
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა
წლის განმავლობაში საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ მნიშვნელოვან ნეგატიურ მოვლენებს შორის იყო ე.წ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ამოქმედება, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2024 წლის ანგარიშში, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ე.წ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, სანდო არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, ზღუდავდა გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას.
ამასთან, ანგარიშის თანახმად, ადამიანის უფლებების მხრივ მნიშვნელოვან ნეგატიურ მოვლენებს შორის ასევე იყო „ე.წ. „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონი, რომელიც გამოხატვის გარკვეული ტიპების კრიმინალიზაციას ახდენდა, ასევე დაშინების, იძულებისა და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების კამპანია, რომელიც ზღუდავდა გამოხატვის თავისუფლებას, განსაკუთრებით ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.“
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ადამიანის უფლებების შესახებ მნიშვნელოვანი საკითხები მოიცავდა სარწმუნო ცნობებს: „წამების ან სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შესახებ; თვითნებური დაპატიმრებების ან დაკავებების შესახებ; გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლების სერიოზული შეზღუდვების, მათ შორის მოქალაქეებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და ძალადობის მუქარის, ჟურნალისტების უსამართლო დაპატიმრებების და სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ და ე.წ. გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონების შემაძრწუნებელი გავლენის შესახებ.“
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მთავრობამ ნაბიჯები გადადგა ადამიანის უფლებების დარღვევის ჩამდენ ზოგიერთ თანამდებობის პირთან დაკავშირებით გამოძიების ჩასატარებლად და დასასჯელად, თუმცა დაუსჯელობა პრობლემად რჩებოდა.
ამასთან, ანგარიშში საუბარია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე, კერძოდ, აღნიშნულია, რომ 2024 წელს რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონები, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის მიღმა რჩებოდა და დე ფაქტო ხელისუფლებას რუსული ძალები მხარს უჭერდნენ.
„რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონები ცენტრალური მთავრობის კონტროლის მიღმა რჩებოდა და დე-ფაქტო ხელისუფლებას რუსული ძალები უჭერდნენ მხარს. ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების შესახებ მნიშვნელოვანი საკითხები მოიცავდა სარწმუნო ცნობებს თვითნებური დაპატიმრებებისა და დაკავებების შესახებ. ორივე რეგიონში რუსეთის და დე-ფაქტო ხელისუფლებამ დაუსჯელად ჩაიდინა დარღვევები“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ანგარიშში საუბარია პრესის თავისუფლების საკითხზეც და ხაზგასმულია, რომ კონსტიტუცია და კანონი ითვალისწინებდა გამოხატვის თავისუფლებას, მათ შორის პრესისა და სხვა მედიის წარმომადგენლებისთვის, თუმცა, ჟურნალისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს მთავრობის მიერ გამოხატვის თავისუფლების პატივისცემასთან დაკავშირებით.
“ეს შეშფოთება ფოკუსირებული იყო მედია პლურალიზმისთვის გარემოსა და კანონმდებლობის გაუარესებაზე, ასევე ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობასა და ძალადობის მუქარაზე. „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონი, რომელიც 28 მაისს ამოქმედდა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და მედიას, რომლებიც დაფინანსების სულ მცირე 20 პროცენტს საზღვარგარეთიდან იღებდნენ, „უცხოური გავლენის ობიექტებად“ დარეგისტრირებას ავალდებულებდა. ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვები ასევე შეშფოთების საგანი იყო. არასამთავრობო ორგანიზაციები იუწყებოდნენ, რომ ჟურნალისტებზე უკანონო თვალთვალის შესახებ წინა სისხლის სამართლის გამოძიებები კვლავ განხილვის პროცესში იყო”, – აღნიშნულია ანგარიშში.