
აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სახიფათო ომი დაიწყო – ირანის ლეგიტიმური უფლებაა, სრულად და მტკიცედ დაუპირისპირდეს აშშ-ის სამხედრო აგრესიას – ირანის საგარეო უწყება
აშშ-მა, ბირთვულ ობიექტებზე დარტყმით, ირანის წინააღმდეგ სახიფათო ომი დაიწყო, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.
„მსოფლიომ არ უნდა დაივიწყოს, რომ დიპლომატიური პროცესის შუაგულში სწორედ შეერთებულმა შტატებმა უღალატა დიპლომატიას. აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სახიფათო ომი დაიწყო“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყების მტკიცებით, აშშ-ის თავდასხმები გაერო-ს ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევაა და რომ „ამ საზარელი დანაშაულის მძიმე და სავალალო შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა“ აშშ-ის მთავრობას ეკისრება.
„ირანის ლეგიტიმური უფლებაა, სრულად და მტკიცედ დაუპირისპირდეს აშშ-ის სამხედრო აგრესიას და ამ არაკეთილსინდისიერი რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებს და დაიცვას ირანის ეროვნული უსაფრთხოება და ინტერესები ყველა საჭირო საშუალებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ირანის საგარეო უწყება მოუწოდებს გაერო-ს და მის სხვადასხვა ორგანოებს, მათ შორის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, რომ ,„სასწრაფოდ უპასუხონ უკანონობის ამ აშკარა და დანაშაულებრივ ქმედებას“.
უწყება გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიმართავს, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებული დარტყმების დაგმობის მიზნით საგანგებო სხდომა ჩაატაროს.