1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ტრამპისა და პუტინის ალიასკაში შეხვედრის შედეგები – ავთანდილ წულაძე
ტრამპისა და პუტინის ალიასკაში შეხვედრის შედეგები – ავთანდილ წულაძე

ტრამპისა და პუტინის ალიასკაში შეხვედრის შედეგები – ავთანდილ წულაძე

442
0

ტრამპმა და პუტინმა ალიასკაში შეხვედრაზე ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. პუტინი არა მხოლოდ უკრაინისგან ტერიტორიული დათმობების მოთხოვნას აგრძელებს, არამედ ევროპაში ახალი უსაფრთხოების სისტემის დაწესებასაც ცდილობს.  პუტინი ვაშინგტონისთვის უკრაინაში შეჭრის წინ წაყენებული ულტიმატუმის პირობებს იმეორებს, რომელიც ნატოს 1997 წლის საზღვრებში დაბრუნებას ეხება. უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე საუბრისას პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს შეუძლია ამის უზრუნველყოფა. ფაქტიურად, პუტინმა მოითხოვა, რომ მთელი უკრაინა  დაუთმონ.

ტრამპი არ დაეთანხმა პუტინის ასეთ მაქსიმალისტურ მოთხოვნებს. რუსული დელეგაციის ვიზიტი დაგეგმილზე ადრე დასრულდა. აშშ-სა და რუსეთს შორის ერთობლივი ბიზნესპროექტების განხილვა გადაიდო, რადგან მთავარ საკითხზე ვერ შეთანხმდნენ.

ტრამპის გათვლები ეფუძნებოდა იმ ფაქტს, რომ რუსეთში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების პირობებში, პუტინი, როგორც პრაგმატული პოლიტიკოსი, კომპრომისსზე დათანხმდებოდა. სწორედ ამიტომ, მოლაპარაკებებში მონაწილეობა მიიღო სტივ ვიტკოფმა, რომელიც რუსულ ბიზნესთან მოლაპარაკებებზეა პასუხისმგებელი.

რუსეთში მიმდინარეობს ბრძოლა ძალოვნებსა და ეკონომიკურ ლიბერალებს შორის. ძალოვნები დაინტერესებულნი არიან ომის გაგრძელებით და ქვეყნის დასავლეთისგან იზოლირებით. ლიბერალები თვლიან, რომ ეკონომიკა ვერ გაუძლებს ომის გაგრძელებას და იზოლაციას. მნიშვნელოვანია, რომ ალიასკაში მოლაპარაკებების ჩავარდნის შემდეგ, რუსული კომპანიების აქციები საფონდო ბირჟებზე დაეცა. ბიზნესი ტრამპსა და პუტინს შორის გარიგებას იმედოვნებდა, მაგრამ ეს გათვლები არ გამართლდა.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პუტინის პოზიცია განპირობებულია იმით, რომ ტრამპი არ აწესებს მეორად სანქციებს ჩინეთის, ინდოეთის და სხვა ქვეყნების მიერ რუსული ნავთობის შესყიდვაზე. ჩინეთთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ტარიფები 90 დღით გადაიდო.  ინდოეთს ტრამპმა 50%-იანი ტარიფები დაუწესა, მაგრამ ინდოეთს ჯერ ოფიციალურად არ უთქვამს უარი რუსული ნავთობის შესყიდვაზე. ტრამპი ინდოეთისგან არა მხოლოდ რუსული ნავთობის შესყიდვაზე უარის თქმას, არამედ ინდოეთის მიერ ამერიკულ საქონლელზე ტარიფების შემცირებასაც ითხოვს. ინდოეთი ცდილობს მაღალი ტარიფების შენარჩუნებას და ამიტომ რუსული ნავთობის შესყიდვას შეერთებულ შტატებზე ზეწოლის ბერკეტად იყენებს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ის ბაზარი ინდოეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, აშშ-სა და ინდოეთს შორის შეთანხმების მიღწევა, სავარაუდოდ, შესაძლებელია.

 

ევროკავშირისა და უკრაინისთვის, ალიასკის სამიტის მთავარი შედეგი ის იყო, რომ ტრამპმა უკრაინაზე ზეწოლა არ მოახდინა ტერიტორიების დათმობის შესახებ. ტრამპი გამოეთიშა სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდგომ პროცესს და განაცხადა, რომ უკრაინამ და რუსეთმა ერთმანეთთან უნდა აწარმოონ მოლაპარაკება.

ამრიგად, ალიასკის სამიტმა აჩვენა, რომ კონფლიქტის მხარეებს შორის პოზიციების დაახლოება უახლოეს მომავალში მოსალოდნელი არ არის. ფრონტზე სიტუაცია არ იცვლება. ომის დასრულებაზე გავლენის მქონე მთავარი ფაქტორი ეკონომიკა რჩება. რუსეთის ეკონომიკა  კრიზისის ზღვარზეა, მაგრამ პუტინი თავის მოთხოვნებს მაინც აგრძელებს. აშშ-სა და ჩინეთს შორის ახალი სავაჭრო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ინდოეთს ჯერ არ გადაუწყვეტია, რა პოზიცია დაიკავოს აშშ-სა და ჩინეთს შორის დაპირისპირებაში. დიდი ალბათობით, ომი წლის ბოლომდე გაგრძელდება და გლობალურ ეკონომიკაში გაურკვევლობა შენარჩუნდება.