
ბრიუსელის წერილი შეეხება უვიზო მიმოსვლის ანგარიშებს, რომელიც ყოველ წელს დგება დეკემბერში – აგვისტო წერილში არ არის ნახსენები, ზეპირად არის ნათქვამი, მაგრამ ფაქტია, რომ აწყობილია საარჩევნო კალენდარზე -შალვა პაპუაშვილი
ბრიუსელის წერილი შეეხება უვიზო მიმოსვლის ანგარიშებს, რომელიც ყოველ წელს დგება და ეს ხდება წესით დეკემბერში. ეს აგვისტო წერილში არ არის ნახსენები და ზეპირად არის ნათქვამი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს აწყობილია საარჩევნო კალენდარზე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, გარე ძალებს უნდათ, რომ აგვისტო-სექტემბერში, არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე მავნებლობა ჩაიდინოს ამა თუ იმ პოლიტიკურმა ჯგუფმა.
„ერთი რამე გავიხსენოთ ჩვენ, რომ ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების მცდელობა ყოველთვის იყო. მაშინ, როდესაც ჩვენ უვიზო მიმოსვლის შეთანხმება დავდეთ 2017 წელს, როდესაც ეს ყველაფერი ძალაში შევიდა, გახსოვთ, რომ მაშინ ეს ისტორია ჭორად დადიოდა და ეთაკილებოდათ ამის აღიარება, რომ „ნაციონალური მოძრაობის” წევრები როგორი დადიოდნენ სხვადასხვა კაბინეტში, რომ არ მოეცათ უვიზო მიმოსვლა. დღეს ამას საჯაროდ აკეთებენ, როგორც რადიკალური ოპოზიცია, ასევე, უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ები, რომ რამენაირად ამ მხრივ გარკვეული ბარიერები შექმნან.
სხვათა შორის 31 აგვისტო რომ ითქვა ბრიუსელიდან, საგარეო საქმეთა მინისტრისთვის მიწერილ წერილში ასეთი თარიღი ნახსენები არ არის და ანუ, ზეპირად გაცხადდა. არ ვიცი ეს თარიღი რას ეფუძნება და რატომ მაინც და მაინც აგვისტო, როცა ეს არის საპარლამენტო პაუზის და მითუმეტეს, არის წინასაარჩევნო პერიოდი. რატომ უნდათ მაინც და მაინც ცხელ ზაფხულში გვამუშაონ კანონებზე, ვერ ვხვდები, თავად დასვენება უნდათ და ალბათ ჩვენი გაწვალება უნდათ კანონებზე მუშაობით.
წერილი შეეხება უვიზო მიმოსვლის ანგარიშებს, რომელიც ყოველ წელს დგება. ჩვენ ყოველ წელს ვაწვდით ინფორმაციას სხვადასხვა კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რომელიც რელევანტურია უვიზო მიმოსვლისთვის და ეს ხდება წესით დეკემბერში. ეს აგვისტო წერილში არ არის ნახსენები და ზეპირად არის ნათქვამი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს აწყობილია საარჩევნო კალენდარზე. ამასაც ეტყობა რასთან გვაქვს საქმე, რომ აგვისტო-სექტემბერში, არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე მავნებლობა ჩაიდინოს ამა თუ იმ პოლიტიკურმა ჯგუფმა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.