
შუამთობა არის პატარა მაგალითი, როგორი უნდა იყოს საქართველო, როგორ უნდა გადაეცემოდეს ტრადიციები, ღირებულებები, სიყვარული მომავალ თაობას-მიხეილ ყაველაშვილი
შუამთობა არის პატარა მაგალითი, როგორი უნდა იყოს საქართველო, როგორ უნდა გადაეცემოდეს ტრადიციები, ღირებულებები, სიყვარული მომავალ თაობას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა „შუამთობა 2025“-ის დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი დღესასწაულები შენარჩუნდეს, რათა მომავალმა თაობამ იცოდეს ტრადიციებისა და ღირებულებების შესახებ.
„ძალიან ბევრი სტუმარია და სასიხარულოა აქ ყოფნა. გილოცავთ შუამთობას, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია აქ თქვენთან ერთად ყოფნა. ეს მართლაც გამორჩეული და სახალხო დღესასწაული, რომელსაც საუკუნეებია ინარჩუნებს ჩვენი უძვირფასესი ხალხი, ზემო აჭარლები. მართლაც საამაყოა და მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რადგან ერთიანდება მთა და ბარი. აქ ვხედავ უხუცესებთან ერთად ძალიან ბევრ ახალგაზრდას. სწორედ ეს არის ტრადიციის გაგრძელება. ეს ნიშნავს, რომ საქართველო არასდროს გადაშენდება. შუამთობა არის პატარა მაგალითი როგორი უნდა იყოს საქართველო, როგორ უნდა გადაეცემოდეს ტრადიციები, ღირებულებები, სიყვარული, სიხარული მომავალ თაობას. ეს შერწყმა არის აქ წარმოდგენილი და მახარებს, რომ თქვენთან ერთად ვარ. ყველასთვის ძვირფასი დღესასწაულია. მინდა, რომ ჩვენ როგორც ხელისუფლებამ და მე, როგორც პრეზიდენტმა, ყველაფერი გავაკეთო, რომ ეს სიხარული გადამდები იყოს საქართველოსთვის. ჩვენი ვალია, რომ ასეთი დღესასწაულები შევუნარჩუნოთ მომავალ თაობას, იცოდნენ, საიდან მოვდივართ, რას ნიშნავს ქართველობა, ჩვენი ტრადიციები, სტუმარმასპინძლობა. სწორედ ამისთვის არსებობდნენ ჩვენი ძლიერი წინაპრები, რომ აქამდე მოიტანეს ეს სიყვარული, რომელიც ასეთი გადამდები და მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ და მინდა, რომ წარმატებული და გახარებული იყოს ზემო აჭარა და საქართველო. უფალი გფარავდეთ და გამარჯვებული იყოს საქართველო“, – განაცხადა ყაველაშვილმა.