.
ტრამპისთვის, რა თქმა უნდა აუცილებელი არ არის პუტინის თამაში ითამაშოს, მას შეუძლია საკუთარი „საიდუმლო იარაღით“ ისარგებლოს – ძირი გამოუთხაროს რუსეთის ეკონომიკას – და კრემლს ნიღაბი ჩამოხსნას, მისი ბლეფი გამოავლინოს. მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შეასრულებს ტრამპის გუნდი „საშინაო დავალებას“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: