
ახალი რაკეტა „ფლამინგო“: სუპერიარაღი თუ გაზვიადებული პიარ-პროექტი ჩვენი ფულის ხარჯზე – Газета по-українськи
უკრაინულ გამოცემაში „გაზეტა პო-უკრაინსკი“ (Газета по-українськи) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ახალი რაკეტა „ფლამინგო“: სუპერიარაღი თუ გაზვიადებული პიარ-პროექტი ჩვენი ფულის ხარჯზე?“ (ავტორი – იური კასიანოვი), რომელშიც განხილულია უკრაინის არმიისათვის განკუთვნილი ახალი რაკეტის ავ-კარგი.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირეოდენი შემოკლებით:
„ფლამინგო“ – ყველაზე ძლიერი, ყველაზე მძიმე, საათში 3000 კილომეტრი სისწრაფით შეუძლია გაფრინდეს მოსკოვისაკენ. კრემლო, გაფრთხილდი!
ახლოვდება დამოუკიდებლობის დღე – 24 აგვისტო. ჩვენთან ძალიან უყვართ რაღაც მიღწევებით ტრაბახი, განსაკუთრებით დღესასწაულების წინ. კარგად გვახსოვს მილიარდობით დარგული ხე, ათასობით რაკეტა, მილიონობით დრონი… სად არიან ისინი, სხვათა შორის? და შორს რომ აღარ წავიდეთ, რას წარმოადგენს სინამდვილეში „ფლამინგო“ და სადამდე ფრენა შეუძლია ჩვენ „ვუნდერვაფეს“ („სასწაულ იარაღს“)?
ძველი „კეთილი“ კომუნისტური ტრადიციით, ჩვენს დღესასწაულს გეგმების გადაჭარბებით, ფრონტზე ახალი გამარჯვებებით და ახალი სამხედრო ტექნიკით ვეგებებით. ერთი წლის წინ, თუ გახსოვთ, ჩვენმა ხელისუფლებამ ახალი დრონი-რაკეტის პრეზენტაცია მოაწყო, მაგრამ შემდეგ გააქრეს. წყალმა წაიღო თუ ქარმა, ვერავინ გაიგო. ახლა კი უკრაინელები კიდევ ერთი საოცარი იარაღის წარმოდგენის მოწმენი გავხდით: ფრთოსანი რაკეტა „ფლამინგო“, რომელიც მტერზე გაგვამარჯვებინებს.
რაკეტას ისეთი მონაცემები აქვს, სიამაყით ჭკუიდან შეიშლები: მისი საბრძოლო ნაკვეთური ერთ ტონაზე მეტს იწონის, ანუ უფრო მეტს, ვიდრე ამერიკული „ტომაჰავკები“ და რუსული „კოლიბრები“, თვითონ რაკეტა კი ხუთტონიანია, როგორც ავიაგამანადგურებელი, 10-მეტრიანი ფრთებით და საათში 3000 კილომეტრის სისწრაფით მიფრინავს… ეი, მანდ, მოსკოვში, დაიმალეთ!
მახსენდება მეორე მსოფლიო ომის დროინდელი გერმანული შემტევი ტანკი „მაუსი“, რომელიც იმდენად დიდი და ძლიერი იყო, რომ ქარხნის ჭიშკრიდან ვერ გამოვიდა და მოანგრიეს. სხვათა შორის, ეს რაკეტა თანამედროვე ტანკებს მაგონებს, რომლებმაც დრონებთან ბრძოლა „მშრალი ანგარიშით“ წააგეს. აბა, წარმოიდგინეთ: ერთი 600-დოლარიანი დრონი იოლად უსწორდება და აფეთქებს მილიონი დოლარის ღირებულების ტანკს. თითქოს დაუჯერებელია, მაგრამ რეალური ფაქტია, დღეს ტანკს არანაირი ჯავშანი და არავითარი დამატებითი დამცავი საშუალება – ისეთი, ირონიულად „მაყალს“ რომ ეძახიან – არ უშველის, თუ დრონი შეუტევს…
ასეთივეა „ფლამინგოც“ – „სასწაული იარაღი“, მაგრამ გუშინდელი თუ უფრო უარესი – გუშინწინდელი დღის მდგომარეობით. თითქოსდა ეს რაკეტა ჩვენთან დროის მანქანით მოხვდა 1950-იანი წლებიდან, როცა მას საკმაოდ ბევრს აკეთებდნენ. დღეს ასეთ რაკეტებს, უკრაინის გარდა, არსად აღარ ამზადებენ და აი, რატომ:
თუ თქვენ გსურთ მტრის ზურგში რაც შეიძლება მეტი საბრძოლო მასალა მიიტანოთ რომელიმე ობიექტის ასაფეთქებლად განსაზღვრულ მანძილზე, რაკეტას უფრო დიდი ფრთები და უფრო მეტი სიმძლავრის რეაქტიული ძრავა ჭირდება. შესაბამისად, რაც მეტია მანძილი, მით მეტია საწვავის ხარჯვა, ანუ მისი წინა იზრდება. და თუ მას 3 ათას კილომეტრიან სიშორეზე გავუშვებთ ტონაზე მეტი საბრძოლო ქობინით, მას გიგანტური ზომები უნდა ჰქონდეს, ძალზე მძლავრი (და ძალზე ძვირადღირებული) ძრავა უნდა ჰქონდეს. ამასთან, ასეთი რაკეტა ყველა რადარზე გამოჩნდება საახალწლო ნაძვის ხესავით. დანარჩენი ტექნიკის საქმეა: ჰაერსაწინააღმდეგო რადარი „ფლამინგოს“ დაიჭერს, გაუშვებს ანტირაკეტას და ჩვენი ყველაზე ძლიერი „ცათმფრენი“ განადგურებულია.. ფიზიკის კანონებს ვერ გააუქმებ.
რა თქმა უნდა, თანამედროვე ტექნოლოგიებით „ფლამინგო“ შეიძლება „გაქლიბო“, შეღებო, რაღაც დაამატო, რარაც მოაკლო, ამერიკული „სტელსივით“ უჩინარი გახადო, მაგრამ ასეთი მოდერნიზებით რაკეტა უზომოდ ძვირდება…
რა თქმა უნდა, მოიძებნებიან ისეთი სამხედრო ექსპერტები, რომლებიც აქ ვრაც დავწერე, ყველაფერს უარყოფენ. იტყვიან, რომ მე მართალი არ ვარ და ძირს ვუთხრი ჩვენი არმიის ძლიერებას… მაგრამ უმჯობესია ყოველი ახალი „ვუნდერვაფეს“ ეფექტურობა ბრძოლის დროს დავადგინოთ, ვიდრე მას სერიულ წარმოებაში ჩავუშვებთ, თანაც ხალხის ფულით. იქნება ეფექტური „ფლამინგო“? ქუდს მოვიხდი ბოდიშით, მონასტერში წავალ და ბერად აღვიკვეცები… მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მე მართალი ვიქნები. ასეთი რაკეტები ბევრი მინახავს შორეულ 1985 წელს… მაგრამ არავინ მინახავს, რომ ფიზიკის კანონები დაერღვიოს და წყალზე ფეხით გაევლოს.
მოამზადა სიმონ კილაძემ