
ტრამპმა ვეტო დაადო ისრაელის გეგმას, რომელიც ირანის უმაღლესი ლიდერის ლიკვიდაციას ითვალისწინებდა – Reuters
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უახლოეს დღეებში ვეტოთი შეეწინააღმდეგა ისრაელის გეგმას, რომლის მიზანიც ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაცია იყო. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ს ორი ამერიკელი ოფიციალური პირი ანონიმურობის დაცვით ესაუბრა.
„ირანელებს ჯერ ამერიკელი არ მოუკლავთ, არა? სანამ ეს არ მოხდება, ირანის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე დარტყმაზე საუბარიც არ არის,“ – განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ, რომელიც მოქმედი ადმინისტრაციის მაღალჩინოსანია.
აშშ-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც ისრაელმა მასშტაბური სამხედრო ოპერაცია წამოიწყო ირანის ბირთვული პროგრამის შესაჩერებლად, ვაშინგტონი და თელავივი მუდმივ კონტაქტში არიან. მათი თქმით, ისრაელის მხარემ ამერიკელ პარტნიორებს აცნობა, რომ შეეძლოთ ირანის უმაღლესი ხელმძღვანელის ლიკვიდაცია, თუმცა ტრამპმა ამისგან თავი შეიკავა და გეგმა დაბლოკა.
ოფიციალური პირები არ აკონკრეტებენ, თავად ტრამპმა გადასცა ეს გზავნილი ისრაელს თუ არა, თუმცა ამბობენ, რომ ის რეგულარულ კონტაქტშია ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან.
როდესაც Fox News-ის ეთერში, გადაცემაში Special Report With Bret Baier, ჟურნალისტმა ნეთანიაჰუს Reuters-ის ინფორმაციაზე ჰკითხა, ისრაელის ლიდერმა უპასუხა:
„ძალიან ბევრი ყალბი ინფორმაცია ვრცელდება იმ საუბრებზე, რაც თითქოს შედგა, მაგრამ რეალურად არ ყოფილა, და ამ თემაში შესვლას არ ვაპირებ.“
ნეთანიაჰუმ დაამატა: „მე გეტყვით, რომ გავაკეთებთ იმას, რაც საჭიროა. და ვფიქრობ, ამერიკაც ზუსტად იცის, რა არის მისთვის უკეთესი.“