
ჩვენ გვქონდა უკვე ბიომეტრიული პასპორტები, მოლდოვას, რომელსაც არაბიომეტრიულ პასპორტზე ე.წ. ჩიპი ჰქონდა უკანა გვერდზე „სკოჩით“ მიმაგრებული, უკმაყოფილებდნენ უვიზო რეჟიმის მოთხოვნას და ჩვენ გვეუბნებოდნენ, ჯერ არ ხარ მზადო – თეა წულუკიანი
ჭიდაობას ჰგავდა ეს ყველაფერი, როდესაც ბრიუსელი დიდად არ იჩენდა სურვილს იმისა, რომ საქართველოს მარტივად მიეღო უვიზო რეჟიმი, ხელისუფლება არ მოსწონდა და ამიტომ, თუ სხვა რაღაც მიზეზის გამო, ეს საუბრის და კვლევის თემაა, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამიძიებო კომისიის თავმდჯომარე თეა წულუკიანმა, კომისიის სხდომაზე, სადაც 2012-2025 წლებში ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ საქართველოს საგარეო პოლიტიკური ინტერესებისთვის ზიანის მიყენების საკითხი განიხილება.
წულუკიანის განცხადებით, საქართველო, უკრაინასა და განსაკუთრებით, მოლდოვაზე წინ იყო, მიუხედავად ამისა, მოლდოვას, რომელსაც „სკოჩით“ ჰქონდა ე.წ. ჩიპები ძველ პასპორტებზე მიკრული, უვიზო მიმოსვლის მოთხოვნას ბრიუსელი უკმაყოფილებდა, ამ ფონზე კი, ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს უცხადებდნენ, რომ ჯერ ვიზალიბერალიზაციისთვის მზად არ იყო.
„ერთ მაგალითს ვიტყვი. ჩვენ გვქონდა უკვე ბიომეტრიული პასპორტები, ახალი თაობის, არადა ბიომეტრიული პასპორტი არ არის მხოლოდ საბუთი, ამის უკან დგას მთელი სისტემა: მონაცემთა ბაზების, თანამედროვე ტექნოლოგიების და ა.შ. და ვიყავით ორივე ქვეყანაზე და განსაკუთრებით, მოლდოვაზე წინ. მოლდოვას უკმაყოფილებდნენ უვიზო რეჟიმის მოთხოვნას, რომელსაც ძველ, არაბიომეტრიულ პასპორტზე მაშინ, ე.წ. ჩიპი ჰქონდა უკანა გვერდზე „სკოჩით“ მიმაგრებული და ჩვენ გვეუბნებოდნენ, ჯერ არ ხარ მზადო. ასეთი მომენტებიც იყო მოლაპარაკებების მაგიდასთან, სადაც ყველაფერი მაგიდაზე დევს და მერე მიდის დავა, ვაჭრობა თუ მოლაპარაკება. ეს არის 2015-16 წლები“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.