
ვითხოვთ დროებით მთავრობას, რომელიც ჩაატარებს ახალ არჩევნებს -გიორგი ვაშაძე
რვა პუნქტიანი გეგმა არის მწყობრი, გააზრებული ნაბიჯების ერთობლიობა, როგორ მივაღწიოთ გამარჯვებას, მათ შორის – ვაახლებთ მოთხოვნას დროებითი მთავრობის შესახებ. ვითხოვთ დროებით მთავრობას, რომელიც ჩაატარებს ახალ არჩევნებს. თუ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ, საერთო ეროვნული მასშტაბით ვიწყებთ დაუმორჩილებლობის კამპანიას, – ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე წერილში წერს, რომელსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
გიორგი ვაშაძე 8-პუნქტიან გეგმას ასახელებს და მის გარშემო გაერთიანების მნიშვნელობაზე საუბრობს.
„რვა პუნქტიანი გეგმა არის მწყობრი, გააზრებული ნაბიჯების ერთობლიობა როგორ მივაღწიოთ გამარჯვებას. ფორმულა მარტივია, თუ ერთად ვიქნებით, გავიმარჯვებთ, რადგან ერთად მდგომ ქართველ ხალხს ივანიშვილის რეჟიმი ვერ დაუდგება წინ. დანარჩენი დროის საკითხია და ჩვენს მონდომებასა და აქტიურობაზეა დამოკიდებული.
ძალა ერთობაშია!
გამარჯვების 8 პუნქტიანი გეგმა: 1. ვერთიანდებით საერთო ბრენდის ქვეშ, ვერთიანდებით პოლიტიკური პარტიები, საზოგადოებრივი ჯგუფები და სალომე ზურაბიშვილი საერთო ბრენდის ქვეშ; 2. ერთიანობის ურღვეობისთვის ვთანხმდებით გადაწყვეტილებების მიღების წესზე. თუ კონსენსუსი ვერ მიიღწევა, გადაწყვეტილება მიიღება გაერთიანებაში შემავალი სუბიექტების უმრავლესობით; მიღებული გადაწყვეტილება სავალდებულოა ყველასთვის; 3. სოციოლოგიურ კვლევებში ვაფიქსირებთ დიდ უპირატესობას. მიზანია კვლევაში დიდი უპირატესობის დაფიქსირება – ამის ყველანაირი შესაძლებლობა გვაქვს გაერთიანების შემთხვევაში; ეს შეცვლის ხალხის განწყობას, გააჩენს ახალ მუხტს და აჩვენებს რეალურ ძალას, ალტერნატივას, რომელიც უფრო მეტია, ვიდრე „ქოცი“; 4. ვაახლებთ საერთო ეროვნულ კამპანიას. კამპანია მიმდინარეობს როგორც ონლაინ, ისე პირისპირ – თბილისში და რეგიონებში. მიზანია სპეციალურ აპში (სარეგისტრაციო პროგრამაში) მინიმუმ მილიონი მხარდამჭერის რეგისტრაცია. აპი გამოიყენება გადაწყვეტილებების მიღებაში ჩასართავად, შეტყობინებების და კოორდინაციისთვის; 5. ვნიშნავთ საერთო ეროვნულ შეკრებას. ვაორგანიზებთ და ვნიშნავთ მასშტაბურ შეკრებას – „მილიონი ქართველი”; გადამწყვეტი შეტევა შესაძლოა იყოს 4 ოქტომბერს;6. ვაახლებთ მოთხოვნას დროებითი მთავრობის შესახებ. ვითხოვთ დროებით მთავრობას, რომელიც ჩაატარებს ახალ არჩევნებს; 7. უკიდურესი ზომები უარის შემთხვევაში – თუ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ, საერთო ეროვნული მასშტაბით ვიწყებთ დაუმორჩილებლობის კამპანიას. სხვა ბევრი ნაბიჯები გვაქვს მოფიქრებული, რომლებსაც მოგვიანებით გაგაცნობთ; 8. ვანიშვნინებთ ახალ არჩევნებს, ვაიძულებთ ჩანიშნონ ახალი საპარლამენტო არჩევნები სამართლიანი წესებით; ახალ არჩევნებზე გაერთიანება გავდივართ საერთო ბრენდით, სახელით და დიდი უპირატესობით იმარჯვებს ქართველი ხალხი!“, – წერს გიორგი ვაშაძე.